მამებისა და შვილების ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამათა და შვილთა ბრძოლა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟურნალ „ცისკრის“ რედაქცია (1857-1860წწ.)

მამებისა და შვილების ბრძოლა — XIX ს. 60-70-იან წლებში ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ძველსა და ახალ თაობებს შორის გაშლილი პაექრობა, რომლის არსებას შეადგენდა ცხოვრების პატრიარქალურ-ფეოდალური წესის, კულტურის, მწერლობის გაქვავებული ფორმების დამცველთა — „მამების“ — და ცხოვრების, კულტუარის განახლებისკენ თავგადადებულად მიმსწრაფი ახალი თაობის — „შვილების“ - შეურიგებელი დაპირისპირება. ეს დაპირისპირება უმთავრესად ლიტერატურის სფეროში გამოვლინდა, მაგრამ ფაქტიურად მოიცავდა მსოფლმხედველობის ყველა სფეროს.

პაექრობა თავდაპირველად გაიშალა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე, რომელიც 60-იანი წლებისთვის ვეღარ პასუხობდა თანადროულობის მოთხოვნებს, რადგან მისი მესვეურნი — უფროსი თაობის წარომადგენელნი ვერ გაერკვნენ ცხოვრების მიერ მოტანილ ცვლილებებში სხვა ბეჭდვითი ორგანოს უქონლობის გამო ახალი თაობის წარმოადგენლებიც (თერგდალეულები) აქვე აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწერებს. მათ სწამდათ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა დამყარების აუცილებლობა და თავის მოღვაწეობასაც აქეთკენ მიმართავდნენ. ამდენად, პოლემიკა განსხვავებული მრწამსის თაობებს შორის გარდაუვალი იყო. ამ პოლემიკას დასაბამი მისცა ი. ჭავჭავაძის ცნობილმა წერილმა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“ („ცისკარი“, 1861). ამ წერილში ი. ჭავჭავაძემ უარყო „მამათა“ თაობის საყვარელი კლასიცისტურ-სანტიმენტალისტური მწერლობის ტრადიციები და ანტონ კათალიკოსის მიერ აღორძინებული „სამი სტილის“ თეორია, საჭიროდ მიიჩნია ქართული ენის გაწმენდა, დრომოჭმული ფორმების უკუგდება და უფუნქციო ასოების (ჳ, ჵ, ჲ, ჴ, ჱ) გაუქმება. ამასთან, ეს იყო დემოკრატიული იდეოლოგიის საბრძოლო პროგრამის წამოყენებაც. ი. ჭავჭავაძის სტატიას მოჰყვა მთელი რიგი პოლემიკური წერილებისა (ექვთიმე წერეთლის, ბარბარე ჯორჯაძის, გ. ბარათაშვილის, რევაზ ერისთავის), რომლებშიც „მამები“ იცავდნენ თავიანთ პოზიციებს. თავის მხრივ, „შვილებმაც“ არ დააყოვნეს გამოპასუხება (კ. ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთ. წერეთელს“, გ. წერეთლის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერელის გორისელის სტატიაზედ“, ა. წერეთლის „ახირებული ფურცელი“).

თაობათა შორის ბრძოლა გაგრძელდა „საქართველოს მოამბის“ გამოსვლის შემდეგ, უფრო მწვავე ხასიათი მიიღო 70-იან წლებში. საამდროოდ გამოაქვეყნა გრიგოლ ორბელიანმა ცნობილი „პასუხი შვილთა“, რომელშიც ახალ თაობას საყვედურობდა ცრუ ლიბერალიზმს, ენის წახდენას, უწიგნურობას. ამ „პასუხს“ დაუყოვნებლივ გამოეხმაურენ ი. ჭავჭავაძე („პასუხის პასუხი“) და ა. წერეთელი („ფარშავანგი“, „ხარაბუზა გენერალი“).

„მამებისა და შვილების“ ბრძოლა, რომელიც დაკავშირებული იყო დემოკრატიულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან, ახალ ფილოსოფიურ-ესთეტიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან, მწერლობაში რეალიზმის განმტკიცებასთან, სალიტერატურო ენის განახლებასთან, სამოციანელთა გამარჯვებით დასრულდა.

ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, 1962;
  • ვ. კოტეტიშვილი, რჩეული ნაწერები 1965;
  • ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, წიგ. I, 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები