ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე - არქიმანდრიტი, მწერალი, კალიგრაფი, ბიბლიოფილი, „შესანიშნავი სახარების მკითხველი“, ორჯერ ყოფილა რუსეთში – 1817-1824 წწ. და 1825-1830 წწ. პეტერბურგში თეიმურაზ ბაგრატიონის დავალებით გადაწერა „ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნები“, ასევე გადაწერა მან ანდრია კრიტელის დიდნი გალობანი. რუსეთში ყოფნისას ტარასი დაუახლოვდა ქართველ ემიგრანტებს და მათთან ერთად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. მან თარგმნა „წიგნი თანამდებობათთვის სამრევლოთა მღვდელთასა“ (H 1213), რომელმაც დოსითეოს არქიეპისკოპოსის მაღალი შეფასება დაიმსახურა. სულ ტარასს რუსულიდან ნათარგმნი აქვს 13 წიგნი, მათ შორის: 1. ვრცელი კატეხიზმო სასწავლებლად ყრმათა, მოსკოვი 1827 წ., 2. სიტყუა მღუდელობისათვის წმიდისა იოანე ოქროპირისა, მოსკ. 1845 წ., 3. კანონნი წმინდისა გენადისნი, პეტერბურგი, 1847 წ., 4. სწავლანი ეფრემ ასური სა და დიდის ვასილისნი (A 1438), 5. ქრისტეანე, კეთილგონიერად მსჯელი შეურაცხებისათვის სოფლის ამაოებათასა (A 1438, I).

რუსეთში ტარასი გაეცნო გ. ავალიშვილის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილ 7 ხელნაწერს და მათგან ამოწერა 15 ანდერძი (A 1767). 1830 წ. თბილისში დაბრუნებული ტარასი 1832 წ. დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, მაგრამ გაამართლეს და გაათავისუფლეს. დასახლდა ქვათახევის მონასტერში, რომლის ბიბლიოთეკასაც შესწირა არა მხოლოდ თავის მიერ, არამედ მამის – სოლომონისა და ბიძის – დავით რექტორის მიერ გადაწერილი ხელნაწერებიც. აღსანიშნავია ტარასის მიერ გამოქვეყნებული ცნობები ქართულ მონასტერთა შესახებ.

ტარასს ბელეტრისტიკაშიც უცდია კალამი. მისი ნაწარმოები „ქუეყნიერი სამოთხე" ავტორის სიცოცხლეში დაიბეჭდა. მის მიერ ლამაზად მოხატული ცხოველებისა თუ ფრინველების გამოსახულებებით გაფორმებული ნახატი ასოები გრ. ტატიშვილმა გამოაქვეყნა 1892 წ. ალბომში „ქართული ანბანის თაიგული“.

დაკრძალულია ქვათახევის მონასტერში. ტარასს გადაწერილი აქვს 35 ხელნაწერი. მათ შორის: საგალობელთა კრებული 1855 წ. (A 1430), ეფრემ ასური, წერილნი სულიერ-ყოფაქცევითნი 1858 წ. (A 1438].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები