მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-06-21
ვახტანგ ხმალაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი: საქართველოში ოლიგარქები პოლიტიკურ მფარველებს ყიდულობენ

ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანა კანონით ზღუდავს საჯარო პირთა და სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობას ბიზნესში. ასეთი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოშიც. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებს (პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს) ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა. კერძო ფინანსური ინტერესებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმის აღკვეთისკენ არის მიმართული კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. მაგრამ, ერთია კანონის მოთხოვნა და სხვა, რამდენად სრულდება კანონი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არც ერთი თანამდებობის პირი, ფორმალურად, არ არის ჩაბმული სამეწარმეო საქმიანობაში. მაგრამ საქართველოში, ალბათ, ყველამ იცის, რომ ამ პირთა დიდი ნაწილი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხერხდება არა მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გაკონტროლება, არამედ ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გაკონტროლებაც კი. მაგალითად, თუ ვინმემ დაამტკიცა, რომ ესა თუ ის პირი, რომელსაც ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, რაიმე სახით მონაწილეობს ასეთ საქმიანობაში (მაგალითად, ესწრება საქმიან შეხვედრებს ყოფილ პარტნიორებთან ან ოფიციალურ შეკრებებს), მაშინვე ატყდება სკანდალი პრესაში და ეს პირი იძულებული გახდება, თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თუ ასე არ მოიქცევა, მას აუცილებლად გადააყენებენ.

ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი რანგის მოღვაწეებს, მართალია, არ ეკრძალებათ წილების ქონა კერძო კომპანიებში, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან, საკუთარი წილები გადასცენ ე. წ. სატრასტო (ნდობის) კომპანიებს, რომლებიც საკუთარი შეხედულებებისამებრ მართავენ ამ წილებს. წილის მფლობელს კი არ აქვს უფლება, ჩაერიოს სატრასტო კომპანიების საქმიანობაში. სატრასტო კომპანია წილის მფლობელთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ამყარებს ურთიერთობას, როცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ, გადაწყვეტს წილის გაყიდვას და სურს, მიიღოს თანხმობა წილის მფლობელისგან. ყველა სხვა სახის ურთიერთობა წილის მფლობელსა და სატრასტო კომპანიას შორის კანონით იკრძალება. წილის მფლობელი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იღებს მოგებას, თუ სატრასტო კომპანია მის წილს ისე ამუშავებს, რომ ამ წილმა მოგება მოიტანოს.

სხვათა შორის, არსებობს შემთხვევები, როცა კანონი წილის მფლობელ პირს აიძულებს, გაყიდოს წილი, თუ ამ პირს უკავია ისეთი თანამდებობა, რომლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს იმ აქციის ფასზე, რომელიც თანამდებობის პირის კუთვნილებას წარმოადგენს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა ასეთი რამ: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი აიძულეს, გაეყიდა აქციები, რომლებიც ჩადებული ჰქონდა ენერგეტიკულ კომპანიაში - მიიჩნიეს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელს ხელი მიუწვდებოდა ისეთ ინფორმაციებზე, რომელთაც შეეძლოთ გავლენის მოხდენა ენერგეტიკული კომპანიის აქციების ფასზე.

საქართველოში, როგორც ცნობილია, არ არსებობს სატრასტო კომპანიები. პოლიტიკაში მოსულ ყოფილ მეწარმეს კი საკუთარი წილის გადაცემა შეუძლია ნებისმიერი პირისთვის: ოჯახის წევრისთვის, ნათესავისთვის, მეგობრებისთვის...

საქართველოში არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმის გასაკონტროლებლად, მონაწილეობს თუ არა სახელმწიფო მოხელე თუ პოლიტიკოსი ბიზნესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს კონტროლი საზოგადოების მხრიდან.

საქართველოში, რა თქმა უნდა, არიან ოლიგარქები. ოლიგარქებად უნდა მივიჩნიოთ არა მხოლოდ ის ბიზნესმენები, რომლებიც შენიღბულად აგრძელებენ სამეწარმეო საქმიანობას და, იმავდროულად, პოლიტიკაშიც არიან; ოლიგარქებად უნდა მივიჩნიოთ ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებიც პოლიტიკურ მფარველებს, ფაქტობრივად, ყიდულობენ. პირველი ტიპის ოლიგარქებს თავად უპყრიათ ხელთ ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლებები და, ამდენად, შესანიშნავად ახერხებენ საკუთარი, კერძო, ინტერესების ლობირებას. მეორე ტიპის ოლიგარქები განსაკუთრებით საშიშნი არიან საზოგადოებისთვის, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ნოყიერ ნიადაგს უქმნიან კორუფციას.

ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: საქართველოში მოქმედებს რუსული მოდელი - მემკვიდრის მოყვანის მოდელი

პრობლემა ნამდვილად არ არის ის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული ადამიანები. პრობლემა ის გახლავთ, რომ ბიზნესმენები პოლიტიკაში მოდიან საკუთარი ბიზნესების ლობირებისთვის, იმისთვის, რომ ბიზნესში მოსვლის ყველა სხვა მსურველს გზა გადაუღობონ. ბიზნესიდან მოსული ქართველი პოლიტიკოსები არც მალავენ, რომ არღვევენ კანონს და საკუთარ ბიზნესმენურ საქმიანობას ისევ განაგრძობენ: ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს, საუბრობენ ასეთი ფრაზებით: "ჩემი ქარხანა", "ჩემი კომპანია"...

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურდა, ჩვენი ქვეყნისთვის თავს მოეხვია რუსული მოდელი, რომლის არსიც ხელისუფლებაში ე. წ. მემკვიდრის მოყვანაში მდგომარეობს. ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, აფხაზეთში კონფლიქტის პროვოცირების ფონი შეექმნა, რათა ამ ფონზე ხელისუფლებაში მოსულიყვნენ შევარდნაძის ახალი ფავორიტები. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, აფხაზეთში კონფლიქტის პროვოცირების ინიციატორი - ჩეჩნების კოდორის ხეობაში გადაყვანის ორგანიზატორი - იყო ბადრი პატარკაციშვილი. სწორედ, პატარკაციშვილმა გაიყვანა ჩეჩნებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე - ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და პანკისის ხეობის სახით ანკლავის შექმნის პროცესშიც - ამ უკანასკნელის ნარკობიზნესისთვის გამოყენების მიზნით. იგივე ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა ვაჟა ლორთქიფანიძის არჩევნებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოში პირველი პირის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს, სავარაუდოდ, შევარდნაძის მემკვიდრე, სწორედ, ვაჟა ლორთქიფანიძე უნდა ყოფილიყო. ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ შევარდნაძესთან დაახლოებულ პოლიტიკურ წრეებში ისევ დაიწყო მემკვიდრის ძებნის პროცესი. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა ავთანდილ ჯორბენაძე და არა ბადრი ხატიძე (ჩვენი ინფორმაციით, სწორედ, ხატიძე იყო შევარდნაძის კანდიდატურა), უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დღეს შევარდნაძეების ოჯახში მძლავრობს ნანული შევარდნაძე - ჯორბენაძე, სწორედ, მის კანდიდატურად უნდა მივიჩნიოთ. ხოლო შევარდნაძის ბოლოდროინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯორბენაძე სახელმწიფო მინისტრი იქნება იქამდე, ვიდრე მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, კიდევ ერთხელ ნათელყოფს, თუ რა დიდი გავლენა აქვს პირველ ლედის საქართველოს პირველ პირზე.

ერთი სიტყვით, დღეს ოლიგარქები ცდილობენ, საკუთარი მონაპოვრის შენარჩუნებას და გამალებით დაეძებენ პრეზიდენტის მემკვიდრეს - ოლიგარქების ხელშეუხებლობის გარანტს.

ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის, საზოგადოების აქტიურობას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფაქტობრივად, იყო რეფერენდუმი, რომელმაც გამოარკვია, რომ ხალხს არ სურს შევარდნაძის მმართველობა, ე. ი. არ სურს ოლიგარქიულ-კლანური მმართველობა. ასეთი არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც.



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი