საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიგაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციის [288 (X)] თანახმად (27.II.1950), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებად ითვლება „ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ არის შექმნილი სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე“. საერთაშორისო ასოციაციების კავშირის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ აკონკრეტებს ასეთი ორგანიზაციების ცნებას ძირითადი თავისებურებების ჩამოთვლით: მოგების მიღების მიზნის არარსებობა, აღიარება თუნდაც ერთი სახელმწიფოს მიერ ან საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებში საკონსულტაციო სტატუსი, ფულადი სახსრების მიღება ერთზე მეტი ქვეყნიდან.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე ცალკეული პირები (მაგ. პაგოუშის მოძრაობის საბჭო), სამეცნიერო დაწესებულება (მეცნიერული კავშირების საერთაშორისო საბჭო).

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნისას მიიღება მისი წესდება, რომელიც იურიდიული ბუნებით, არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ზოგიერთ სახელმწიფოში (მაგ. ბელგია) არსებობს სპეციალური კანონები. რომლებითაც განისაზღვრება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, სხვა ქვეყნებში ეს საკითხები რეგლამენტირებულია საერთო კანონებით ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან ნაწილს კონტაქტები აქვს საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციებთან, ეკოსოსა და გაეროს სხვა სპეციალიზებულ ორგანოებში შეიძლება ჰქონდეს საკონსულტაციო სტატუსი. ეკოსოსის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც შეიცავს საკონსულტაციო ურთიერთობების სამართლებრივ რეგლამენტაციას, – „ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შესახებ“, – დადგენილია საკონსულტაციო სტატუსის 2 კატეგორია: კატეგორია I (საერთო-საკონსულტაციო სტატუსი) და კატეგორია II (სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი). ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ საკონსულტაციო სტატუსს, ენიჭებათ გარკვეული უფლებები და ეკისრებათ ვალდებულებები. მათ შეუძლიათ შეიტანონ წინადადება ეკოსოსის დღის წესრიგის შესახებ, ხოლო წარმომადგენლებს – დაესწრონ სხდომებს, წარმოადგინონ წერილობითი განცხადებები, გამოვიდნენ ეკოსოსში მოხსენებით და ა.შ. I ან II საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაცია ვალდებულია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების ორგანიზაციის კომიტეტს (ეკოსოსის დამხმარე ორგანო) წარუდგინოს მოხსენება თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოცემული ორგანიზაციის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ გაეროს მოღვაწეობის მხარდაჭერის საქმეში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები