დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიდი ატენის ნათლისმცემელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ დიდი ატენის სამხრეთით მდებარე პატარა ხეობის ტყიან ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

1980 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწ. გაერთიანებამ შეაკეთა შენობა (ხელმძღვანელი დ. ჭიკვაიძე) გაამაგრა ეკლესიის მოხატულობა.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ლავგარდანი თაროსებრია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესიის მოხატულობა

ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფერადოვანი ლაქები შეიმჩნევა კამარაში, სარკმლის ჭრილში, შესასვლელის ლუნეტში. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში დარბაზის კედლებზე. საკურთხევლის მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფა. პირველ რეგისტრში (კონქში) წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია გავრცობილი სქემისაა: მთავარი პერსონაჟების გარდა, გამოსახულია ექვსფრთედები და ანგელოზები. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია მოციქულები. მესამე რეგისტრში გარჩევა ეკლესიის მამათა მოწითალო-აგურისფერი აბრისები. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით.

დარბაზის კედლებზე დარჩენილია სიუჟეტურ კომპოზიციათა ფრაგმენტები: სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - ხარება; ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, პეიზაჟის ფონზე - ანგელოზის ფიგურა. კამარაში კომპოზიციები გაყოფილია ვიწრო ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ლაჟვარდოვანი ცისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ოქროსფერი ოქრა. ამჟამად წმინდანთა სახეების და ფონის ტონი ჩაშავებულია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები