მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-21
ხელოვნების მუზეუმი შველას ითხოვს

სულ ახლახან, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" ორი მასალა გამოქვეყნდა საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით. მადლობის მეტი რა ითქმის გაზეთის მიმართ, რომელმაც ესოდენი ყურადღება დაუთმო ქართული კულტურისა და ისტორიის გადარჩენის, ყოფნა-არყოფნის საკითხს.
ახალი არაფერია იმაში, ერის კულტურა, ისტორია მუზეუმებითაც რომ განისაზღვრება. მუზეუმებში თავმოყრილი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები ცოცხალი მაგალითია - რანი ვიყავით და რანი ვართ, აქედან გამომდინარე - რანი ვიქნებით.
აი, "რანი ვიქნებით", რომ სერიოზულ კითხვებს აჩენს, ჯერჯერობით ვერ გაგვითავისებია. რატომო, - იკითხავთ. იმიტომ, ბატონებო, რომ ზერელედ, ქარაფშუტულად, ზედაპირულად ვეპყრობით წარსულს, წარსულისადმი გულგრილი დამოკიდებულება კი თავისთავად შობს უკულტურო, უისტორიო მომავალს. აკი შვა კიდევაც სააკაშვილ-ნაცების სახით, რომლებიც ხმამაღლა, მოურიდებლად გაჰყვიროდნენ! - საქართველოს ისტორია ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყებაო (ანუ 2004 წლიდან).
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნებისმიერი ექსპონატი რომ მსოფლიო მუზეუმების დამამშვენებელი იქნება, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ ზედმეტი და მე ვიტყოდი სისტემატური ყვირილი რომ სჭირდება, ფაქტია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ხმადაბალი ლაპარაკით რომ ვერაფერს გავხდებით.
ხელოვნების მუზეუმი, შესანიშნავი ძველი (როგორც შენობა) არქიტექტურისა და შეუფასებელი სიმდიდრე პატარა ერისა, საქართველო რომ ჰქვია, დღიდან დაარსებისა, მუდამ ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული. საბჭოთა სისტემის ლიბერალიზაციის, ანუ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ხელოვნების მუზეუმის სტუმართა რიცხვი მილიონობით ადამიანი იყო და ამ მილიონების დიდი ნაწილი უცხოელ სტუმრებზე მოდიოდა.
1963-65 წლებში საკავშირო-სააქციონერო საზოგადოება "ინტურისტის" თბილისის განყოფილებაში გიდ-თარჯიმნად მუშაობის პერიოდში, თითქმის ყოველდღე, ცხადია, შაბათ-კვირის ჩათვლით, აშშ-ის ტურისტული ჯგუფები დამყავდა მუზეუმის დასათვალიერებლად, ვინაიდან მუზეუმი საქართველოს კულტურისა და ისტორიის ღირსშესანიშნავი ადგილი იყო.
ხელოვნების მუზეუმი, განსაკუთრებით მისი ე.წ. "სეიფი", უნიკალური ქართული ხატებით, გაოცებას იწვევდა უცხოელ სტუმარში. "სეიფიდან" გამოსული სტუმრები იქვე ფოიეში ჯიბეს არ ზოგავდნენ მუზეუმის შესახებ არსებული ბუკლეტების შესაძენად.
ხელოვნების მუზეუმი თბილისის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა. რესპუბლიკის პროტოკოლის სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში არ მახსოვს არც ერთი სახელმწიფო დელეგაცია, რომელსაც საქართველოს გაცნობა ხელოვნების მუზეუმის "სეიფით" არ დაეწყოს. თითქმის ყველა დელეგაციას მუზეუმის დირექტორი, შესანიშნავი მეცნიერი და მამულიშვილი შალვა ამირანაშვილი მასპინძლობდა. მისი ყველა სიტყვა, ქართული საგანძურით მოვარაყებული, ქართული ისტორიისა და კულტურის სიმფონია იყო.
მუზეუმს არც შინაური დამთვალიერებლები აკლდა. ერთი პერიოდი სკოლის მოსწავლეებიც დაჰყავდათ - სისტემატურად, დაწესებული გრაფიკის მიხედვით. არ ვიცი, დაჰყავთ თუ არა ახლაც ორგანიზებულად მოსწავლეები მუზეუმებში, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმში და თუ არა, გამოუსწორებელი შეცდომაა.
მუზეუმს ახსოვს კარგი პერიოდიც, "ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდად" რომ იხსენიებენ ზოგიერთები, თორემ ის, რაც მუზეუმს შემორჩა - აღარ იქნებოდა. იმჟამინდელებს გვეგონა, რომ საბჭოთა სისტემა არაჯეროვნად უდგებოდა ხელოვნების მუზეუმის საქმეს და აქედან გამომდინარე, არაერთხელ მივმართეთ კოლექტიური წერილით საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილებას. მოთხოვნის თემა - მუზეუმის გაფართოება იყო. სამწუხაროდ, ისე დაიშალა საბჭოთა კავშირი, უხვი დაპირება დაპირებად დარჩა.
ნანატრი დამოუკიდებლობის 23 წელიწადის განმავლობაში არათუ მუზეუმი, თავიც აღარავის ახსოვდა. თვალწინ მიდგას გასული საუკუნის 90-იანი წლების გაყინული ზამთრის დღეები, "ელექტროგამათბობელთან" შემომსხდარი მუზეუმის თანამშრომლები, გამათბობლის ოდნავ მოშორებით აუტანელი სიცივე, მუზეუმის კედლებს გარეთ პურის გრძელი რიგები.
მიუხედავად სიცივისა, სახურავიდან ჩამოსული წყლისა, აუტანელი პირობებისა, მუზეუმმა გაძლო და გაძლო პატრიოტი თანამშრომლების ამტანობის წყალობით. ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც თითქმის უხელფასოდ, აუცილებელი მინიმალური სამუშაო პირობების გარეშე ემსახურებოდნენ საქართველოს, მის ისტორიას და მომავალს.
და როდესაც გავიფიქრეთ, რომ გვეშველა, საქმე უკან წავიდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, უგონო "ოპტიმიზაციის" საბაბით, გააუქმა რამდენიმე მუზეუმის, მათ შორის ხელოვნების, ავტონომიური მმართველობა და სახელმწიფო მუზეუმს დაუქვემდებარა, რითაც ისედაც გავერანებული საქმე, მთლად მიწასთან გაასწორა. შედით ხელოვნების მუზეუმში და საკუთარი თვალით ნახეთ, როგორი არ უნდა იყოს მუზეუმი. აფსუს, ამირანაშვილის ხელოვნების საყდარი!
ამასობაში გარემონტდა სახელმწიფო მუზეუმი, თუმცა, არც ისე, როგორც ყვიროდნენ. როგორც ჩანს, არცერთ ხელისუფლებას არ უნახავს უცხოური მუზეუმები, შესაბამისი კლიმატით, შესაბამისად განათებული საგამოფენო დარბაზებით, იატაკებით (არა ისეთი უსახოთი, როგორიც სახელმწიფო მუზეუმში), აუდიო-გიდებით (ცხადია, სხვადასხვა ენაზე), მოხერხებული საცავებით და ა.შ.
და რახან ხელისუფლებას მუზეუმებისკენ გახედვაც არ სურს, მუზეუმების გაერთიანებულ ხელმძღვანელობას, ლორთქიფანიძის სახით, ფართო გზა აქვს გახსნილი. წინა, ნაცური ხელისუფლების "მუზეუმური" აღქმა საბჭოთა პერიოდის დანაშაულთა გამოფენით იწყებოდა და თავდებოდა; გარდა ამისა, ზოგიერთი სამუზეუმო ნივთის წაღებით - სად, არავინ იცის.
შურით ვუყურებ რუსეთში წამოწყებულ კამპანიას - მუზეუმების ახალი შენობების მშენებლობით, ძველის რესტავრაციით. ვინ არ ჰყავთ მიწვეული რუსეთის ხელისუფლებას არქიტექტურული სამუშაოების ჩასატარებლად, მათ შორისაა სახელგანთქმული ბრიტანელი ხუროთმოძღვარი ჯოდი ფოსტერი.
არა მარტო რუსეთში ხდება ეს, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, ვისაც საკუთარი წარსული უყვარს. ქ.დუბაიში ყოფნის დროს, პირველსავე დღეს ვეწვიე ადგილობრივ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის, არაბულ ქვეყნებთან, მოკრძალებული წარსულის მატარებელ დუბაიში ერთობ საინტერესოდ მოწყობილი მუზეუმი ვიხილე.
ჩვენთან წარსულის სიყვარული მხოლოდ სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში აისახება და არსად სხვაგან. სხვაგან რომ იყოს, გარემონტებულ სახელმწიფო გალერეის კედელს, ქაშვეთის ეკლესიის მხარეს, ისეთ ფერში არ გავაკეთებდით, არც გალერეის ფასადურ შესასვლელს არ ამოვყორავდით და დამთვალიერებელს "უკანალიდან" შესვლას არ დავაძალებდით.
ხელოვნების მუზეუმი შველას ითხოვს - როგორც შენობა, ისე იქ არსებული ექსპონატები. დღევანდელი პირობები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არადა, რა ხმით გაჰყვიროდა ნაცური ხელისუფლება - საქართველო ტურისტულ მექად უნდა იქცესო!
არანაკლები ყურადღება ესაჭიროება ხელნაწერთა ინსტიტუტს - მართლაცდა უნიკალური წარსულის, უნიკალური ექსპონატების სამყაროს.
23 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში რა არ აშენდა თბილისში - საჭირო თუ არასაჭირო, უხამსი არქიტექტურის თუ ნაკლებად უხამსი (ძველ ქალაქში გადებული უფუნქციო ხიდი, 2 საკონცერტო "ტრუბა", საჯარო რეესტრის "სოკოები" და ა.შ.), მაგრამ არც ერთი ნაბიჯი - ხელოვნების მუზეუმისთვის, ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის.
ხელისუფლებას არ სცალია, "სერიოზული" საქმეებითაა დაკავებული, მაგრამ სად არიან ჩვენი "სასიქადულო" ბიზნესმენები. საერთო ძალისხმევით ხომ შეიძლებოდა ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანა ?!
და კიდევ ერთი რამ, რეალობამ დაგვანახა, რომ ბევრი მუზეუმის ერთი დირექციით მართვა, მითუმეტეს ერთი დირექტორით, შეუძლებელია. ხელოვნების მუზეუმს თავისი დირექტორი და არა "სხვისი" უნდა ჰყავდეს. საკუთარ დირექტორს მეტი მოეთხოვება, მაგრამ არის კი ამის გამგები - "საშვილიშვილო" საქმეებში ესოდენ ჩაფლული ხელისუფლება ?!


ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.








fs22



 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი