ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია
ანდრიაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს სოფელ ანდრიაწმინდაში (ახალციხის მუნიციპალიტეტი). (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია)
ეკლესია დარბაზულია (გარე ზომები: 6.84 X 12.78 მ) ნაგებია ტუფის, ქვიშაქვისა და ბაზალტის ქვების არეული წყობით. ტაძრის კუთხეები და კარ-სარკმელთა ღიობები ამოყვანილია თლილი ქვით. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან არის, რომელიც კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესია კიდევ სამი სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლით ნათდება (დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრწთ კედლებში თითო სარკმელია).
ტაძრის ინტერიერი სადაა, სწორკუთხა გეგმის დარბაზი აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება. ტაძრის ფასადები ასევე სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. ფასადებს თაროსებური სწორკუთხა ლავგარდანი ასრულებს. სახურავი შემოსილია ბაზალტის ლორფინით. შესასვლელი კარის გასწვრივ, ორი ქვისაგან შედგენილ არქიტრავზე, ქვის წყობით სწორკუთხა ჩაწეული არეა (ასეთი სიბრტყე წარწერისათვის მზადდებოდა), თუმცა აქ წარწერა აღარ ამოუკვეთიათ. დასავლეთის ფასადის ფრონტონი წაკვეთილია და მასზე გათლილი ქვის ოთხი წრიული გეგმის სვეტზე სამრეკლოს მცირე ფანჩატურია დადგმული. ეკლესია დაახლოებით XIX საუკუნეში არის აგებული. ტაძრის შესასვლელთან ადრეფეოდალური ხანის სტელის ბაზისი დევს. სავარაუდოდ, დღევანდელი ტაძარი აქ ადრე აგებული ეკლესიის ადგილზეა აღმართული.
გ. მარსაგიშვილი