აფხაზური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1938-54 წლებში მოქმედი აფხაზური ანბანი (ქართულ გრაფიკასე დამყარებული)

აფხაზური ენა – აფხაზური ენა (აფსუა ბჷზშია, შდრ. აფსუა „აფხაზი, აფსუა“), იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ ანუ აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის ენა. გავრცელებულია საქართველოში, თურქეთსა და სირიაში, ნაწილობრივ რუსეთის ქალაქებში. აფხახეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1989-თვის აფხაზთა (აფსუათა) რაოდენობა შეადგენდა 93 ათას კაცს, ბათუმსა და მიმდებარე სოფლებში – 1600 კაცს, თურქეთის რესპუბლიკაში 100 000 აფხაზი ივარაუდება (ე. ჩირიკბა), ხოლო სირიელ აფხაზთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აფხაზურ ენაში 6 ხმოვანია – ა, ე, ი, ო, უ, ჷ რომელთაგან ე, ი, ო, უ მიღებულია Afx.JPG ნახევარხმოვანთა კომბინაციით ა, ჷ ძირითად ხმოვნებთან. თანხმოვანთა სისტემა რთულია. სალიტერატურო ენას მოეპოვება 56 თანხმოვანი ფონემა. მათ გარდა დიალექტებში დასტურდება კიდევ 10 ფონემა (9 ბზიფურ დიალექტში, ერთი – აბჟუურში). თანხმოვნები ნაწილდება სამეულებად, წყვილეულებად და ცალეულებად. თანხმოვანთკომპლექსები მეორეულია. ამ ენის სპეციფიკას, ქართულ ენასთან საერთო 28 თანხმოვნის გარდა, ქმნის ინტენსიურ, ლაბიალიზებულ, პალატალიზებულ თანხმოვანთა რიგების არსებობა. მახვილი ინტენსიური და მოძრავია. აფხაზური ენა აგლუტინაციური ტიპის ენაა ინკორპორაციის ძლიერი ტენდენციით. სახელი შედარებით მარტივია, ზმნა დიდი სირთულით გამოირჩევა. არ ახასიათებს სახელთა ბრუნება, შეინიშნება მხოლოდ ორი ბრუნვის ჩანასახი. ბრუნვათა როლს ასრულებენ პირისა და გრამატიკული კლასის აღმნიშვნელი ნაცვალსახელური ელემენტები და სიტყვათა რიგი, რაც ირიბად ასახავს ერგატიულ წყობას. აფხაზური სახელის სპეციფიკას ქმნის კუთვნილების კატეგორია, რომელიც თავსართებით გამოიხატება. ზმნა წინადადების ღერძია, ერთი ზმნური ფორმით გადმოიცემა სხვა ენათა მთელი წინადადების შინაარსი, რაც დამახასიათებელია ინკორპორაციული ენებისათვის. უღვლილება კლასოვან-პიროვანია: დ-სა და ლ-ს რიგის პრეფიქსებით გამოიხატება სუბიექტისა და ობიექტის პირი და გრამატიკული კლასი. ამ პრეფიქსებით განირჩევა, ერთი მხრივ, გონიერისა და არაგონიერის, მეორე მხრივ, ქალისა და მამაკაცის გრამატიკული კლასები. ზმნა მორფოლოგიურად ასახავს დროს, დინამიკურობას, ფინიტიურობას (დასრულებულობას), გარდამავლობას, კაუზატივს, ქცევას, პოტენციალისს, უარყოფას, უნებურობას, განგრძობადობა-განმეორადობას, მოჩვენებითობას. სიტყვის ძირი მარტივია, ძირითადია თანხმოვანი + ხმოვნის ტიპი. ლექსიკაში საკუთარ ლექსიკურ ფონდთან ერთად გამოიყენება დიდი რაოდენობის ნასესხობანი ქართველური ენა-კილოებიდან (ძირითადად მეგრული დიალექტიდან და ქართული სალიტერატურო ენიდან), ადიღ-ყაბარდოულიდან, თურქულიდან (სავარაუდოა სესხება ყარაჩაულ-ბალყარულიდანაც), რუსულიდან.

აფხაზურ ენას ამჟამად ორი დიალექტი აქვს: აბჟუური თავისი თქმებითურთ და ბზიფური სამი კილოკავით (აა- ცის, ლიხნისა და ოთჰარის). ცალკე ერთეულია XIX ს. II ნახ. აფხაზეთიდან გადასახლებულ აფხაზთა ბათუმელი შთამომავლების მეტყველება ორი თქმითურთ (ანგისისა და ფერიის თქმები). თურქეთსა და სირიაში მცხოვრებ აფხაზთა (აფსუათა) მეტყველება დიალექტოლოგიური თვალსაზრისით სათანადოდ სიღრმით ჯერაც არ არის გამოკვლეული. სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს უფრო მარტივი სისტემის მქონე აბჟუური დიალექტი. აფხაზური ენის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველურმა (კერძოდ, მეგრულმა) სუბსტრატმა, რაც გამოკვეთილად შეინიშნება ამ ენის დიალექტთა ფონოლოგიურ სისტემაში (სპეციფიკურ აფხაზურ-აფსუურ ფონემათა მოშლას აშკარად არეალური ხასიათი აქეს: სისინ-შიშინა სიბილანტთა სისტემა მთლიანად გამქრალია მეგრული მეტყველების უშუალო მეზობლად გავრცელებულ აბჟუურ დიალექტში, ხოლო მისი გაქრობის ტენდენცია მატულობს ბზიფერი დიალექტის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით), ზოგიერთ ფონეტიკურ პროცესში, განსაკუთრებით ლექსიკაში (დაბალმთიანეთისა ღა ზღვისპირის მცენარეთა სახელები, თევზების სახელები, ქრისტიანული ტერმინოლოგია, ტოპონიმია, გვარ- სახელები, საცხოვრებელ ნაგებობათა სახელები და სხვ.). აფხაზურ ენაში მეგრული სუბსტრატის არსებობა მიანიშნებს საისტორიო წყაროთა და ძველი რუკების მონაცემებზე, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ XVI საუკუნემდე მაინც აფხაზთა მეტყველება წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში (მდ. ყუბანის აუზში).

აფხაზური ლექსიკის მცირე ნაწილი პირველად იქნა ჩაწერილი 1641 თურქი მოგზაურის ევლია ჩელების მიერ არაბული ანბანის გამოყენებით. აფხაზური (აფსუური) ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე 1862. აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორია იწყება დ. გულიას შემოქმედებით, რომლის ლექსების პირეელი კრებული დაიბეჭდა თბილისში 1912. აფხაზური ანბანის გრაფიკის საფუძვლები რამდენჯერმე შეიცვალა: 1862-1926 მცირედი ცელილებებით გამოიყენებოდა რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული პ. უსლარისეული ანბანი, 1926-28 მოქმედებდა ნ. მარის შედგენილი ლათინიზებული ანალიტიკური ანბანი, 1928-38 მას შეენაცვლა ნ. იაკოვლევის მიერ სსრკ ახალდამწერლობიან ენათათვის შექმნილი უნიფიცირებული ლათინისებული ანბანი, 1938–54 გამოიყენებოდა ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანი, 1954 აღდგენილ იქნა რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული პირველი ანბანი.

თ. გვანცელაძე



ლიტერატურა

  • ლომთათიძე ქ. აფხაზური და აბასური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი, I, თბ., 1976;
  • მისივე, ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში, თბ.
  • 1982;
  • მისივე, აფხაზური ენის საკითხები, I. სოხუმი. 1988 (აფხა. ენაზე);
  • გვანცელაძე თ. აფხაზური და ქართული ენის შემსწავლელთათვის, ტ. II, თბ., 2003;
  • ჯანაშია ბ. აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1954;
  • ერისთავი შ. ჭკადუა ლ., აფხაზური ენის გრამატიკა (პროფ. ქ. ლომთათიძის ლექციების კურსის მიხედვით), სოხუმი, 1966 (აფხა. ენაზე);
  • შაყრილი კ. კონჯარია ვ., აფხაზური ენის ლექსიკონი, ტ. I, II, სოხუმი. 1986, 1987 (აფხ. ენაზე).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები