არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია
არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს ქსნის ხეობაში. აგებულია 864 წ. (საამშენებლო თარიღს ტაძრის ფასადზე არსებული ლაპიდარული წარწერა გვამცნობს). არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში გარდამავალი ხანის საინტერესო ნიმუშია. ოთხ ბოძზე დაყრდნობილი გუმბათი ექსტერიერში არ იკითხება, ის ორქანობა გადახურვაშია მოქცეული. ამგვარი მიმართება სივრცის შიდა დანაწევრებასა და გარე ფორმებს შორის სწორედ ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებში ჩნდება. ტაძრის ინტერიერში მოხატულია მხოლოდ კანკელი, რომელიც მარტივი ფორმისაა, სივრცეში თაღოვანი ღიობითაა გახსნილი, ზედა კი სწორი ანტაბლემენტით სრულდება. აღსავლის კარის თავზე სამი ჭაბუკის თავის გამოსახულებაა. ფიგურებს არც შარავანდი და არც განმარტებითი წარწერები არ ახლავთ, მაგრამ სამეცნ. ლიტერატურაში წმ. მეომართა გამოსახულებადაა მიჩნეული. ცენტრალური ფიგურა ტაძრის პატრონის – წმ. გიორგის – გამოსახულებას უნდა გულისხმობდეს.
ფრონტალურად წარმოდგენილი, გრაფიკულ-სიბრტყობრივად შესრულებული ეს გამოსახულებანი ქართ. კედლის მხატვრობის განვითარების საწყის ეტაპს მოწმობენ. გამომსახველობითი ხერხები ძალზე პრიმიტიულია – ლოკალური ტონი, სახის ნაკვთთა შემომსაზღვრელი მსხვილი კონტური, თუმცა ჭაბუკთა სახეები საკმაოდ ემოციურია. განსაკუთრებით ცოცხალ შთაბეჭდილებას ახდენს დიდი ზომის, ფართოდ გახელილი, მეტყველი თვალები.
ე. გედევანიშვილი
ლიტერატურა
- Шевякова Т., Монументальная живопись раннего средневековья Грузии, Тб., 1983; Шмерлинг Р.О., Малые Формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962;
- Чубинашвили Г., Архитектурные памятники VII-IX вв. в Ксанском ущелье, „საქართველოს ხელოვნება“, Тб., 1942. 7. 1.