ბორიმელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორიმელა – პატარა მდინარეა ზემო იმერეთში (ხარაგაულის რ.). ჩამოუდის სოფლებს: ხიდარს, ბორს და სხვ. როგორც ზემო იმერეთის მდინარე-ხევებს სჩვევიათ, ბორიმელამაც დიდი და უეცარი ადიდება იცის. „რო მოდიდდება, უბედური წყალიაო“, – ამბობენ მასზე ადგილობრივი მცხოვრებნი.

სახელწოდება ბორიმელა ორი სიტყვისაგან არის შედგენილი ესენია: სოფლის სახელი ბორი და იმერეთის პატარ-პატარა მდინარეებისათვის ნიშანდობლივი მელა სიტყვა (შდრ. ჩხერიმელა, ხერხემელა…) ეს მელა კი სხვა არაფერია, თუ არა მერე – „მდინარის კიდე“ (ვაკე, ჭალა) (საბა). მაშასადამე ბორიმელა შეიძლება გავიგოთ როგორც „სოფელ ბორის მდინარისპირა ვაკე ადგილები.“

ადგილობრივ გავრცელებული ხალხური ვერსიის მიხედვით კი ამ მდინარეს „სახელი მოუგია“ მელიის თვისებასთან მიმსგავსებით: „იპარებოდა წყალი და მოდიოდა ხიდრიდან. გამეიპარა იმ ხიდრის და ვარძიას კუთხეებიდან და გამევიდა ბორით კუთხეში. ბორი ვაკე ადგილია (!) და იქ მიიფანტ-მეიფანტა, ვერ გეიგეს, სა წევიდა. როგორც მელა, ისე გვიპარა ბორიში (ბორითში) და აქედან დაარქვეს ბორიმელა. ვფიქრობთ, რომ თვითონ სოფლის სახელი ბორი, აგრეთვე, ბორითი (ორივე სოფელი ხარაგაულის რაიონშია) მნიშვნელობით ვაკე ადგილს, ველობს უნდა უკავშირდებოდეს. საქმე ისაა, რომ სიტყვები მოედანი, ვაკე, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით იგივეა, რაც ფორე: მეედანი, მეიდანი, სხვათა ენაა, ქართულად მერე და მინდორი და ფორე ჰქვიან; მეედანი სხვათა ენაა, ქართულად მინდორი და ფორე ჰქვიან და მერე“ ამ მოსაზრებას თუ სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ ბორი, ბო-რი-თ-ი უნდა გავიაზროთ როგორც „ვაკე ადგილი“, მდინარის სახელი ბორიმელა კი – „ვაკისის მერე“, „მდინარისპირა ვაკობი“, „წყალი, ხევი, რომელიც ჩამოუდის ვაკობ ადგილს“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები