ხატი
ხატი - ნიშნავს სახეს, სურათს, ნებისმიერ გამოსახულებას. ესაა თავდაპირველი მნიშვნელობა, რაც შემდეგ გაფართოვდა, შეიძინა რელიგიური აზრი და სპეციფიკური შინაარსი, იქცა კონკრეტული - საკრალური და საკულტო - საგნის სახელწოდებად. მისი ბერძნული შესატყვისია „ეიკონ“ ანუ „იკონ“, რუსული - „ობრაზ“.
ხატის მისია ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის წარმოჩენა, უფრო ზუსტად, განხატებაა. ამრიგად, ეკლესიის თვალთახედვით, ხატი არის საკრალური საგანი; იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების ფერწერული გამოსახულება, შემოსილი მადლით, რადგან ფორმით ასაჩინოებს სარწმუნოებრივად სათაყვანებელ არსებას და მლოცველთა გრძნობას და გონებას ასახული რეალობისაკენ მიაქცევს. ასეთივე ფასი აქვს ცხოველმყოფელი ძელის ანუ გოლგოთის ჯვრის ნიშს, რასაც მორწმუნე ყოველდღე ხედავს, განიცდის თუ გამოისახავს. აგრეთვე - წმიდა ჭურჭლებს, საღვთო და სამღვდელო წიგნებს, წმიდა ნაწილებს და სხვა რელიქვიებს.
ხატწერა
ხატწერას ანუ იკონოგრაფიას პირველ საუკუნეებშივე ჩაეყარა საფუძველი. არსებობს სათნო გადმოცემა, ეკლესიის მამების მიერ დამოწმებული, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილმა ედესის მეფემ - ავგაროზმა - ეპისტოლე აახლა მაცხოვარს და მიიწვია. ქრისტემ წადილი ვერ შეუსრულა. სამაგიეროდ უსტარი მიუწერა და სასწაულებრივ აღუბეჭდა თავისი სახე ტილოზე. ასე გამოისახა „ხელთუქმნელი“ ხატი, რომელიც ქ. ედესაში ინახებოდა. მისი ერთი პირი, „დედის თანაღირსი“, საკვირველად კეცზე ამოტვიფრული და შემდეგ ნაჭერზე გადასული, საქართველოში ანტონ მარტყოფელმა მოაბრძანა, - 13 სირიელ მამათაგანმა (VI ს.), ხოლო დედანი X ს-ში „ქალაქთა მზეს“ -კონსტანტინოპოლს ეძღვნა, სადაც დააწესეს ხსენების დღე - 16 აგვისტო.
საქართველოს მეორე ხელთუქმნელი ხატიც ერგო - დედაღვთისა. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, იგი ჩვენში ანდრია პირველწოდებულს მოუტანია; მისი შემწეობით სამცხეში მას მრავალი სასწაული აღუსრულებია, გაუცამტვერებია არტემისისა და აპოლოს კერპები, გაუცოცხლებია დიდებული ქვრივის - სამძივარის - ვაჟი და, ხალხის თხოვნით, იქვე დაუტოვებია. ანტონ მარტყოფელის ძღვენი ანჩის საყდარში ინახებოდა. თამარის დროს ბექა ოპიზარს იგი მოუჭედავს. იოანე ანჩელს კი ღირსად შეუქია (თუმცა ანდრია მოციქულის მოტანილად მიუჩნევია). XVI ს-ში თბილისში გადმოუსვენებიათ და იმ ტაძარში დაუსვენებიათ, შემდეგ ანჩისხატი რომ დარქმევია. ამჯერად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. „ხელთუქმნელი ღვთისმშობლის“ ბედი გაურკვეველია...
პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს ასახელებენ, რომელსაც მაცხოვრისა და მისი დედის ხატები დაუწერია. ხატებს დევნილების დროინდელი მწერლებიც ახენებენ: ტერტულიანე, მანუცია ფელიქსელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, მეთოდე ტირონელი, ორიგენე. ძველსავე დროში ხატების არსებობაზე მატერიალური ძეგლებიც მეტყველებენ - კატაკომბები, ე.ი. მაღაროები თუ გვირაბები, სადაც ხელისუფალთა ძალადობის გამო მორწმუნეები იკრიბებოდნენ. თუმცა ამ ეპოქის ხატწერა, სავარაუდებელია, მაშინდელი რეჟიმის მიზეზით, უმთავრესად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, ქრისტეს გამოსახავდნენ თევზად ან კისერზე ცხვარშესმულ მწყემსად და ა.შ.