გვაწა ზანდური
გვაწა ზანდური - (Triticum monococcum L.) კილიანი ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. გვაწა ზანდურის შესახებ პირველი ბოტანიკური ცნობა ეკუთვნის ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.). მისი აღწერით, რაჭაში (ონის რაიონი, სოფ. წესი) გვაწა ზანდური, ანუ ცალმარცვალა მცირე რაოდენობით მოჰყავდათ (გიულდენშტედტი, 1962). მოგვიანებით ასეთივე ცნობას იძლევა ი. გეორგიც (Georgi, 1800).
სახელწოდებები „გვაწა ზანდური“ და „ჩელტა ზანდური“ გვხვდება ლეჩხუმშიც. ქვემო რაჭაში ჩელტა ზანდურს „გობეჯას“, გვაწას კი „წმინდას“ უწოდებენ (მაყაშვილი, 1991; ბრეგაძე, 2004).
გვაწა ზანდურის ნათესებს, არცთუ ისე შორეულ წარსულში, საქართველოში ფართო არეალი ეკავა. მისი ნათესები აღწერილია საქართველოს მრავალ რაიონში: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში. ამ სახეობის პოლიმორფიზმი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო. ი. გეორგის (Georgi, 1800) ცნობით, ამ ხორბალს თესავდნენ XVIII ს.-ის ბოლოს. ნ. კეცხოველი (1957) აღნიშნავს, რომ ცალმარცვალა ასლები (Triticum monococcum) საქართველოში ძველად იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ მას „ქართულ ხორბალსაც“ უწოდებდნენ.
ქართლში, სოფ. ერედვის მინდვრებში ნ. კეცხოველის მიერ 1921 წ. შეგროვებული მასალიდან პ. ჟუკოვსკიმ (Жуковский, 1924), აღწერა კულტურულ ცალმარცვალას ერთ-ერთი სახესხვაობა - Triticum monococcum var. eretvianum Zhuk.-ის სახელწოდებით. პ. ნასყიდაშვილის (2013) მოსაზრებით, ნ. კეცხოველის მიერ შეგროვებულ მასალაში გამოვლენილი სახესხვაობა მიჩნეულია გვაწა ზანდურის ველურ წინაპრად და აყვანილია სახეობის რანგამდე - T. eredvianum (Zhuk.) Naskidashvili-ს სახელწოდებით.