ფარცხალაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ფარცხალაძე

ლევან ფარცხალაძე - (26 ოქტომბერი 1971, წ. თბილისი), — უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ლევან რეზოს ძე ფარცხალაძე 1971 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა თბილისში. ის ამჟამად კიევში, უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც ცნობილი ბიზნესმენია. ლევან ფარცხალაძეს არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა. ჰყავს 300 კაციანი სპეცდაცვა, სახელად "ანგელოზები". მისი ბიზნესის მასშტაბები უსიგრძეგანოა. ლევან ფარცხალაძის სახელი და გვარი კიევში ყველაზე ელიტარული რესტორნების სახელებთან ასოცირდება: "ცარსკოე სელო", "პერვაკი","ტარასი" და ა.შ.

მამა - რეზო ფარცხალაძე, პროფესიით მხატვარი, ამჟამად რესტორნების ქსელს კურირებს. ლევანი დედით რუსია, ქალაქ ირკუტსკიდან. გარკვეული პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ წულუკიძეში, მუხროვანში. საბოლოოდ თბილისში დაფუძნდნენ. ლევანმა თბილისის რუსულ სკოლაში რვა კლასის განათლება მიიღო. შემდგომში ფარცხალაძეების ოჯახი უკრაინაში კიევთან ახლოს დასახლდა. ის დღეს ქართულად ვერ ლაპარაკობს. თუმცა ყველაფერი ესმის. კიევში ლევანი სწავლას ერთ-ერთ სასწავლებელში აგრძელებს. ჯარიდან დაბრუნებული კი ინსტიტუტს მენეჯმენტის სპეციალობით ამთავრებს. ბევრი ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრს მუშაობს და ცოტა სძინავს. ის თავმდაბალი ადამიანია. მას ბევრი ქართველი ჯერაც არ იცნობს, თუმცა ქართულ საქმეში თავისი წვლილი მაინც შეაქვს.

ლევანმა სტუდენტობისას გადაწყვიტა სერიოზული საქმისთვის მოეკიდა ხელი და ბიზნესი დაეწყო. გარდაქმნის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში დალხინებულად არავინ ცხოვრობდა. მათ შორის ფარცხალაძეების ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა. მისი წარმატება, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ადგილობრივი არ იყო. მას არავინ ჰყავდა ვისაც ენდობოდა და დაეყრდნობოდა, საკუთარი თავის გარდა. მისი მეგობრების წრე ნელ-ნელა გაფართოვდა. მეორე კურსზე იყო, როცა პირველი ნაბიჯი გადადგა ბიზნესში - დააარსა ორგანიზაცია. დღეს-დღეობით ორმოცზე მეტი ორგანიზაცია აქვს. ცდილობს, მეტად განვითარდეს და გაფართოვდეს, წარმატებით განახორციელოს ახალი პროექტები. მას მოსწონს სიტყვები: დატკბი წარსულით ხუთი წუთი, იფიქრე მომავალზე მთელი ცხოვრება.

ყველაფერი მანქანების ბიზნესით დაიწყო, შემდეგ რესტორნების ბიზნესზე გადავიდა. ამას მოჰყვა სავაჭრო ცენტრების გახსნა. მსგავსი ობიექტების მშენებლობას კვლავ აგრძელებს. კიევის ცენტრში მიწისქვეშ ნახევარ ჰექტარზე მეტი ტერიტორია აქვს ათვისებული, სადაც განლაგებულია უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი. შემდეგ გააკეთა რესტორნების ახალი ქსელი, სახელად "შვიდკო", რაც რუსულად ბისტროა. დაგეგმილი აქვს, რომ ოცი წლის მანძილზე ამ ტიპის ხუთი ათასი რესტორანი გაიხსნას მთელ უკრაინაში. ამჯერად (2003 წ.) ქალაქის ცენტრში ორი დიდი ობიექტის მშენებლობაზე მუშაობს. ის იქნება დიდი და ამავდროულად არქიტექტურულად ღირებული შენობა. ბიზნესში სხვადასხვა მიმართულება აქვს აღებული. იწყებს სამამულო ლიფტების წარმოებას, ქარხანა შესყიდულია.

სამშობლოდან წასვლის მერე, საქართველოში მხოლოდ ერთხელ, ბაბუას წლისთავზე ჩამოვიდა. თავიდან ფინანსურად ძალიან უჭირდა და ამის გამო ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას. შემდეგ კი ცხოვრება ისე აეწყო, დრო არ ჰქონდა. საერთოდ ფიქრობს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა.

კიევში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს, თუმცა მათი რიცხვი მატულობს. იქ ერთი პერიოდი კავკასიელი ბანდიტები ქუხდნენ. ამდენად ქართველებთან ურთიერთობას ყველა უფრთხოდა. ქართული გვარის გაგონებაზე ჩინოვნიკებს და მილიციასაც კი ეშინოდა. ასე, რომ აქაურობის თვალში ავტორიტეტის მოპოვება ძალიან ძნელი იყო. ბევრი რამის დამტკიცების ფასად დღეს ყველა იცნობს. ვისაც არ უნდა დაურეკოს, მისი გვარის ხსენებაზე უკვე სხვანაირად რეაგირებენ.

თვლის, რომ დიდი არაფრისთვის მიუღწევია. თუმცა ამის სურვილი ნებისმიერ ადამიანს აქვს. მთავარია, როგორ გამოიყენებს შესაძლებლობებს. ძნელია, თავი დაიმკვიდრო იქ, სადაც არ გელიან, მძიმე იყო დაემტკიცებინა რაღაც და ოჯახი ფეხზე დაეყენებინა. ის, რომ გენეტიკურად ქართველია, ბევრ რამეში დაეხმარა. როცა ყაჩაღები ფულის შესაწერად მიდიოდნენ მასთან, პრინციპულად არ აძლევდა. ამიტომაც შექმნა საკუთარი დაცვის სამსახური. სწორედ ეს ძალა დაუპირისპირა ბანდფორმირებებს. რესტორნებისა და მაღალი დონის ღამის კლუბის "დინამო ლუქსის" მფლობელი იყო, სადაც მოდიოდა უამრავი კრიმინალი და ძალიან ბევრჯერ შეეცადნენ, ცხვირი ჩაეყოთ მის საქმიანობაში. იყო ბევრი უსიამოვნო მომენტი. ღამის 3-4 საათზე საქმეების გარჩევა, მაგრამ ამაოდ. რაც შეეხება ჩინოვნიკებს, მათთან ამ კუთხით საქმის დაჭერა უფრო უადვილდება, დიპლომატიურ ენაზე შეაგნებინებს, თუმცა მათაც გაურბის.

ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ჯერ ფეხზე უფრო მყარად უნდა დადგეს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არაფერი მოაკლოს. მით უფრო, რომ საქართველოში როგორც თვითონ ამბობს, ნათესავების არმია ჰყავს. ბევრ ნათესავს დღემდე უმართავს ხელს და ეხმარება, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვა, საწარმო უნდა გააკეთოს, სადაც ახლობლებს დაასაქმებს. თუ ჩამოვა, მხოლოდ სერიოზული საქმით.

ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ და გვერდიგვერდ უდგანან ერთმანეთს ქართველი მულტიმილიონერები ტარიელ ვასაძე და დავით ჟვანია. ისინი ქართული ტრადიციებით ცხოვრობენ. ლევან ფარცხალაძე "ძალიან ამაყ და პრინციპულ ადამიანად" აფასებს ტარიელ ვასაძეს, ხოლო დავით ჟვანიას - ძალიან ჭკვიან და პროგრესულ ადამიანად, გამოკვეთილ, მაღალი რანგის ფიგურად.

დიდ პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს.

პირველ რიგში მშობლების მადლიერია, ხოლო მერე, მის გვერდით მდგომი თანამშრომლების, რომელთა რიცხვიც ათასობითაა. ცდილობს, ისეთები შეარჩიოს, რომლებიც მის სულთან ახლოს არიან. სამი პარამეტრით არჩევს თანამშრომელს: უნდა იყოს წესიერი, პროფესიონალი და ჰქონდეს სურვილი, რამეს მიაღწიოს.

თვლის, რომ ადრე ძალიან მგრძნობიარე იყო და ყველაფერს განიცდიდა, მაგრამ მიხვდა, რომ ასე ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ, როცა სახლში ბრუნდება, ცდილობს, სამსახურზე აღარ იფიქროს და მაქსიმალურად სპორტით დაკავდეს.

ჰყავს ხუთი წლის შვილი, რომელიც ძალიან კარგ ხასიათზე აყენებს.

მისი აზრით, უკრაინაში მიიჩნევენ, რომ აუცილებლად პრეზიდენტის ნათესავი, მასთან დაახლოებული პირი უნდა იყო, ბიზნესი რომ აკეთო. როცა პირველი საქმე წამოიწყო, პარტნიორებს განუდგა, იმიტომ, რომ მათ საქმიანობის გაფართოების შეეშინდათ. ისინი ეუბნებოდნენ, რომ "ამათ ზედმეტად თვალში ნუ გაეჩხირები, მეტს წინ ნუ წახვალ, თორემ დაგვხურავენო". მაგრამ ლევანმა ეს ბარიერი გადალახა. იყო დრო, როცა სერიოზული გავლენიანი ქართველები, ტარიელ ვასაძე და დავით ჟვანია ეხმარებოდნენ ან პირიქით მისი დახმარება სჭირდებოდათ. მათ ერთმანეთი გააქვთ, თითოეული მათგანის რანგის მიუხედავად, კოორდინირებულად მოქმედებენ და ერთად არიან: ჟვანიას და ვასაძის გადეპუტატების შემდეგ სხვა შესაძლებლობები გაუჩნდათ. ამბობს, რომ როცა საქმეს იწყებდა, არაფრის ეშინოდა. მეტიც, პრინციპული საკითხები ყოველთვის გაჰქონდა და თუ მართალია, ვერავინ შეეწინააღმდეგება.

უკრაინის პრეზიდენტმა დამსახურებული ეკონომისტის წოდებით დააჯილდოვა. მიზეზი: ძალიან მოკლე პერიოდში მოიზიდა ათი მილიონის ინვესტიცია და ააშენა მსხვილი ობიექტები. "დრუჟბა ნაროდა"-ზე და "სლავიან"-ის მოედანზე რეკონსტრუქციები გაუკეთა, მიწისქვეშ რვა თვეში სავაჭრო ობიექტები გახსნა და სამი ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

არ მალავს, რომ თუ პოლიტიკაში მოვა, უფრო გაძლიერდება, თავის ბიზნესს დაიცავს და მეტად გაფართოვდება. თუმცა მეტად აღელვებს კანონმდებლობაში ბევრი უსამართლობა.

ლევან ფარცხალაძე კიევის ქალაქის საბჭოშია, სადაც 90 წევრია. აქედან ორი ფარცხალაძის კომპანიიდან არის. კიევის ბიუჯეტი შეადგენს ხუთ მილიარდ დოლარს. ქვეყნისა კი ორმოც მილიარდს (2003წ.), ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ აქედან მეტის გაკეთების საშუალება ეძლევა, ვიდრე პარლამენტიდან, რადგან დედაქალაქში ყველა სახეობის ბიზნესია კონცენტრირებული.

ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ეცდება, სერიოზული წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.

თავის რესტორნებში არ დადის. ურჩევნია, სახლში პური და ყველი ჭამოს, საკუთარ რესტორნებში სიარულში ბედნიერებას ვერ ხედავს, სახლში კი მეგობრები იკრიბებიან და შესანიშნავად ერთობიან. თუ წავა მიდის "ტარას"-ში, სადაც მისი მეუღლეა ხელმძღვანელი. ესეც იმიტომ, რომ იქვე ცხოვრობს, თანაც იქ ოფიციალური პირები არ დადიან.

ფარცხალაძის მამის, რეზოს დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართველი რძალი ჰყოლოდა, მისმა ორივე ვაჟმა ცოლად უკრაინელები მოიყვანეს. ლევანის მეუღლე სპორტსმენია, ტანმოვარჯიშე. როგორც თავად ამბობს, საკუთარ კომპანიაში გაიცნო და იმ დღიდანვე თანაცხოვრებას შეუდგნენ. ჰყავთ პატარა დავითი. ფარცხალაძე ამაყობს, რომ მისი მეუღლე ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი სიამაყით, ერთგულებით და თავდადებით გამოირჩევა.

როცა ქუჩაში "მერსედესი" ჩაუქროლებდა, ფიქრობდა: ღმერთო, ეს მანქანა ხომ 25 ათასი დოლარი ღირს, რა იქნება ის ჰქონდეს და თვეში 150 დოლარი. თუმცა ცხოვრება ისე წავიდა, მილიონერი გახდა. ყველაფერი აქვს, რასაც ინატრებს. ახლა ძალიან უნდა, თავის ახლობლებს მეტი გაუკეთოს.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები