იარი (დაღესტნურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჲარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჲარ-ი || ერ-ი (ლეზგ. Яр || Эр) – საგაზაფხულო საველე სამუშაოებისა და ნაყოფიერების მფარველი აგრარული ბუნების ღვთაება დაღესტნელებში (ლეზგებში, თაბასარანელებში, რუთულებში). ლეზგები მისი სახელობის დღეობას, ე. წ. ჲარან სუვარს (Яран сувар – „ჲარის დღეობა“), აღნიშნავდნენ გაზაფხულის დღეღამსწორების დროს (22 მარტს), რაც ახალი სამეურნეო წლის დასაწყისზე მოდიოდა: საამდღისოდ აცხობდნენ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ საწესო ზოო- და ანთროპომორფულ პურებს; ღამით ანთებდნენ კოცონს, რომელზედაც, განწმენდის მიზნით, აუცილებლად უნდა გადამხტარიყვნენ; მოზარდები კოცონის გარშემო ე. წ. „დათვის ცეკვას“ (Севран кьуьл) ასრულებდნენ; აწყობდნენ საწესო მსვლელობას ლამპრებით; იცვამდნენ ახალ სამოსს; ხელებზე იხვევდნენ წითელ ძაფს (სამი დღე არ იხსნიდნენ, რათა მათთვის „ჲარის არ დაერტყა“), რომლითაც საქონლის რქებსა, კისერსა და კუდსაც ამკობდნენ; წითელ (უფრო ზუსტად, ყავისფერ) ხარს სოფლის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ; ყველა სადღეობო მოქმედება მიმართული იყო ჲარის გულის მოსაგებად, რათა მოსავლის ბარაქიანობა უზრუნველეყოთ.

გარდა აღნიშნულისა, ჲართან იყო დაკავშირებული ქორწილის შემდგომი ერთი ბაგვალური წეს-ჩვეულება: ქორწილიდან რამდენიმე დღეში ბავშვები ნეფე-პატარძლთან ან მათ მშობლებთან „ჲარი, ჲარი, ჲარიშო“-ს ძახილით მიდიოდნენ, სადაც მოზარდებს კაკლით, დაჩირებული ხილითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. რუთულელი ახალგაზრდები ერ-ის ამავე სახელწოდების დღეობაზე მთელი ღამე კარდაკარ დადიოდნენ და ყოველი ოჯახიდან მათთვის განკუთვნილ საჩუქრებს კრებდნენ, ხოლო დილით მთიდან თიხის ბურთებს აგორებნენ, ანთებდნენ კოცონს, რომელზედაც მოხუცებიც კი უნდა გადამხტარიყვნენ, თან ამბობდნენ: „ავადმყოფობა შენ, ჯანმრთელობა მე“, ან „სიმძიმე შენ, სიმსუბუქე კი მე“. დღეობის ღამეს ყოველ ოჯახში მზადდებოდა ტრადიციული კერძი, ე. წ. ტიზი (тIыз), რომელიც აუცილებლად შვიდ კომლში უნდა გაენაწილებინათ. დილით სოფლის მკვიდრნი თავიანთ უბნებში იკრიბებოდნენ და ერთმანეთს სადღესასწაულო კერძებით უმასპინძლდებოდნენ.

ეს ცერემონია სადილისთვის ჯამე-მეჩეთის ეზოში გრძელდებოდა; მომდევნო დღეს აღინიშნებოდა „პირველი ხნულის გავლების“ დღეობა, რომელშიც მთელი სოფელი მონაწილეობდა. ა. ბულატოვას აზრით, „ჲარი იყო მზის ღვთაება, რომელსაც შეეძლო თაყვანის არმცემი ხალხის დაღუპვა; წითელი ძაფი-ამულეტი მისი კულტის თაყვანისცემის სიმბოლოს წარმოადგენდა“. რ. სეფერბეკოვი, ერთმანეთს უდარებს რა ჩვენთვის საინტერესო თეონიმსა და თაბასარანელებში ცნობილი დემონოლოგიური პერსონაჟის „ჲარსელ“-ის სახელს, აგრეთვე, ორივე ზებუნებრივი ძალისთვის დამახასიათებელ „დარტყმის" უნარს, ასკვნის, რომ ჲარი არის პოლიფუნქციური (სოფლის მეურნეობისა, ოჯახისა და ქორწინების მფარველი) საერთოდაღესტნური ღვთაება, რომელიც ზოგან დემონის რანგში გადავიდა, რასაც თაბასარანული ჲარსელის მაგალითზე ვხედავთ.

ჲარ-ი (ჲარუ, ჲარუდი) ტერმინს ლეზგიურ ენაზე რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: „წითელი“, „ალისფერი“, „ელვარება“, „აისი“, „საყვარელი“, „შეყვარებული“. ამ ტერმინით აღინიშნება პერიოდი 22 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, ანუ, როგორც ლეზგები უწოდებენ, „ჲარის დღეები“ (Яран йикъар).


ლიტერატურა

  • Бадалов Ф. А. Астральная религия лезгин: Космогонические и антропогонические представления, пантеон божеств. М., 2006;
  • Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984;
  • Рамазанов Р. А. Мифические персонажи и их названия у рутульцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №17;
  • Сефербеков Р. И. Яр/Ярсель: к эволюции образа мифологических персонажей у народов Дагестана // Культурная жизнь Юга Росии. № 1 (44), 2012;
  • მისივე, Из мифологии лезгин самурской долины: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Инстимтута истории, археологии и этнографии. Махачкала. 2013, № 3;
  • Сефербеков Р. И., Караханов С. С. Мифологические персонажи лезгин Карчагской долины: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. 2015, № 1.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები