ალტანის რენკლოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალტანის რენკლოდი

ალტანის რენკლოდი - (Reine-Claude d’Altain); სინონიმი: გრაფ ალტანი. ქლიავის ჯიში, გამოყვანილია ბოჰემიაში გრაფ ალტანის მამულში „მწვანე რენკლოდის“ კურკიდან.

ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია რენკლოდების ჯგუფში. ხასიათდება მსხვილი, ლამაზი, ძალიან გემრიელი ნაყოფით; მოსავალი თვალსაჩინოდ არ ზიანდება დაავადებებისა და მავნებლებისაგან, ისხამს უხვად და ადრეც შედის მსხმოიარობაში. ზოგჯერ ტენიანი და ცივი ამინდის დროს ნაყოფი ხეზე სკდება. მიუხედავად თავისი საუკეთესო თვისებებისა, ეს ჯიში საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული.

სარჩევი

ხე

ხე ზომიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით.

ფოთოლი

ფოთოლი მსხვილია, ოვალური ფორმის.

ყვავილობა

ყვავილობა ადრეულა ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშებად უნდა ჩაითვალოს მწვანე რენკოლდი და იტალიური ვენგერკა.

ნაყოფი

ნაყოფი მსხვილია (3,6X4,2X4,4 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 36 გრამს უდრის. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ბრტყელი ფუძით. ნაყოფის კანი სქელია, ხშირად ბადისებრად დასერილი, ძირითადი ფერი ღია მომწვანო–ყვითელია, რომელიც ემჩნევა მხოლოდ შემოუსვლელ ნაყოფს და დაჩრდილულ ადგილებზე ყომრალ–წითელი შეფერვა ფარავს ნაყოფის თითქმის მთელ ზედაპირს. კანზე აშკარად ემჩნევა მოჟანგისფრო წერტილები და ხალები. ნაყოფის ხორცი ოქროსფერ–ყვითელია, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, ტკბილი, სურნელოვანი; სასიამოვნო გემოსი. კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს. კურკა ნაყოფის წონის 4%–ს შეადგენს. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები