დეპრესიული ეპიზოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დეპრესიული სინდრომი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესიული სინდრომი - (F32), (depressive episode) დეპრესიული ეპიზოდის კლინიკური მახასიათებლები განსხვებულია და მათი დაყოფა სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. ის, თუ რა წარმოადგენს კლინიკური დეპრესიის „ეპიზოდს“, გარკვეულწილად, საკამათო საკითხია. „დეპრესიული ეპიზოდის“ ICD-10 კლასიფიკაციის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და სიმწვავის სხვადასხვა დონეები მოცემულია ცხრილში 1.1 ცხრილი 1. 2 გვიჩვენებს „დეპრესიული ეპიზოდის“ DSM IV-ს კლასიფიკაციის კრიტერიუმებს.

სარჩევი

„დეპრესიული ეპიზოდის” დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-10 კლასიფიკაციის მიხედვით

ცხრილი 1.1 „დეპრესიული ეპიზოდის” დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-10 კლასიფიკაციის მიხედვით
A
  • გუნებ-განწყობის დაქვეითება
  • ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა
  • ენერგიის დაქვეითება და აქტივობების შემცირება
B
  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
  • თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება
  • თვითბრალდებისა და თვითდამცირების იდეები
  • პესიმისტური ფიქრები
  • თვითდაზიანების იდეები
  • ძილის დარღვევა
  • მადის დაქვეითება.
მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი A და ორი B სიმპტომი
ზომიერი (საშუალო სიმძიმის) დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი A და სამი B სიმპტომი
მძიმე დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა A და მინიმუმ ოთხი B სიმპტომი. კლასიფიკაციაში ასევე გათვალისწინებულია სიმპტომების სიმწვავე და ფუნქციური გაუარესება.

დიდი დეპრესიული ეპიზოდის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - DSM-IV

ცხრილი 1.2 დიდი დეპრესიული ეპიზოდის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - DSM-IV
არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ მოცემული ხუთი (ან მეტი) სიმპტომი და უნდა აღინიშნოს ცვლილებები ადრეულ ფუნქციონირებასთან შედარებით. აუცილებელია ორიდან ერთ-ერთის არსებობა: ა) დაქვეითებული გუნებ-განწყობა ან ბ) ინტერესების ან სიამოვნების მიღების

უნარის დაკარგვა

1. დაქვეითებული გუნებ-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ან გარშემომყოფთა ობიექტური დაკვირვებით (მაგ., მოვიდა ცრემლიანი თვალებით) ვლინდება
2. ინტერესების შეზღუდვა და სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება ყველა ან თითქმის ყველა საქმიანობისას, მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე (რაც ვლინდება, როგორც სუბიექტური ჩივილით, ასევე სხვების დაკვირვებითაც)
3. წონის მნიშვნელოვანი კლება დიეტის გარეშე ან წონაში მატება (მაგ., საერთო წონის 5%-ზე მეტის ცვლილება თვის განმავლობაში); მადის მომატება ან დაქვეითება თითქმის ყოველდღე.
4. ინსომნია ან ჰიპერსომნია თითქმის ყოველდღე
5. ფსიქომოტორული შეკავება ან პირიქით - აჟიტაცია. (მოუსვენრობის ან შენელების არა მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებაა, არამედ თვალსაჩინოა გარშემო მყოფთათვისაც
6. ადვილად დაღლა და ანერგია თითქმის ყოველდღე
7. თვითშეფასების დაქვეითება ან შეუსაბამო, ან გაზვიადებული თვითბრალდების განცდა (შეიძლება იყოს ბოდვითი იდეებიც) თითქმის ყოველდღე (არა უბრალოდ თვითბრალდება ან ავადმყოფობის გამო საკუთარი თავის დადანაშაულება)
8. ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის ან თვითრწმენის დაქვეითება თითქმის ყოველდღე (სუბიექტური ჩივილი ან გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე)
9. პერიოდული ფიქრები სიკვდილზე (არა უბრალოდ სიკვდილის შიში), განმეორებადი სუიციდური აზრები კონკრეტული გეგმისა ან მცდელობის გარეშე, ან დაგეგმილი სუიციდი

ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი

ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებგანწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, პესიმისტური ფიქრები და ფიზიკური სისუსტე. ყოველივე ეს იწვევს სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებას.

გარეგნობა

ავადმყოფს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩაცმულობა და ვარცხნილობა შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, დამახასიათებელია ჩამოწეული ტუჩის კუთხეები და ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის (შუბლი შეჭმუხნულია). თვალების ხამხამი შესაძლოა შემცირებული იყოს. მხრები ჩამოვარდნილია და თავი ისეა დახრილი, რომ მზერა ქვემოთ არის მიმართული (თავჩაქინდრული და თვალებდახრილია). ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, მიუხედავად ღრმა დეპრესიისა, ზოგიერთი პაციენტი სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს.

გუნებ-განწყობა

ავადმყოფი საკმაოდ სევდიან გუნებ-განწყობაზეა. განწყობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება არც ისეთ გარემოებაში, როდესაც წუხილი შეიძლება შემსუბუქდეს, მაგ., სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნა ან კარგი ამბის გაგება. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი მოწყენილობისაგან განსხვავებულად განიცდება. ზოგჯერ ავადმყოფები საუბრობენ შავ ღრუბელზე, რომელიც თან ახლავს ყველა გონებრივ აქტივობას. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს უნარი, დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც შენიღბოს განწყობის ცვლილება გარშემომყოფთათვის. ზოგიერთი უხასიათობას ექიმთან გასაუბრების დროსაც ოსტატურად მალავს, რაც დიაგნოზის დასმას კიდევ უფრო ართულებს. გუნებ-განწყობა დილას უფრო დაქვეითებულია, როდესაც ავადმყოფი იღვიძებს, ხოლო შემდეგ, დღის განმავლობაში, ის გარკვეულწილად, უმჯობესდება. აღნიშნულ მოვლენას გუნებ-განწყობის დღე-ღამური მერყეობა ეწოდება.

დეპრესიული შემეცნება

ნეგატიური ფიქრები („დეპრესიული შემეცნებ“) მნიშვნელოვანი სიმპტომებია, რომელთა დაყოფა შესაძლებელია სამ ჯგუფად:

  1. უღირსობის განცდა,
  2. პესიმიზმი,
  3. თვითბრალდება და თვითდადანაშაულება.

უღირსობის განცდის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ, რასაც აკეთებს, არაფერი გამოსდის და რომ სხვებიც უვარგისად მიიჩნევენ მას. მას აკლია თავდაჯერებულობა და უგულებელყოფს ნებისმიერ წარმატებას, რადგან მის მიღწევაში საკუთარ დამსახურებას ვერ ხედავს. პესიმისტური ფიქრები ეხება სამომავლო გეგმებს. პაციენტი ყველაზე უარესს მოელის. იგი მომავალში ხედავს მხოლოდ წარუმატებლობას სამსახურში, ფინანსურ კრიზისს, უბედურებას ოჯახში და საკუთარი ჯანმრთელობის გარდაუვალ გაუარესებას. ამ ტიპის უიმედობის განცდას თან ახლავს ფიქრი, რომ სიცოცხლე არაფრად ღირს და სიკვდილი მხოლოდ შვების მომგვრელი იქნება. ამან პიროვნება შეიძლება სუიციდურ აზრებამდე ან გეგმებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია პაციენტი გამოვკითხოთ, რათა დავადგინოთ ამ აზრების არსებობა.

თვითბრალდება ხშირად გაზვიადებული, მიზეზთან შეუსაბამო დანაშაულის განცდაა, მაგ,. პაციენტს შესაძლოა დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს მის მიერ წარსულში ვინმეს მოტყუების ან განაწყენების გამო. ჩვეულებრივ, პაციენტებს მსგავსი ამბები არ ახსოვთ წლების მანძილზე და ახსენდებათ მხოლოდ დეპრესიის დროს, რასაც თან ახლავს ინტენსიური ემოცია. ასეთი ვითარება პირდაპირ მიგვითითებს დეპრესიულ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ბრალეულობის განცდა წარსულში მომხდარი კონკრეტული მოვლენის არსებობის გარეშე. სხვა ტიპის მოგონებები უკავშირდება უიღბლო/უბედურ ფაქტებს; პაციენტი იხსენებს სევდიანი შემთხვევებს, როდესაც არ გაამართლა სხვისი მოლოდინი ან, როცა იღბალმა უმტყუნა. დეპრესიის გაღრმავების პარალელურად სევდიანი მოგონებები სულ უფრო ხშირი ხდება. პაციენტი თავს იდანაშაულებს დათრგუნულობისა და უუნარობის გამო და ამას პიროვნულ ნაკლოვანებებსა და მორალურ სისუსტეს მიაწერს (ხშირ შემთხვევაში ამ აზრს სხვები არ იზიარებენ).

მიზანმიმართული საქციელი

ინტერესთა სფეროს შეზღუდვა და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება (ცნობილია, როგორც ანჰედონია) დამახასიათებელია დეპრესიისთვის, თუმცა პაციენტი ყოველთვის არ ამჟღავნებს ამ ჩივილებს. მას არ აქვს ენთუზიაზმი გააკეთოს ის, რაც ჩვეულებრივ მოსწონდა. იგი კარგავს ცხოვრებისა და ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესსა და ხალისს. ხშირ შემთხვევაში ცდილობს, განერიდოს საზოგადოებას. ენერგიის შემცირებაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელი ნიშანია (თუმცა ხანდახან გამოიხატება ფიზიკური მოუსვენრობით და შეცდომაში შეჰყავს დამკვირვებელი). პაციენტი ხდება ლეთარგიული, დიდი ძალისხმევა სჭირდება ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად და უჭირს დაწყებული სამუშაოს დასრულება. მაგალითად, ჩვეულებრივ, სისუფთავის მოყვარული პიროვნება ამ დროს არ ალაგებს საწოლს ან ჭუჭყიან თეფშებს ტოვებს მაგიდაზე. სახლის გარეთ მუშაობა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. გასაგებია, რომ ბევრი პაციენტი ასეთ მდგომარეობას ფიზიკურ ავადმყოფობას უკავშირებს.

ფსიქომოტორული დარღვევები

ფსიქომოტორული შენელება, ასევე, ჩვეულებრივი მოვლენაა (თუმცა, როგორც შემდგომ იქნება აღწერილი, ზოგიერთი პაციენტი თავს უფრო აჟიტირებულად გრძნობს, ვიდრე შენელებულად). შენელებული პაციენტი მოძრაობს და მოქმედებს ნელა. პაციენტთან საუბრისას აშკარად ჩანს აზროვნების შენელება; კითხვაზე პასუხის გაცემის დრო გახანგრძლივებულია, საუბრისას აკეთებს არაბუნებრივად გაწელილ პაუზებს. აჟიტაცია არის პაციენტის მოუსვენარი მდგომარეობა, რასაც იწვევს მოდუნების უუნარობა და გარშემომყოფთა მიერ აღიქმება, როგორც მოუსვენრობა. მსუბუქი ფორმა ვლინდება იმით, რომ პაციენტი მოუსვენრად ათამაშებს თითებს ან ვერ აჩერებს ფეხებს. მწვავე შემთხვევებში პაციენტს არ შეუძლია ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა და დადის წინ და უკან.

ბიოლოგიური სიმპტომები

ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომთა ჯგუფი, რომლებსაც ხშირად „ბიოლოგიურს” (ასევე „მელანქოლიურ”, „სომატურს” და „ვეგეტატურს”) უწოდებენ. ეს სიმპტომები მოიცავს: ძილის დარღვევებს, გუნებ-განწყობის დღეღამურ მერყეობას, მადის დაკარგვას, წონაში კლებას, ყაბზობას, ლიბიდოს დაქვეითებას და ქალებში ამენორეას (სქესობრივად მომწიფებულ ქალებში ციკლის არქონას). ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირია, ოღონდ, გარდამავალი ხასიათის საშუალო სიმძიმის დეპრესიული აშლილობის დროს.

ძილის დარღვევა

ძილის დარღვევა დეპრესიის დროს შესაძლოა რამდენიმე ტიპის იყოს. ყველაზე სახასიათო დილით ადრე გაღვიძებაა, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ჩაძინების გაძნელება და ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძებაც. დილით ადრე გაღვიძება გულისხმობს, რომ პაციენტი ხშირად იღვიძებს გამთენიისას, ჩვეულებრივზე 2-3 საათით ადრე. ამის შემდეგ უკვე აღარ ეძინება, წევს ფხიზლად, აქვს შფოთვის, მოუსვენრობისა და გამოუძინებლობის განცდა. იგი გათენებული დღის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, დანაღვლიანებულია წარსულში განცდილი წარუმატებლობების გამო და მომავალს დამწუხრებული ელის. დიაგნოზის დასმისას სწორედ ეს კომბინაცია არის მნიშვნელოვანი - ადრე გაღვიძება დეპრესიულ ფიქრებთან ერთობლიობაში. აღსანიშნია ისიც, რომ ზოგი დეპრესიაში მყოფი პაციენტი ზედმეტი ძილის შემთხვევაშიც თავს გამოუძინებლად გრძობს.

წონაში კლება

წონაში კლება უფრო მეტია, ვიდრე დეპრესიული მდგომარეობით განპირობებულმა მადის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ვითარება საპირისპიროა - პაციენტებს უძლიერდებათ მადა და წონაშიც საგრძნობლად იმატებენ. ხშირად საკვების მიღება დროებით აყუჩებს დარდს.

სომატური ჩივილები

დეპრესიული აშლილობის დროს ხშირია სომატური ჩივილებიც. ფიზიკური სიმპტომები მრავალგვარია, თუმცა განსაკუთრებით დამახასიათებელია: ყაბზობა, ადვილად დაღლა და ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მატულობს უკვე არსებულ ფიზიკურ დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები და თავს იჩენს იპოქონდრიული ფიქრები.

სხვა ნიშნები

დეპრესიული აშლილობის დროს შესაძლოა, რამდენიმე სხვა სიმპტომმაც იჩინოს თავი და ძირითად კლინიკურ სურათში ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს. ესენია: დეპერსონალიზაცია, აკვიატებული აზრები, პანიკური შეტევა და დისოციაციური აშლილობების სიმპტომები, როგორიცაა: ფუგა ან პარეზი და კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. ხშირია ჩივილები მეხსიერების დაქვეითებაზეც; დეპრესიული პაციენტები, როგორც წესი, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებს ცუდად ასრულებენ, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ ახლო წარსულში დასწავლილი მასალის აღდგენა და გახსენება უჭირთ. ზოგჯერ დეპრესიული პაციენტის მეხსიერება იმდენადაა დაქვეითებული, რომ კლინიკური სურათი დემენციას ემსგავსება. ასეთ მდგომარეობას, რომელიც უფრო ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება, დეპრესიულ ფსევდოდემენციასაც უწოდებენ.



იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები