მხატვრული ცურვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბალეტი წყალზე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მხატვრული ცურვა

მხატვრული ცურვა (2018 წლამდე - სინქრონული ცურვა). საწყალოსნო სპორტის სახეობა. ინდივიდუალური, დუეტების, შერეული დუეტების და ჯგუფური შეჯიბრება წყალში აკრობატული ვარჯიშების შესრულებაში სავალდებულო და ნებისმიერი პროგრამით, მუსიკის თანხლებით.

სარჩევი

ისტორია

წყალზე თამაშები და მოცურავეთა სადღესასწაულო „საწყალოსნო ბალეტი“ ჯერ კიდევ საბერძნეთსა და რომში იმართებოდა. მხატვრულ ცურვას, როგორც სპორტის სახეობას, საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მიწურულს, როცა ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში შეიქმნა ე.წ. ფიგურულ მოცურავეთა კლუბები. XX საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.

წარწერის ტექსტი

პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1945). საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1952 წელს: XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი) დღეებში გამართულ ცურვის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მხატვრული ცურვა სპორტის ახალ, პერსპექტიულ სახეობად აღიარეს და შესაბამისი კომიტეტიც შექმნეს. იქვე მოეწყო პირველი საჩვენებელი გამოსვლა ამერიკელი სპორტსმენების მონაწილეობით.

პირველი ევროპული საერთაშორისო შეჯიბრება 1958 წელს გაიმართა ჰოლანდიაში 9 ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით. მალე ასეთივე ტურნირები მოეწყო გერმანიასა (1959) და ავსტრიაში (1963), 70-იანი წლებიდან კი ჩრდილოამერიკულ შეჯიბრებებში ჩაებნენ კანადის, მექსიკასა და კუბის სპორტსმენები. მხატვრული ცურვის შემდგომი სწრაფი განვითარება განაპირობა მსოფლიოს და კონტინეტურმა ჩემპიონატებმა.

1980 წელს სოკ-ის სესიაზე მხატვრული ცურვა ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და ლოსანჯელესის (1984) თამაშების პროგრამაში ჩართეს. ამერიკელმა ტრეისი რუისმა (აშშ) ჯერ ერთეულებში გაიმარჯვა, მეორე ოქროს მედალი კი წყვილებში მოიპოვა ქენდი კოსტისთან ერთად. მედლების 2-2 კომპლექტი გათამაშდ მომდევნო ორ ოლიმპიადაზეც, ატლანტაში (1996) კი პროგრამა მთლიანად შეცვალეს და მასში მხოლოდ ჯგუფური ვარჯიში შეიტანეს. სიდნეის (2000) თამაშებიდან მოყოლებული, ოლიმპიადების პროგრამაში 2 დისციპლინა შედის.

მხატვრული ცურვა საქართველოში

ნატალია მამუკი

საქართველოში მხატვრული (სინქრონული) ცურვა პირველად იხილეს 1978 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საწყლოსნო კომპლექსის („ლაგუნა ვერე“) გახსნის ცერემონიალზე, როცა მოსკოველმა მოცურავეებმა თეატრალიზებულ-სპორტული სანახაობა წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ მოსკოველები კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში და საჩვენებელი გამოსვლები გამართეს. ამ სახეობით სერიოზულად დაინტერესდა თბილისელი ტანმოვარჯიშე ანა ივანოვა, რომელიც მხატვრულ ცუკვე ავარჯიშებდა რამდენიმე გოგონას. მისი მოწაფეები 1978 წლის მიწურულს ელექტროსტალში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ და ხუთ გუნდს შორის III ადგილი დაიკავეს. მომდევნო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, მაგრამ მასპინძლები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ.

საქართველოში მხატვრული ცურვის აღმავლობა მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის ნატალია მაშუკის სახელს უკავშირდება. მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საკავშირო შეჯიბრებებში, ამ გუნდისლიდერი ქრისტინა ფალასინიდი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ფალასინიდიმ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება 1986 წელს თბილისში გამართულ საკავშირო ჩემპიონატში მოიპოვა (პირად შეჯიბრებაში - ბრინჯაოს მედალი, ჯგუფურში - ოქროსი). მისი წინამძღოლობით საქართველოს გუნდი მომდევნო ჩემპიონატში II ადგილზე გავიდა, წყვილთა შეჯიბრებაში კი ლელა მამიაურმა და ნინო გელაშვილმა III ადგილი დაიკავეს. ფალასინიდისთვის ყველაზე წარმატებული იყო 1987-88 წლების სპორტული სეზონი. როცა ევროპის ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, სეულის ოლიმპიურ თამაშებში კი VII ადგილი დაიკავა ერთეულთა თანრიგში. შემდეგ იგი საცხოვრებლად ათენში გადავიდა და საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო.

წესები

MXATVR CURV.JPG

ოფიციალური შეჯიბრება ტარდება არანაკლებ 20X30 კვ.მ ზომის საცურაო აუზში. წყლის სიღრმე 3 მ-ია, ნებისმიერი პროგრამის შესრულებისას – 1,7 მ, წყლის მინიმალური ტემპერატურაა – 24 C. სავალდებულო ვარჯიშის დროს სპორტსმენებს შავი საცურაო კოსტიუმი აცვიათ და თეთრი ქუდი ახურავთ, ნებისმიერი პროგრამის შესრულებისას კი ნებადართულია მონაწილეთა გემოვნებით შერჩეული, გაუმჭვირვალი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი.

ოლიმპიურ პროგრამაში შედის წყვილთა და გუნდური პირველობა (გუნდში 8 სპორტსმენია). მოცურავეები მუსიკის თანხლებით ასრულებენ სავალდებულო და ნებისმიერ პროგრამებს. სავალდებულო პროგრამა აერთიანებს ექვსვარჯიშიან კომპოზიციებს, რომელთა შესარჩევადაც ეწყობა ღია კენჭისყრა. კომპოზიციაში შემავალ თითოეულ ვარჯიშს ენიჭება სირთულის ხარისხი. არანაკლებ 3 ვარჯიშის ხარისხი 1,8-ს უნდა აღემატებოდეს. სპორტსმენის შეფასებისას მსაჯები ითვალისწინებენ ვარჯიშის შესრულების სისწრაფეს, სიზუსტეს, გამომსახველობასა და სინქრონულობას. ვარჯიშები ფასდება 0-დან 10 ქულამდე ნახევარი ქულის სიზუსტით. ყველაზე მაღალ და დაბალ შეფასებებს არ ითვალისწინებენ, დანარჩენს აჯამებენ და ყოფენ მსაჯთა რიცხვზე ორის გამოკლებით. მიღებული სიდიდე მრავლდება ვარჯიშის სირთულის ხარისხზე. თითოეული ვარჯიშის შეფასებას აკლდება საჯარიმო ქულები და გამოდის საბოლოო შედეგი. სპორტსმენს 2 საჯარიმო ქულა ერიცხება, თუ: ა) ვარჯიშს ჯერ არასწორად შეასრულებს, შემდეგ კი – სწორად (ამგვარი შეცდომის გამეორებისას ვარჯიში საერთოდ შეუფასებელი რჩება); ბ) თავისი სურვილით წყვეტს ვარჯიშს და ითხოვს მისი გამეორების ნებართვას. ნებისმიერი პროგრამის შესრულებისას მეათედი ქულის სიზუსტით ცალ-ცალკე ფასდება ვარჯიშის ტექნიკა და არტისტიზმი. ორი ვე შემთხვევაში ქულებს აჯამებენ მაღალი და დაბალი შეფასების გამოკლებით. შესრულების ტექნიკისთვის მიღებული ქულების ჯამი მრავლდება 6-ზე, არტისტიზმისთვის მიღებული ქულებისა – 4-ზე. ამ შედეგს ყოფენ მსაჯთა რიცხვზე ორის გამოკლებით. საბოლოო შედეგი გამოჰყავთ შესრულების ტექნიკასა და არტისტიზმში მიღებულ ქულათა ჯამის მიხედვით. სპორტსმენი 1 საჯარიმო ქულით ისჯება, თუ: ა) დაარღვევს წყალს ზემოთ, აუზის კიდეზე ვარჯიშისთვის დაწესებულ დროის 20-წამიან ლიმიტს; ბ) გადაამეტებს მთლიანი ვარჯიშისთვის გამოყოფილ დროს. 2-ქულიანი ჯარიმა დაწესებულია: ა) ვარჯიშის შესასრულებლად ან თანაგუნდელის დასახმარებლად აუზის ფსკერის შეხებისთვის; ბ) აუზის კიდეზე ვარჯიშის შეწყვეტისთვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები