მაზნიაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მაზნიაშვილი

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე - (11.XII.1872, სოფ. სასირეთი, გორის მაზრ. - 1937) - გამოჩენილი ქართველი გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სამხედრო განათლების მიღების შემდეგ სამსახური დაიწყო რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1904-05 წლის რუსეთ-იაპონიის ომში. დაიჭრა და მკურნალობდა პეტერბურგის ჰოსპიტალში, სადაც პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ინახულა და ომში გამოჩენილი მამაცობისათვის ოქროს ხმალი და წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი გადასცა. 1909 წელს აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-2 პოლკის კაპიტანია. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პოლკის მეთაური. ვარშავასთან ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა.

1917 დაბრუნდა საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული შენაერთების ჩამოყალიბებაში. იყო ქართული დივიზიის მეთაური. გენერალი (1918). 1918 წლის დასაწყისში, როცა ოსმალებმა შეტევა განაახლეს და მათი შეჩერება ვერ ხერხდებოდა მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის სარდლად მაზნიაშვილი დაინიშნა. მან, ჩვეული წესით, ჯერ მოსამზადებელი ღონისძიებები გაატარა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ გენერალი ყოველთვის უფრთხილდებოდა ჯარისკაცთა და ოფიცერთა სიცოცხლეს და სამხედრო ოპერაციებსაც შესაბამისად გეგმავდა. მაზნიაშვილმა მდინარე ჩოლოქთან შეაჩერა ოსმალთა ჯარის წინსვლა, შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა და ბათუმი გაათავისუფლა. 1918 წლის ზაფხულში, აფხაზეთში ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების შემდეგ, გ. მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და იქ მყოფი ქართული ჯარების სარდლად დაინიშნა. ივნისის მეორე ნახევარში მან კონტრშეტევა დაიწყო, გაათავისუფლა ჯერ ახალი ათონი, გუდაუთა და გაგრა, ხოლო შემდეგ ქართულმა ჯარმა დაიკავა ადლერი, 6 ივლისს - სოჭი (სოჩა).

ივლისის ბოლოს ქართულმა შენაერთებმა ქალაქი ტუაფსეც დაიკავეს. აქ ქართულ ჯარს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს გენერალ დენიკინის არმია იყო. მასთან შეიარღებული შეტაკების თავიდან აცილების მიზნით, მაზნიაშვილმა ტუაფსე დატოვა და უკან დაიხია. ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში გენერალი მაზნიაშვილიც მონაწილეობდა. 1918 წლის ნოემბრდან მაზნიაშვილი თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო. სომხეთთან ომის დაწყების შემდეგ, დეკემბრის მეორე ნახევარში, მაზნიაშვილი ყველაზე მთავარი და რთული მიმართულების, შულავერი-სადახლოს ფრონტის სარდლად დაინიშნა. სათანადო მომზადების შემდეგ მისი შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ და გაათავისუფლეს შულავერიც და სადახლოც. ქართული ნაწილების წინსვლა 31 დეკემბრის 24 საათზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტამ შეაჩერა.

1919 წლის დასაწყისში მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გუბერნატორია და ოსმალთა აგენტების მიერ პროვოცირებული ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ჩაქრობას ხელმძღვანელობს. მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები მეტად მცირერიცხოვანი იყო, დამატებითი ძალების გაგზავნას კი გენერალი შეგნებულად არ ითხოვდა, რადგან ამ დროს სოჭის ფრონტზე დენიკინელთა შემოტევა დაიწყო და ყველაზე დიდი საფრთხე „თეთრგვარდიელთა“ აგრესია იყო, ამიტომ მთელი ძალები სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგზავნილიყო. მიუხედავად ამისა, გენერალმა მაინც შეძლო პირველ ეტაპზე გარკვეული წარმატების მიღწევა და თურქთაგან რამდენიმე დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლა, მაგრამ შემდგომ ვითარება შეიცვალა და ქართულმა ჯარმა ახალციხე დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, სამხედრო მინისტრის ბრძანებით, მაზნიაშვილი თბილისში გაიწვიეს, მის ადგილზე კი გენერალი კვინიტაძე დაინიშნა. თბილისში დაბრუნებულ გენერალს აბსურდული ბრალდება, ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა წაუყენეს და ახალციხის დატოვებაც დანაშაულად ჩაუთვალეს. ძიება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. 1920 წლის ოქტომბერის დასაწყისში გამართულმა სასამართლომ გენერალი გაამართლა. მთელი ამ ხნის მანძილზე გ. მაზნიაშვილი აქტიურ სამხედრო საქმიანობას ჩამოცილებული იყო.

1920 წლის ოქტომბერში ის თბილისის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. 1921 წლის თებერვალში თბილისთან მიმდინარე ბრძოლის დროს გენერალი მაზნიაშვილი მეთაურობდა ფრონტის ცენტრალურ - სოღანლუღის მიმართულებას. 18-19 თებერვლის ღამეს მან მძიმე მარცხი აგემა მოწინააღმდეგეს და დაატყვევა 1500 წითელარმიელი. თბილისის დატოვების შემდეგ მონაწილეობდა ოსიაურთან განხორციელებულ კონტრშეტევაში (სარდლობდა მთავარ მიმართულებას) - უღელტეხილების დაცვაში ლიხის ქედზე. დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ დაინიშნა არიერგარდის მეთაურად. წარმატებით შეაჩერა სენაკთან აფხაზეთის მხრიდან მომავალი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები და ამით მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებს ქუთაისიდან ბათუმში ევაკუაციის საშუალება მისცა. ბათუმში ჩასვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა იქ მყოფ ქართული ჯარის ნაწილებს, 1921 წლის 18-20 მარტს ქალაქ ბათუმიდან და ბათუმის ოლქიდან განდევნა ქემალისტები, რის შედეგადაც ეს მხარე კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. სამხედრო სამსახური განაგრძო საბჭოთა საქართველოს წითელ ჯარში. იყო: ქვეითთა დივიზიის მეთური; მთავარი სამხედრი ინსპექტორი. 1923 დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით და მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც საზღვარგარეთ გასახლებით შეუცვალეს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში გლეხურ მეურნეობას ეწეოდა. 1937 ჯერ მისი ვაჟიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ხოლო შემდეგ ის. 2013 წლის 26 სექტემბერს, მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მიხეილ ბახტაძე

თხზულებები

გ. მაზნიაშვილი, მოგონებები, ბათ,1990.

ლიტერატურა

  • მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
  • М. Гогитидзе. Военная элита Кавказа, т. I, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში 1918-1920 წლებში, თბ., 2014.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი მაზნიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები