ქართული კაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული კაბა

ქართული კაბა - ქართველი ქალის ეროვნული სამოსი. ცნობილია:

  • „სახლართავიანი“,
  • „საგვირგვინო“,
  • „სარტყელ-გულისპირიანი“,
  • „ყურთმაჯიანი“,
  • „წელიანი“,
  • „ბოლოდაშვებული“ ქართული კაბის ტიპები.

კაბის კომპლექტში შედის სარტყელი, გულისპირი და სახელოები. მოსასხამად ზამთარში მოკლებეწვიან ხავერდის „ქათიბს“ ხმარობდნენ, ზაფხულში კი მუხლამდე სიგრძის „ტოლომა“, „ტალმა“-ს. ფეხზე ატარებდნენ წინდას და ეცვათ ტყავის ფეხსაცმელი, კაბის ქვეშ აბრეშუმის გრძელ პერანგსა და ტოტებნაქარგ შეიდიშს.

ქართული კაბა ორნაწილიანია: წელში გამოყვანილი ქვედა ტანი და ტანზე მომდგრი ზედატანი. კაბის უმთავრეს სამშვენისს ნაქარგი (ხშირად ოქრომკედით) სარტყელი, გულისპირი და სახელოები წარმოადგენს, რომლებიც კაბის ქსოვილისაგან განსხვავებული ფერის ნაჭრით და ფერთა შეხამებით იკერებოდა.

ქართული კაბის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია რთული კონსტრუქციის თავხურვა: თავზე ჯერ ლეჩაქს იფარებდნენ, მერე კი თავსაკრავშემოვლებულ ჩიხტს (იხ.) დაიდგამდნენ. ჩიხტში მოთავსებული იყო რკალის ფორმის კოპი, რომელიც ამყარებდა მას. ლეჩაქს ან ბაღდადს ჩიხტზე ქინძისთავებით ამაგრებდნენ. თუ სამოსი მაღალი წრის ან შეძლებულ ქალბატონს ეკუთვნოდა, ქინძისთავები ბრილიანტით ან სხვა ძვირფასი თვლებით იყო შემკული.

თავხურვა შესაბამის ვარცხნილობას მოითხოვდა: ზურგზე უნდა ყოფილიყო დაშვებული ნაწნავები, ხოლო საფეთქლებიდან „კავები“.

ქართული კაბის ეს ნიმუში უმეტესად საქართველოს ბარში იყო გავრცელებული და მას სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: წელიანი, ყურთმაჯიანი, სარტყელ-გულისპირიანი და სხვ. ხმარობდნენ საგარეოდ და საშინაოდ.

საქორწინო კაბის მასალად იყენებდნენ ძვირფას ქსოვილებს:

  • დიბას,
  • სტავრას,
  • ხარააბრეშუმს,
  • გლასი-ორფერი ქსოვილს,
  • ბენგალინის ყვავილიან ქსოვილს,
  • ხავერდს და სხვ.


საქორწინოდ ნათელი ფერებს არჩევდნენ, მოხუცთათვის თალხ ფერებს. წმინდა აბრეშუმის კაბას მთლიანად ასარჩულებდნენ.

ქართული კაბის ზედატანი - „კანძოლი“ (კახ.) 6 ნაჭრისაგან იყო შემდგარი, ზოგჯერ ნაჭერთა რაოდენობა 8-ც აღწევდა: წინ ორი კალთა, უკან ბეჭები და ფერდებში შესაფენებელი - „მუნდრულები“ (კახ.), რომელთა რაოდენობა ხან თითო-თითო იყო, ხან ორ-ორი, მთლიანი ბეჭები დიდებისათვის ირიბად აჭრილი, ხოლო ჯეელებისათვის „დანაკვთული“ (კახ.). საკისრე ოდნავ ამოღებული, ღრმადშეხსნილი სახელოები- „ყუთურმაჯები“ (კახ. თუშ.), ხშირად მაჯას ბუდიანი ხრიკებით ან ვერცხლის ყუნწიანი ღილებით იკრავდნენ. ნაპირებს შემოუყვებოდა ვიწრო ბაბთის ზოლი „სარჩევი“. ზედატანი ტანზე მომდგარი მოსწონდათ, ამისათვის იყენებდნენ ძვლის ან რკინის ჯოხისებურ ფირფიტებს.

ზედატანი ქვედასთან მარტო უკანა ნაწილით იყო დაკავშირებული, უკეთებდნენ ნაოჭს, რადგან ქვედატანი კუდიანი უნდა ყოფილიყო, ამისათვის ორ გზას მიმართავდნენ: უკანა ნაწილის შუაში ათავსებდნენ ირიბი ნაპირებით შეერთებულ ნაჭრებს. ქართული კაბა ნაციონალური ჩაცმულობის უაღესად დახვეწილ ტიპს წარმოადგენს.

ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა. XIXს და XXს. 1967. ც.ბ. გ.კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები