ავტოკეფალია
ავტოკეფალია - (ბერძნ. autos - თვით და kephalē - თავი) ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმინდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა.
ავტოკეფალური (სხვაგვარად ადგილობრივი) ეკლესია დამოუკიდებელ თვითმმართველ ეკლესიას ეწოდება. ავტოკეფალური ეკლესიები ერთი მსოფლიო (კათოლიკე) სამოციქულო ეკლესიის ნაწილებს წარმოადგენენ. პირველი ავტოკეფალური ეკლესიები საპატრიარქოს სახით, წარმოიქმნა რომის იმპერიის მთავარი ქალაქების - რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ცოტა გვიან იერუსალიმის და კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოთა ადგილებზე. შემდგომი საეკლესიო ავტოკეფალიის უფლება მსოფლიო ეკლესიის მიერ მიენიჭებოდა ყოველ მართლმადიდებელ ერს, სახელმწიფოს, რომელსაც თავისი ეროვნული ვითარებითა და პოლიტიკური ცხოვრების პირობებით უნარი შესწევდა დამოუკიდებელი საეკლესიო მმართველობისა.
საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა V საუკუნეში, 468 წელს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა რუსეთმა 1871 წელს და მას შემდეგ 1917 წლამდე საქართველოს ეკლესიას მართავდნენ ეგზარხოსები, რომელთაგან მხოლოდ პირველი იყო ქართველი, ვარლამ ერისთავი, ხოლო დანარჩენი 18 - რუსი. 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია.
ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო გამარჯვება მთლიანად დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ აფხაზეთისა და და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მრავალწლიან მოღვაწეობასთან, რომელიც დაგვირგვინდა 1990 წლის 25 იანვარს.
დღეისათვის მსოფლიოში 15 ავტოკეფალური ეკლესია არსებობს:
- კონსტანტინოპოლის,
- ალექსანდრიის,
- ანტიოქიის,
- იერუსალიმის,
- რუსეთის,
- საქართველოს,
- სერბეთის,
- რუმინეთის,
- ბულგარეთის,
- კვიპროსის,
- ელადის,
- ალბანეთის,
- პოლონეთის,
- ჩეხეთის,
- სლოვაკეთისა,
- ამერიკის.
წყარო
- ბარბაქაძე ლია.- ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,-თბილისი 2013 წ.
- საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული. ახალგაზრდა იურისტები. თბ. – 2008.