არტილერია (ჯარების გვარეობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტილერია (ფრანგული atillier – მომზადება, აღჭურვა) - ჯარების გვარეობა; არტილერია წარმოადგენს საარტილერიო შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც ორგანიზაციულად შედიან ოპერატიული გაერთიანების, საერთო საჯარისო შენაერთის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობაში ან უმაღლესი მთავარსადლობის რეზერვში.

სახმელეთო ჯარების თანამედროვე არტილერია იყოფა: საჯარისო (ზოგიერთი ქვეყნის არმიებში – საველედ) და უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის არტილერიად, ხოლო დანიშნულების მიხედვით – სახმელეთოდ და საზენიტოდ.

სახმელეთო არტილერია იყოფა: საბრძოლო თვისებების მიხედვით – საზარბაზნო, საჰაუბიცო, რეაქტიულ, ტანკსაწინააღმდეგო, სამთო და ნაღმსატყორცნებად;

გადაადგილების ხერხების მიხედვით – თვითმავალ, ბუქსირებად (მექანიკური ან ცხენის წევისა), თვითმოძრავ გადასატან, სარკინიგზო, სასაპალნე და სტაციონარულად.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის (საზღვაო) არტილერია მოიცავს სახომალდო და სანაპირო არტილერიას.

საარტილერიო სისტემათა კონსტრუქციების თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ლულიან კუთხვილ, გლუვლულიან, არაუკუმგორავ, რეაქტიულ, საკაზემატო, უნივერსალურ არტილერიას. მისი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფია ბატარეა, ძირითადი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფი – დივიზიონი, საარტილერიო დივიზიონები შეიძლება გაერთიანებული იყოს საარტილერიო პოლკებად ან საარტილერიო ბრიგადებად, ხოლო ბრიგადები (პოლკები) – საარტილერიო დივიზიებად.

არტილერიის შეიარაღებაზე არის სხვადასხვა კალიბრის ზარბაზნები, ჰაუბიცები, ზარბაზან-ჰაუბიცები და ჰაუბიცა-ზარბაზნები, ნაღმსატყორცნები, 57, 85 და 100-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საბრძოლო მანქანები (გამშვები დანადგარები).

არტილერია, რომელიც შედის საერთო-საჯარისო გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობაში. საორგანიზაციო-საშტატო კუთვნილების მიხედვით იყოფა არმიის, კორპუსის, დივიზიის, პოლკის და ბატალიონის არტილერიად.

სარჩევი

არმიის არტილერია

არმიის არტილერია, საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან არმიის სარდლობას. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია არმიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.

ბატალიონის არტილერია

ბატალიონის არტილერია, საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ბატალიონის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც გამოირჩევიან მცირე მასით და გაბარიტით, მაღალი მობილურობით და სწრაფსროლით. განკუთვნილია ბრძოლაში ქვეითი ქვედანაყოფების უშუალო ხარდაჭერისათვის.

დივიზიის არტილერია

დივიზიის არტილერია, საშტატო-საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დივიზიის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ თვითმავალი და საბუქსირე საარტილერიო ქვემეხები (ნაღმსატყორცნები), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. მოქმედებს დივიზიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად და ქვეითი (მოტოქვეითი), სატანკო პოლკების (ბრიგადების) გაძლიერებისათვის მთავარ მიმართულებაზე.

კორპუსის არტილერია

კორპუსის არტილერია, საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან კორპუსის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია კორპუსის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.

პოლკის ან ბრიგადის არტილერია

პოლკის ან ბრიგადის არტილერია, საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან პოლკის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ უპირატესად თვითმავალი საარტილერიო ქვემეხები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია მთლიანად პოლკის ინტერესებში შემავალი შესაბამისი საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე მთავარ მიმართულებაზე ბატალიონების გაძლიერებისათვის.


Logo1.JPG არტილერია მრავალმნიშვნელოვანი


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები