თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი ცემენტი
თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი ცემენტი − სწრაფმყარებადი შემკვრელი, რომელიც მიიღება თიხამიწოვანი ცემენტის კლინკერის ან წიდის და ბუნებრივი ორწყლიანი თაბაშირის (30%) ერთად დაფქვით ან ცალ-ცალკე დაფქულის არევით. შეკვრის დასაწყისია არაუადრეს 20 წთ-სა, დასასრული არაუგვიანეს 4 სთ-ისა. თაბაშირთიხამიწიანი ცემენტის ქვა 1 დღეღამეში წყალუჟონადია 1 მპა წნევის ქვეშ. ცემენტის წრფივი გაფართოება 1 დღეღამის გამაგრების შემდეგ უნდა იყოს არანაკლებ 0,15%, 28 დღეში – 0,1-0,3%, მაგრამ არაუმეტეს 1%-ისა. თაბაშირთიხამიწიან გაფართოებად ცემენტებზე დამზადებული ბეტონი არის ყინვა- და სულფატმედეგი. თაბაშირთიხამიწიანი ცემენტები გამოიყენება შეუკლები და გაფართოებადი წყალუჟონადი დუღაბისა და ბეტონის, ნაკერის ჰერმეტიზაციის, შახტის ჰიდროიზოლაციისათვის, ნავთობპროდუქტის შესანახი რეზერვუარების დასამზადებლად და სხვ.