ბაბა-თასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ათა-თასამი-დან)
ბაბა-თას-ი / ათა-თასამი (ნოღ. Баба-тас: баба – „წინაპარი, ბებერი“, тас – „ქვა“; Ата-тасами – „მამათა ქვა“) – „წინაპართა ქვა“, – ასე უწოდებენ ნოღაელები ხანების, ბიების, სარდლების, ლეგენდარული ადამიანების საფლავის ქვებს. ყორღანები, ისევე როგორც ბაბა-თასები, კულტის ობიექტებს წარმოადგენდნენ; აქ იმართებოდა მნიშვნელოვანი შეკრებები, მსხვერპლშეწირვით თანხლებული სხვადასხვა ხასიათის წეს-ჩვეულებები. ნოღაურმა ფოლკლორმა შემოინახა საფლავზე გამართული წეს-ჩვეულების დროს შესასრულებელი სიმღერის საინტერესო ტექსტი, რომელშიც მითოლოგიური არსებებია (ზეციური მგელი, თეთრი ბატი, ფრინველი ჩიბისი) ნახსენები:
- მამის ქვაო, მამის ქვაო,
- საკვები მოგიტანე,
- ჩაგაცმევ ჯავშანს,
- ვნახავ, როგორი შესახედავი ხარ.
- თუ მგლად მაქცევ,
- ზეციური მგელი მყავი,
- მიხსენი განსაცდელისგან.
- თუ ბატად მაქცევ,
- თეთრი ბატი მყავი,
- ჩემს სისხლს ძალა მიეცი.
- მამის ქვაო, მამის ქვაო,
- შენთან ჩამოჯდა ფრინველი ჩიბისი,
- მოგცემ ტკბილეულს, ჩიბის,
- ატლაშუნე ფრთები.
- ჰაერში ტკბილი ჰანგები გაისმის, -
- შენს თავს თეთრმა ბატმა გადაუფრინა,
- შენს სახეზე ციალია, -
- ციურმა მგელმა გადაგიფრინა.
- მამის ქვაო, მამის ქვაო!
- შეისმინე ჩემი თხოვნა,
- მშვიდობა და მეგობრობა ჰყავი,
- მახვილი არავის ამოაღებინო,
- ჩემი ქვეყანა ძალმოსილი გახადე,
- ხალხში თანხმობა ჰყავი.
- თანგრი – ჩემი სიხარულის განთიადი,
- თანგრი – ჩვენი თვალების ელვარება,
- დე, თანგრიმ ჩვენი თხოვნა შეისმინოს,
- დე, თანგრიმ ჩვენი თხოვნა აღასრულოს.
ლიტერატურა
Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.