ასურები
ასურები – (ინდ.) ბრაჰმას ძენი, რომლებიც თავდაპირველად კეთილნი იყვნენ და მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ღმერთებთან, თავიანთ უმცროს ნახევარძმებთან ერთად.
ასურები ძლიერები და ბრძენები იყვნენ, ფლობდნენ ურიცხვ სიმდიდრეს, რომელსაც მთის გამოქვაბულებსა და მიწის სიღრმეებში ინახავდნენ. ცაში მათ სამი ქალაქი ჰქონდათ – ოქროსი, ვერცხლისა და რკინისა, ასევე ქვესკნელშიც. მერე ისინი გაამაყდნენ თავიანთი ძალის, სიბრძნისა და სიკეთეთა გამო და ბოროტებისკენ გადაიხარნენ, რის გამოც დავლათმა მიატოვა ისინი და ღმერთებში გადავიდა. ღმერთებისა და ასურების ასწლიან ბრძოლაში, ასურები იძლივნენ და ციდან განიდევნენ.
ასურები დაამარცხეს ვიშნუს ავათარებმა – ტახმა, ლომკაცმა და სხვებმა, ქვესკნელამდე განდევნეს ისინი და ღმერთებს დაუბრუნეს დროებით წართმეული მეუფება სამყაროზე. განსაკუთრებით ებრძოდა მათ ინდრა, რომელმაც ასურთა მკვლელის (ასურახან) სახელწოდება დაიმკვიდრა. როცა ღმერთებმა ასურებთან ერთად ამრიტა, უკვდავების სასმელი მოიპოვეს, ასურები არ გააკარეს მას, მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად რახუმ, მოსვა მისგან ყლუპი, და მხოლოდ თავი გაუხდა უკვდავი.