მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ლაზურ საახალწლო სუფრაზე "ბჟაშ მოჟონომე" და "კაიმაღი" აუცილებლად უნდა ყოფილიყო: ასეთია ლაზური სოფელი ზამთარში

ახალი წელი ყველა ქართველური ტომისათვის ოდითგანვე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო და ნაყოფიერების ღვთაებას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ახლა უკვე ვეღარაფერს ვიტყვით იმაზე, როგორ აღნიშნავდნენ ქართველები ახალ წელს წარმართობის ხანაში, მაგრამ შეგვიძლია მიახლოებით მაინც აღვადგინოთ იმ დროის სურათები, თუკი დავუკვირდებით იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უძველესი დროიდან შემოუნახავს. საქართველოს ერთ-ერთ უძველეს პროვინციაში - ლაზეთში ახალ წელს იანვარში ზეიმობდნენ და ეს წესი აქ არც ამ მხარის იძულებითი გამუსლიმანების შემდეგ აღმოფხვრილა.

ადგილობრივ დიალექტზე ახალ წელს "აღანი წანა" ეწოდება, იანვარს კი "წანაღანი". როგორც ხედავთ, ეს ორი სახელწოდება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ხოლო იანვრის ასეთი დასახელება კი კიდევ ერთი დამამტკიცებელია იმისა, რომ ლაზები ძველად ქრისტიანობას აღიარებდნენ - სხვა შემთხვევაში ისინი "წანაღანს" მარტის თვეს დაარქმევდნენ (მუსლიმანები ახალ წელს მარტში დღესასწაულობენ).

თურქეთში ბევრს ცდილობდნენ, რომ ლაზებისათვის იანვრის თვეში ახალი წლის ზეიმის გამართვა აეკრძალათ და ძველი წეს-ჩვეულებებიც დაევიწყებინათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლაზებმა მაინც შემოინახეს საახალწლო წეს-ჩვეულებათა მეტი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ ეს წეს-ჩვეულებები წმიდა ქართული ფორმითაა შემონახული და ისლამის გავლენა მათ თითქმის არ შეხებიათ. იმასაც დავძენთ, რომ ლაზები ახალ წელსა და შობას (ლაზურად "ქრისტანა") ხშირად ერთადაც კი აღნიშნავდნენ ხოლმე, რადგან თურქები მათ ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნას უკრძალავდნენ.

საახალწლო სამზადისი ლაზურ ოჯახში 1 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა: ქალები აკეთებდნენ ჩურჩხელებს, რომელთაც "ჯანჯუხაფე" ეწოდებოდა, დერგებიდან იღებდნენ დამარილებულ ქაფშიას (ხამსას) და აცხობდნენ ე.წ. "ქაფჩონი ჭკიდეფეს", ანუ ისეთ მჭადებს, რომლებშიც შიგთავსის სახით ჩადებული იყო გადაზელილი მარილიანი ქაფშია (ლაზურად "ქაფჩა"). როგორც ლაზი მოხუცები აღნიშნავენ, ასეთ მჭადს ჭამის დროს ყველის მიტანება არ სჭირდებოდა და ძალიან გემრიელი იყო. გარდა ამისა, ლაზები აკეთებდნენ ე.წ. "თერმონს", ანუ თავისებურ სასუსნავს სიმინდის ფქვილისა, თაფლისა და სხვა რამეების შერევით. აღსანიშნავია, რომ დღეს "თერმონის" დამზადების ტექნოლოგია თითქმის დავიწყებულია და ღრმად მოხუცებიც კი ვეღარ იხსენებენ მის წესებს. "თერმონს" ხოფელი, არქაბელი, სარფელი თუ ათინელი ლაზები სხვადასხვანაირად აკეთებდნენ.

ლაზურ საახალწლო სუფრაზე ასევე უნდა ყოფილიყო "მჟაშ მოჟონომე" ანუ არაჟანი, და "კაიმაღი", ანუ ნაღები, აგრეთვე ქათმის ან ბატის ხორცი. გარდა ამისა, როგორც ლაზი მთქმელები გვიდასტურებენ, ახალი წლის სუფრაზე მოჰქონდათ თურქული საჭმელებიც - რახათლუჰუმი, ფლავი და ა.შ. აქვე იყო მეტად ცხარე საწებელიც - "ჯიკაპურპოლი". რაც შეეხება სასმელებს, სუფრაზე მხოლოდ შერბეთი, ანუ თაფლიანი წყალი უნდა ყოფილიყო. მაშინ, როცა ლაზი ქალები საახალწლო სუფრის სამზადისით იყვნენ დაკავებულნი, კაცები ჩიჩილაკს ამზადებდნენ. ჩიჩილაკი ერთ მეტრამდე სიმაღლის იყო და საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით, ლაზეთის ზოგ სოფელში მას შინდისფრადაც კი ღებავდნენ. თურქეთის ქალაქ ხოფის მცხოვრების, 87 წლის აბდულა ჩიმაჯიოღლუს (ჩიმაჯიშის) ინფორმაციით, ჩიჩილაკი აუცილებლად ოჯახის უფროსს უნდა დაემზადებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავის "მაგიურ ძალას" - ავი სულებისაგან სახლის დაცვის უნარს დაკარგავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თურქები ძველად ლაზებს ჩიჩილაკის გაკეთებას სასტიკად უკრძალავდნენ და ვისაც მას უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. ამის მიზეზი კი ის ჯვარი იყო, რომელსაც ლაზები ჩიჩილაკს წვერზე უკეთებდნენ.

ახალი წლის ღამეს მეკვლის ფუნქციას ძირითადად ოჯახის უფროსი ასრულებდა - როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა, იგი სხვების შეუმჩნევლად გარეთ გავიდოდა, თან სურსათ-სანოვაგით სავსე კალათას და ჩიჩილაკს გაიტანდა, სახეზე ყაბალახს აიფარებდა და კარზე ისე დააკაკუნებდა. "მინ ორერ?" ("ვინ ხარ?") შეეკითხებოდა შიგნიდან ვინმე. "აღანი წანა თქვანი კაი იყვას, პოტე კაი ძირათ დო ხელება დო კაიობათე დოსქიდათ!" ("ახალი წელი თქვენთვის კარგი იყოს, სულ სიკეთე გენახოთ და სიხარულითა და სიკეთით იცხოვრეთ!") - იყო პასუხი. ამის შემდეგ მას კარს გაუღებდნენ და ისიც სახლში ისე შევიდოდა, თითქოს უცხო იყო. ჩიჩილაკს ჯერ არსად არ დადგამდა და იკითხავდა: "ოხორმანჯე სორენ?" ("ოჯახის უფროსი სად არის?"). ამ დროს მას ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე მიუთითებდნენ და ისიც ჩიჩილაკს მას გადასცემდა, ან თუკი ოჯახში ვაჟი არ ჰყავდათ, მეკვლეს ასე ეტყოდნენ: "ოხორმანჯე ვარ მუხთიმუნ, ლაქინ კულანი ჰაქ მიონუნან" ("ოჯახის უფროსი არ მოსულა, ქალიშვილი კი აქა გვყავს"). მეკვლე, ანუ იგივე ოჯახის უფროსი ქალიშვილს დალოცავდა და ოჯახს ვაჟიშვილის გაჩენას უსურვებდა. ამგვარი იყო ახალი წელი ლაზეთში. სამწუხაროდ, ამჟამად იმ ლაზებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, ბევრი წეს-ჩვეულება მთლიანად დავიწყებული აქვთ და თავად მოხუცებიც კი უძველეს ტრადიციებს ძლივს აღიდგენენ. მიუხედავად ამისა, ლაზეთში შემონახული საახალწლო წეს-ჩვეულებები ცხადყოფს იმას, რომ ეს კუთხე ძველად საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და მხოლოდ შემდეგღა გახდა ჩვენთვის მიუწვდომელი, თუმცა ტკივილამდე ახლობელი....

ავტორი: გოგა მოლოდინი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი