ბაგრატ II (ქართლში ბაგრატ IV)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბაგრატ II (იმერეთის მეფე)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ II — იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში (დათარიღება: ბერი ეგნატაშვილი - 1455-1478, ვახუშტი - 1462-1478, თ. ჟორდანია - 1455-1478, ს. კაკაბაძე - 1455-1478).

ოსმალთაგან 1453 წელს კონსტანტინოპოლის და 1461 წელს ტრაპეზუნდის საკეისროს აღებამ საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა - იგი მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში აღმოჩნდა. ეტყობა, ოსმალთა გაძლიერების საშიშროება საქართველოს მეფე-მთავრებისათვის სრულიად ნათელი იყო. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ისინი 1459 წლისათვის დიდ ანტიოსმალურ კოალიციაში ერთიანდებიან და თავიანთ სამოქმედო გეგმასაც წარადგენენ. ქართველთა გაერთიანების წევრად, სხვებთან ერთად ბაგრატიც არის მოხსენიებული. კოალიცია, რომელიც ოსმალთა სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად, დასავლეთ ევროპის პოლიტიკოსთა მერყევი პოზიციის გამო დაიშალა. ეს თითქოს ნიშანი იყო მეფე-მთავრებს შორის ბრძოლის განახლებისა.

ქართლისა და სამცხის გამწვავებული ურთიერთობა გამოიყენა სამოქალაქოს (ქუთაისის ოლქი) ერისთავმა ბაგრატმა და 1462 წელს ქართლის მეფე გიორგი VIII-ს (1446-1466) აუჯანყდა. მათ შორის ბრძოლები ადრეც მიმდინარეობდა და გამარჯვება ხან ერთ მხარეს რჩებოდა, ხან მეორეს, ამიტომ ზოგიერთი ცნობით ბაგრატი ამ ამბებამდეც „მეფედ“ იწოდებოდა. სამცხის ათაბაგმა ყვარყვარემ ბაგრატ II-ს ქართლის მეფის წინააღმდეგ ბროლაში 1463 წელს ჩიხორთან მოხდა. ბაგრატმა გაიმარჯვა და ქუთაისში მეფედ აკურთხეს.

ჩიხორის მერე ქართლის მეფემ სამცხეზე ილაშქრა. ყვარყვარე ათაბაგმა მას შებრძოლება ვერ გაუბედა და იმერეთში ბაგრატს შეეკედლა. სპარსელთა ხელახალი შემოსევის გამო გიორგი VIII ქართლში დაბრუნდა და 1463 წ. სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხდა. ამის შემდეგ ყვარყვარემ, ბაგრატის დახმარებით, სამცხე დაიბრუნა. გიორგი VIII არ თმობდა თავის უფლებებს სამცხესა და იმერეთზე და 1465 წელს კვლავ გაილაშქრა სამცხეზე, მაგრამ ფარავანთან ყვარყვარეს ჩაუვარდა ტყვედ. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს რამდენიმე ფეოდალმა, მათ შორის - დავით ბატონიშვილმა, კონსტანტინე ბატონიშვილი უმწეობის გამო იძულებული გახდა დამორჩილებოდა. 1466 წლის თებერვალში ბაგრატი ქართლში გადავიდა და თავი ბაგრატ VI-ის სახელით საქართველოს მეფედ გამოაცხადა.

ბაგრატის მეფობის პერიოდში საქართველოში შესაწირის შესაკრებად ჩამოდის ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი (1470-74)-1484 წწ.), რომელიც ამავე დროს ანტიოქიის და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობით ინტერესდება და ეჭვქვეშ აყენებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დროს სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებას იღებს ბაგრატ მეფე. მისი ინიციატივით მიქაელ ცაიშელ-ბედიელ ეპისკოპოს იოვაკიმეს ლიხთ-იმერეთსა და აფხაზეთის კათალიკოზად აკურთხებს (1470-1474), რითაც უგულებელყოფს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებებს. მიქაელსავე შეადგენინა ბაგრატმა „მცნება სასჯულო“. აქ გატარებული იყო აზრი, რომ რადგან აღმოსავლეთში წმ. ნინომ იქადაგა, დასავლეთის ეკლესიები სხვადასხვა ეკლესიებიაო. ივ, ჯავახიშვილის შეფასებით, ამ ქმედებით „ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს“.

ოსმალთაგან დამარცხებული აყ-ყონლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი უზუნ-ჰასანი (1453-1478) რამდენიმე ლაშქრობას აწყობს საქართველოზე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას. ბაგრატი იძულებული გახდა ეკისრა ყოველწლიური ხარკი უზუნ ჰასანის სასარგებლოდ.

1477 წ. ქართლ-იმერეთის მეფეს ბრძოლა მოუხდა მისივე ნებით გამთავრებულ ვამეყ II დადიანთან (1474-1482), რომელიც დაამარცხა და ერთგულების ფიცის დადების შემდეგ დადიანად დატოვა. შემდეგ მასთან ერთად ქართლში დაბრუნდა და ციხეების ხელში ჩაგდებას შეეცადა.

1478 წელს ქართლ-იმერეთის მეფე რაჭაში გადადის. იქ იგი დასნეულდა და მალე გარდაიცვალა, დაკრძალულია გელათის მეფეთა საძვალეში.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები