The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ისმაილ ყარა-შავიშვილი

ოფიციალური სახელი:ყარა ისმაილ
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:1998  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თურქეთი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

     ქართული წარმოშობის თურქი მწერალი ისმაილ ყარა-შავიშვილი დაიბადა 1945 წელს, იმერხევის სოფელ შოლთისხევში. შავშეთი და იმერხევი, სადაც მწერალი დაიბადა და აღიზარდა, ისტორიულად საქართველოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები დღესდღეობით თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია, მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ ქართველები შეადგენენ.

     პირველ დაწყებითი განათლება ისმაილ შავიშვილმა წყალსიმერის დაწყებით სკოლაში მიიღო. იმის გამო, რომ ახლომახლო სხვა სკოლა არ არსებობდა, ხსენებულ სასწავლებელში ბავშვები მეზობელი სოფლებიდანაც დადიდნენ. როგორც მწერლის მონათხრობიდან ჩანს, იმერხეველთა ყოველდღიურ ყოფაში ქართული ენა იმდენად ფართოდ ყოფილა დამკვიდრებული, რომ მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს საერთოდ არ ცოდნია თურქული, რაც არსებითად უშლიდა ხელს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვის საქმეს. ვითარების გამოსწორების მიზნით, სკოლის ხელმძღვანელობას მოსწავლეებისთვის მშობლიურ ენაზე საუბარი აუკრძალავს და ამ ბრძანების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი დაუწესებია.

      სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მწერალმა სწავლა მწერალმა ართვინის საშუალო სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი დუზჯეს ლიცეუმში, რომელიც 1961 წელს დაამთავრა. ეკონომიკური გაჭირვების გამო მან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, ანკარის ორწლიანი ეკონომიკური კურსები დაამთავრა და სხვადასხვა დროს ეკონომისტად მუშაობდა რიზეში, ყარადერეში, ორჰანგააზში, ქელესსა და ინეგოლში. 

      1969 წელს ისმაილ შავიშვილმა ცოლად შეირთო ქართველი ქალი ხატიჯე სარაჩი (მიღმაძე). 1984 წლიდან იგი ბურსას მახლობლად მდებარე ქართველებით დასახლებულ ქალაქ ინეგოლში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

          მწერლის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება ძირითადად განსაზღვრა შავშეთსა და იმერხევში იმ ქართულმა გარემომ, რომელშიც დაიბადა და აღიზარდა, იმ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ, რომელიც შემონახულია მათ ოჯახებში.

     ისმაილ ყარა-შავიშვილის რომანების და მოთხრობების მთავარი თემაა ჩვენებურების ყოფა-ცხოვრების მხატვრული ასახვა, მათი ეროვნული ცნობიერების გათვალსაჩინოება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რომანი „მაჭახელას უღელტეხილი“, რომელიც ქართულად დაიბეჭდა 1992 წელს. ავტორი თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ყოფასა და მათი თვალით დანახულ ქართულ და საბჭოურ ცხოვრებისეულ რეალობაზე გვიქმნის გარკვეულ წარმოდგენას. 

    რომანში მოქმედება დღევანდელი თურქეთის შემადგენლობაში შემავალი იმერხევის ქართულ სოფლებში, საქართველოსა და ციმბირში ხდება. შესაბამისად, ნაწარმოების მოქმედ გმირთა უმრავლესობა, მათ შორის, მთავარი პერსონაჟი ახმედიც, ქართველები არიან. რომანი არის მწერლის ქართული თვალთახედვის გამომხატველი საგულისხმო მხატვრული ქმნილება.

    ისმაილ შავიშვილის ეროვნულმა ცნობიერებამ კიდევ უფრო მძლავრი გამოვლინება ჰპოვა მხატვრული ნარკვევების იმ ციკლში, რომელშიც ემოციურად და ხატოვნად არის აღწერილი 1989 წელს საქართველოში ავტორის პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილებები. 

     ისმაილ სავიშვილი გარდაიცვალა 1998 წელს ქალაქ ინეგოლში.

წყარო:

  1. ნიკოლეიშვილი ა. ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში, თბ., 2009
  2. ფეიქრიშვილი ჟ. ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018
  3. ფუტკარაძე შ. ჩვენებურების ქართული, ბათუმი, 2016

გააზიარე: