ოპიზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოპიზის მონასტერი

ოპიზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი − (ინგლ. Opiza), შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, შავშვეთისწყლის ხეობაში, სოფელ ოპიზას (ბაყჩილარ) მახლობლად. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ტაძარი, სატრაპეზო, მართკუთხა ნაგებობა, სამრეკლო, საძვალე.

V საუკუნეში აგებული ოპიზა ერთ-ერთი უძველესია ტაო-კლარჯეთის ქართულ სავანეთა შორის. ჯუანშერის მიხედვით („ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“) ოპიზის აგება ქართლის მეფეს (449-502 წწ.) ვახტანგ გორგასალსა და მისი ერისთავის, არტავაზის სახელს უკავშირდება. მერვე საუკუნის 30-იან წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ დაარბია კლარჯეთ-შავშეთი და მონასტერიც დაინგრა. 760-780-იან წლებში იგი კვლავ აღდგა ტაო-კლარჯეთის ერისთავის (789-786 წწ.) და ჯავახეთის ერისმთავრის (786-807 წწ.) ადარნასე ბაგრატიონის მმარველობის დროს. ამავე პერიოდში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩავიდა დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი გრიგოლ ხანძთელი. ოპიზის „მეორედ მაშენებლად“ ითვლება ადარნასეს შვილი აშოტ I კურაპალატი. მან ააგო ეკლესია და სატრაპეზო, რაზეც გვამცნობს სატრაპეზოს სამხრეთი კედლის მეორე თაღში ჩასმული მსხვილი ქვის სინგურით დაფარული ხუცური წარწერა, ხოლო ეკლესიის აშენებიდან ათეული წლის შემდეგ აშოტის ძემ, გუარამ მამფალმა ააგო „უფრო დიდი“ ტაძარი (ამ ტაძრის ნანგრევებია დღემდე შემორჩენილი).

Opiza fila.JPG

ტაძრის სამხრეთ ფასადზე მოთავსებული იყოს ქვიშაქვის ორი ფილა (ამჟამად ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში) ნაქანდაკევი ფიგურებით . მარცხენა ფილაზე გამოსახულია ფიგურა (აშოტ I კურაპალატი), რომელიც ქრისტეს მიართმევს ეკლესიის მოდელს (თან ახლავს წარწერა „აშოტ“ და „ეკლესია“), ხოლო მეორე ფილაზე – აღსაყრდებული ქრისტე და მისი ტახტის გვერდით მდგომი პიროვნება წარწერით – „დავით“ (დავით წინასწარმეტყველი. სხვა მოსაზრებით კი იგი აშოტის უფროსი ძმა დავით მაგისტროსია).

XVI საუკუნეში ტაო-კლარჯეთის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, ოპიზა სრულად დაცარიელდა და გაპარტახდა. XX საუკუნის 60-იან წლებში სოფლის გზის გაყვანისას ეკლესია ააფეთქეს, მთლიანად ჩამოინგრა გუმბათი და საკურთხევლის ნაწილი. ამჟამად შენობისგან გადარჩენილია სამხრეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთის კედლის ნაწილი, ჩრდილოეთის მკლავის კედლების მეტი ნაწილი. ამიტომ კომპლექსის არქიტექურაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ძველ ავტორთა (ნ. მარი, ა. პავლინოვი, დ. ერმაკოვი, ნ. და ჟ.-მ. ტიერები) მონაცემებზე დაყრდნობით.

ძირითადი ტაძარი ნაგებია უხეშად დამუშავებული მორუხო და თლილი ფორებიანი ქვებით. იგი ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ორიგინალური ნაგებობაა უჩვეულოდ დაგრძელებული დასავლეთის მკლავით, რომელსაც ექვსი დიდი ზომის სარკმელი ამშვენებდა (შემორჩენილი მხოლოდ ერთი). ეკლესიას საკურთხევლის ორივე მხარეს უაფსიდო, გეგმით მართკუთხა დამხმარე სათავსები – პასტფორიუმები ჰქონია. ტაძარის შესასვლელი დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელშია. მის წინ იყო კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი. მკლავების კუთხეებს შენობის შუაში ლილვები აუყვება. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე აფრა-ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ტრომპებს ნახევრადკონუსური მოყვანილობა ჰქონდა და ორსაფეხურიანი თაღები შემოწერდა. ძირითადი ტრომპების ზემოთ გაკეთებული იყო ორ-ორი მცირე ტრომპი. გუმბათის ყელს შიგნიდანაც და გარედანაც თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა ექვსი დიდი სარკმლით. გუმბათს ჰქონდა ნახევრადგაშლილი ქოლგის ფორმის სახურავი, რომელიც ყოველი წახნაგის თავზე ფრონტონს ქმნიდა. კარნიზი ორი მაღალი თაროსაგან შედგებოდა. ძირითადი კორპუსი გარედან საკმაოდ სადა იყო. ტაძრის დასავლეთ მკლავს სამხრეთიდან ეკვროდა მომცრო დარბაზული ეგვტერი აღმოსავლეთის აფსიდით. ის ახლა მთლიანად დანგრეულია და ნაყარი ქვებითა და მიწით არის ამოვსებული. შესასვლელი ეგვტერს დასავლეთიდან, კარიბჭედან ჰქონდა.

სამრეკლო აშენებულია სუბსტრუქციაზე. ქვედა ნაწილი შედარებით უკეთესად შემოინახა, ჩაქცეული აქვს მხოლოდ კამარის ნაწილი. მისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები გახსნილია თაღებით, რაც მოწმობს, რომ იგი გასასვლელის (კარიბჭის) როლს ასრულებდა.

დიდი მართკუთხა ნაგებობა ეკლესიის აღმოსავლეთით იდგა, რომლისგანაც დღესდღეობით მცირე ნაშთები დარჩა.

ოპიზა საქართველოს სინამდვილეში მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო. იქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, სერაპიონ ზარზმელი, მიქელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); საქვეყნოდ ცნობილი ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვანი. აქ შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, რომელთა შორისაა 913 წლის ცნობილი სახარება და 1093 წლის პარაკლიტონი, რომელიც „დაიწერა დიდებულსა ლავრასა შინა ოპიზას“.


იხილე აგრეთვე

ათონის ოთხთავი
ათანასე არვანდყოფილი

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები