ბახი თომას
თომას ბახი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2013 წლიდან).
თომას ბახი დაიბადა 1953 წლის 29 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ვიურცბურგში. უმაღლესი იურიდიული განათლებაც იქაურ უნივერსიტეტში მიიღო. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.
ახალგაზრდობაში წარმატებით მისდევდა ფარიკაობას და 19701980იან წლებში გფრს ნაკრების ღირსებას იცავდა. მისთვის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის გუნდთან ერთად მოპოვებული ვერცხლის მედალი. შემდგომ წლებში მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა და ბრინჯაოს მედალიც მიიღო, ყველაზე დიდ სპორტულ წარმატებას კი მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე რაპირით გუნდური ჩემპიონობით მიაღწია.
აქტიური სპორტული ცხოვრების დასრულების შემდეგ თომას ბახი ბიზნესის და სპორტის ფუნქციონერის კარიერას შეუდგა. 1981 წელს ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ათლეტთა კომისიის დამფუძნებელი წევრი გახდა, მომდევნო წელს კი გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 1991 წელს თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს, 5 წელიწადში სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მოგვევლინა, 2000 წელს კი ვიცეპრეზიდენტად.
თომას ბახის დიდი ძალისხმევით, 2006 წელს გერმანიის სპორტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ ქვეყნის სპორტის კონფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შერწყმით შეიქმნა გერმანიის ოლიმპიური სპორტის კონფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტად სწორედ ბახი აირჩიეს. გარდა ამისა, ის იყო 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის საბჭოს და 2011 წლის ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი.
წლების განმავლობაში სპორტულ სამყაროში აღიარებისა და ნდობის დამსახურებით, 2013 წელს ბახი სოკის პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატთა შორის დასახელდა. 10 სექტემბერს ბუენოს აირესში, სოკის 125ე სესიაზე თომას ბახი ხმათა უმრავლესობით ორგანიზაციის მეცხრე პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, ბახი გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ვისაც წილად ხვდა სოკის პრეზიდენტობის პატივი.
ახლადარჩეულმა სოკის პრეზიდენტმა მიზნად დაისახა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის საგანაცხადო წესებში ცვლილებების შეტანა. მისი აზრით, საგანაცხადო პროცესი „ძალზე ბევრს და ძალიან ადრე“ ითხოვდა. აუცილებელი გახდა რეფორმების გატარება. შედეგად, 2014 წელს მონაკოს 127-ე სესიაზე მიიღეს რეფორმების სქელტანიანი კრებული, რომელიც ცნობილია, როგორც „დღის წესრიგი 2020“.
ამის შემდეგ, თომას ბახის აქტიური მხარდაჭერით მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: 2017 წელს, სოკის სესიაზე ერთდროულად აირჩიეს ორი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი: 2024 პარიზი, 2028 ლოს ანჯელესი. ეს არის პირველი ამგვარი შემთხვევა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
სოკის მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივით გადაიდგა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს დროებით დაემატა 5 ახალი სახეობა, იმავდროულად საგრძნობლად შეიზღუდა სპორტის ცალკეულ სახეობებში მონაწილე სპორტსმენთა საერთო რაოდენობა. გენდერული ბალანსის დასაცავად, თამაშების პროგრამაში შევიდა ახალი სპორტული დისციპლინები, მათ შორის შერეული გუნდების მონაწილეობით.
თომას ბახის მმართველობის წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა ბრძოლა დოპინგის წინააღმდეგ. დაიწყო პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების დოპინგსინჯების მასობრივი გადამოწმება ახალი ტექნოლოგიებით, დოპინგის მიღებაში ამხილეს და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს ასეულობით სპორტსმენს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სწორედ დოპინგსკანდალის გამო, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვეს რუსეთის ოლიმპიელთა ნაწილი, 2018 წლის ზამთრის თამაშებში კი რუს სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური დროშით გამოსვლის უფლება მისცეს. ამასთან, რუსეთის ეოკ-ს დროებით შეუჩერეს სოკ-ის წევრობა. მიუხედავად ამისა, თომას ბახს მწვავედ აკრიტიკებდნენ რუსეთის მიმართ გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულების და იმის გამო, რომ სანქციები ანტისადოპინგო წესების დარღვევის მასშტაბების პროპორციული არ იყო.
თომას ბახს სოკის პრეზიდენტის პოსტზე რვაწლიანი უფლებამოსილება 2021 წელს ეწურება. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, მას შეუძლია კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი, ამჯერად 4 წლის ვადით.