ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობა საერთაშორისო ურთიერთობებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობა საერთაშორისო ურთიერთობებში − საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც პირველად, როგორც ობიექტური კანონზომიერება, დაფიქსირდა გაეროს წესდებაში, რომლის მე-2 მუხლში ნათქვამია, რომ „გაეროს წევრები თავს შეიკავებენ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოყენებისაგან როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე სხვა რაიმე სახით, რაც შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან“. მოცემული ფორმულა შემდეგ უფრო დაკონკრეტდა დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ 1970, აგრესიის განმარტებაში 1974, ევროთათბირის დასკვნით აქტში 1975 და ა.შ.

ევროთათბირის დასკვნით აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ წევრი სახელმწიფოები თავს შეიკავებენ ძალის ნებისმიერი სახის გამოყენებისაგან სხვა სახელმწიფოს იძულების მიზნით. ეკონომიკური იძულების ყოველგვარი აქტისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს ძალის გამოყენებას ნებისმიერი სახით. გაეროს წესდებაში (მუხლი 42-47, 51) საუბარია ასევე შეიარაღებული და არაშეიარაღებული ძალის კანონიერი გამოყენების შემთხვევებზე, კერძოდ, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო კავშირების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტა. ხოლო რაც შეეხება შეიარაღებული ძალის კანონიერ გამოყენებას, გაეროს წესდება ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევას: თავდაცვის მიზნით (მუხლი 5) და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში (მუხლი 39 და 42.). შეიარაღებული ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით მართლზომიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმა და ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები. თუ უშიშროების საბჭომ კონფლიქტის გადაჭრისათვის რეკომენდებული არაშეიარაღებული ხასიათის ზომები არასაკმარისად ჩათვალა, იგი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდაჭერისა თუ აღდგენისათვის. ასეთი მოქმედება მოიცავს გაეროს წევრთა დემონსტრაციებს, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების ბლოკადასა და სხვა სახის ოპერაციებს.

ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობის პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს აგრესიული ომის აკრძალვას. აგრესიის განმარტების თანახმად, სახელმწიფოს მიერ პირველად შეიარაღებული ძალის გამოყენება კვალიფიცირდება როგორც აგრესიული ომი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულს და იწვევს სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ და დამნაშავე ინდივიდების საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებებში აგრესორთა მოქმედებას მიეცა საერთაშორისო დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაცია, ხოლო შემდეგ პრინციპის შინაარსს დაემატა სახელმწიფოთა ვალდებულება, თავი შეიკავოს აგრესიული ომის პროპაგანდისაგან. ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობის პრინციპის ნორმატიული შინაარსი მოიცავს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაციის აკრძალვას, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული რეპრენალიის აქტების აკრძალვას, სამოქალაქო ომის ან ტერორისტული აქტების მოწყობის, წამქეზებლობის, მათთვის დახმარების აღმოჩენის ან მონაწილეობის მიღების დაუშვებლობას;

ყველა სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს არალეგალური ძალების ან შეიარაღებული ბანდების, მათ შორის დაქირავებული რაზმების შექმნისაგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაჭრელად. ამ პრინციპის ნორმატიული შინაარსი განსაკუთრებით ხაზგასმულია სახელმწიფოთა ვალდებულებაში, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისაგან სხვა სახელმწიფოს საზღვრების დარღვევისა ან სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული ტერიტორიული დავების გადაწყვეტის მიზნით. ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დარღვევად ითვლება ასევე ძალმომრეობითი მოქმედება სადემარკაციო და დროებითი დაზავების სახების მიმართ. ნავსადგურებისა და სანაპიროების ბლოკადა, ნებისმიერი ძალისმიერი მოქმედება, რაც აბრკოლებს ხალხთა მიერ თვითგამორკვევის კანონიერი უფლების გამოყენებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები