კარიერა როზალბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა როზალბა კარიერა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზალბა კარიერა. დორსეტის მე-2 ჰერცოგი, ჩარლზ სექვილი, 1730; პასტელი, ქაღალდი, 63.5X48.3 სმ. კერძო კოლექცია

როზალბა კარიერა – XVIII საუკუნის პირველი ნახევრის წამყვანი ვენეციელი მხატვარი (Rosalba Carriera, 1675-1757). მდიდარი ევროპელები საკუთარ პორტრეტებს განსაკუთრებით ხშირად მას უკვეთავდნენ.

კარიერა უმთავრესად პასტელით მუშაობდა. პასტელი, ზეთის საღებავებისგან განსხვავებით, რომლის გაშრობაც გარკვეულ დროს საჭიროებს, განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო ქალაქში მცირე დროით ჩასული დამკვეთებისთვის. პასტელი სწრაფი და მრავალმხრივი ეფექტის მქონე მასალაა. მისი საფუძველი ცარცში შერეული პიგმენტია, შემაკავშირებელად კი ცოტაოდენი წყლის წებო გამოიყენება. პასტელით სწრაფი, სპონტანური ჩანახატების შესრულებაა შესაძლებელი, ხოლო ქაღალდის ზედაპირზე გადასმა-შელესვისას კი, გაპრიალებული ზედაპირით ის სრულიად დასრულებულ გამოსახულებას იძლევა.

სანამ ფერმწერი პორტრეტისტი გახდებოდა, კარიერა მაქმანების ესკიზებსა და საბურნუთეების სპილოს ძვლის თავსახურებზე მინიატურულ პორტრეტებს ასრულებდა. მისმა პორტრეტებმა ისეთი საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, რომ 1705 წელს მხატვარი რომის წმ. ლუკას აკადემიის საპატიო, ხოლო, მოგვიანებით, ფლორენციისა და ბოლონიის აკადემიების ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1720 წელს პარიზში მოგზაურობისას კარიერამ პასტელით ახალგაზრდა ლუი XV-ს პორტრეტი შეასრულა. ამის გამო, 1706 წელს შემოღებული წესის მიუხედავად, რომელიც აკადემიაში ქალების მიღებას კრძალავდა, კარიერა მხატვრობისა და ქანდაკების სამეფო აკადემიის წევრად მიიღეს. 1721 წელს იტალიაში დაბრუნების შემდეგ, როზალბა კარიერა ვენეციაში მკვიდრდება და ახალგაზრდა წარმოსადეგი მამაკაცების პორტრეტების შესრულებით იხვეჭს სახელს. ასეთია, მაგალითად, ბრიტანელი არისტოკრატის დორსეტის მე-2 ჰერცოგის, ჩარლზ სექვილის პორტრეტი.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები