ბერეთელი ნუკრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კვიჟინაძე ნოდარ-დან)
ბერეთელი ნუკრი − (1981), ნამდვილი სახელი და გვარი − ნოდარ კვიჟინაძე. ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ბერეთისაში (ჭიათურა). 1999 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე. 2003 წელს დაიცვა ბაკალავრის ხარისხი. 2004 წლიდან მუშაობს „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში”. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ჩიხი” (2012).
- მარტის (უმარტო) ლექსი
- ვწევარ. კარს ზურგით აწვება ქარი
- და ხველას ლადოს ლექსებით ვირჩენ.
- ამაღამ თუკი ვერ მომისწარი,
- დილამდე იქნებ ვერც გადაგირჩე.
- მკერდში ისეთი დოღია ახლა,
- ლაგამაწყვეტილ, ურა რაშების,
- შენს შიშველ მხრებზე ნისლივით თალხად
- გავიშლები და ნელა ავშრები.
- მთებივით ახლოს რომ მაინც მყავდე...
- ყოველ რიჟრაჟზე მთამსვლელურ ჟინით
- ამოვყვებოდი შენს თვალთმაქც ავდრებს,
- შენს ვნების ბორცვზე ამავალ ბილიკს,
- მოვედებოდი ძუძუ-მკერდს ხანძრად,
- მარტის კვირტივით დაბერილ კერტებს...
- და ცამდე ასულს ზვავივით დამძრავს
- გრძნობა, რომელსაც სხეულში ვერ ვტევ.
- და გვალე-გვალე მიწისკენ მქროლავს
- შენი ღიმილი თუ ამყრის ფარ-ხმალს,
- შენი ბავშვივით უმანკო წოლა,
- შენი წვივების სიცელქის ნახვა.
- და სანამ ვნების მინავლულ კოცონს
- ისევ აანთებ თვალების ფშვნეტით,
- მაგ ყელზე ტკბილად მივნაბდავ კოცნებს,
- რომ კიდევ ერთხელ ვიწამო ღმერთი.