The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ნადიმაშვილი

სერგო ნადიმაშვილი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 2009  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ამიერკავკასიის ჰიდროგეოდეზიურ ტექნიკუმში და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტის არქეოლოგიური განყოფილებაზე.

სწავლის პარალელურად მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად არქეოლოგიის დარგში და პროფესორ ბორის კუფტინის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1935 წლიდან 14 წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მხარეთმცოდნეობის (შემდგომში გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად არქეოლოგიის დარგში, 1952 წლიდან 2003 წლამდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი, 2001-2002 წლებში კი მუზეუმის არქეოლოგიური სექტორის გამგე. ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით 1936 წელს სერგო ნადიმაშვილი ჩაირიცხა ლეგენდარული თრიალეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით გორის ციხეზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ფეოდალური ძეგლების პარალელურად აღმოაჩინა ანტიკური პერიოდის ნაშთები, ხოლო 1940 წელს პროფესორ სერგი მაკალათიასთან ერთად პირველი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა სოფელ ტყვიავში. სერგო ნადიმაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი არქეოლოგიური ექსპედიციის წარმატებული მუშაობა და უამრავი ძვირფასი მასალის აღმოჩენა საქართველოსა და კავკასიის უძველესი ისტორიის შესასწავლად: ტყვიავის ყორღანული სამარხები, ფრონეს ხეობა, დვანი, ურბნისი - "ხიზანაანთ გორა", ტირიფონის ველი, ატენის ხეობა და მრავალი სხვ. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულის ძეგლის "გუდაბერტყას" შესწავლა. სერგო ნადიმაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, წარმოჩენისა და დაცვის საქმეში. მიღებული აქვს საპატიო მედლები და სიგელები.

წყარო: საინფორმაციო პორტალი "აღმოაჩინე გორი": gorimaps.ge; არქეოლოგია : სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი / აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი.-თბილისი, 2018.-N 1.-გვ.174-178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: