The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა მიქელაძე

მარიკა მიქელაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1959  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწყებითი განათლება დედისა და პედაგოგი დების დახმარებით სახლში მიიღო. 1930 წელს საატესტატო გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და იმავე წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ სექტორზე ჩაირიცხა, მაგრამ მომდევნო წელს ავადმყოფობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ცხოვრება სანახევროდ საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. ლექსების წერა 14-15 წლის ასაკში დაიწყო. თავის ლიტერატურული მუშაობის დაწყების თარიღად მარიკა მიქელაძე 1929 წელს ასახელებს. მისი პირველი ლექსები, მოთხრობები და თარგმანები საბავშვო ჟურნალებში "ოქტომბრელსა" და "პიონერში" ქვეყნდებოდა. მისი პირველი წიგნი, საბავშვო მოთხრობა "ოთხი და მეხუთე", 1930 წელს გამოიცა. 1934 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა მარიკა მიქელაძის ლექსი "ყოფილ გაზაფხულს". მისი ლექსები "სიმღერა ჩაის მკრეფავ გოგონაზე" და "აფხაზ მფრინავ ქალს" პერიოდული სახეცვლილებებით იბეჭდებოდა. 1936-1938წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტში საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად. შეიმუშავა მათემატიკის სწავლების სახალისო და მარტივი მეთოდები. 1938 წლის 20 თებერვალს მარიკა მიქელაძე მწერალთა კავშირში მიიღეს. რეპრესიების დროს მარიკა მიქელაძემ ბევრი ლექსი მიუძღვნა საბჭოთა ბელადებს, განსაკუთრებით ლავრენტი ბერიას. ამ უკანასკნელის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შედგა "შავი სია", სადაც ის ავტორები მოხვდნენ, ვისაც ბერიასადმი ჰქონდა წიგნი მიძღვნილი. ამ სიაში, 33-ე ნომრად, მარიკა მიქელაძეცაა, კრებულით "ვიმღეროთ ბრძოლის ამბავი" (1945). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მის ორ წიგნში სქელი შავი ხაზით გადაშლილია ლექსის ის სტრიქონი, რომელიც ლავრენტი ბერიას სახელს ერითმება. ბევრი ლექსი და პოემა დაწერა მარიკა მიქელაძემ ომის თემაზე. 1943 წელს "ლიტერატურულ გაზეთში", ელენე ახვლედიანის ნახატის ქვემოთ, მისი ლექსი "დაბრუნება" გამოქვეყნდა. ომის წლებში დაწერა პოემები "ტანია"და "თეთრი სახლი". ნათარგმნი აქვს ჰაინრიჰ ჰაინეს, ივან ტურგენევის, ალექსანდრ პუშკინის, ეჟენ პოტიეს, საბავშვო მწერლების ვიტალი ბიანკისა და სამუელ მარშაკის ნაწარმოებები. 1946 წელს მარიკა მიქელაძე თავდადებული შრომისთვის მედალზე წარადგინეს. 

წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org

ბიბლიოგრაფია

  • მზე პირს იბანს : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1957. - 198გვ.
  • გამოდარება : ლექსთა კრებული (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1948. - 100გვ.
  • ომგადახდილნი : პიესა ერთ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საქ. სახ. წიგნის პალატის გამ-ბა, 1947. - 16გვ.
  • ოთხი და მეხუთე : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, ავტორის გა-მა,(პოლიგრაფტრ. მე-3 სტ.), 1930. - 20გვ.

გააზიარე: