18 დეკემბერს თბილისის მერიაში საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში შედის საკრებულოს ყველა ფრაქციის წარმომადგენელი. ჯგუფის თავმჯდომარეა ლევან გაჩეჩილაძე. მან სხდომაზე წარმოადგინა ამავე ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც თბილისის მერიის სტრუქტურულ და საბიუჯეტო სისტემის რეორგანიზაციას ითვალისწინებს.
როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, იმისთვის, რომ პროექტმა დასრულებული სახე მიიღოს, საჭიროა, მისი განხილვა კიდევ რამდენიმე სხდომაზე მოხდეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი "თბილისის მერიის სტრუქტურულ და საბიუჯეტო სისტემის რეორგანიზაციის" პროექტს უარყოფითად შეაფასებს, 2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ.
თავად პროექტი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებასთან ერთად ითვალისწინებს რამდენიმე ერთნაირი დანიშნულების მქონე სამსახურის გაერთიანებას. კერძოდ: პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, რომელშიც გაერთიანდება საფინანსო, ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, მიწის მართვის, ტურიზმის სამსახურები და სხვა.
ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, ლევან გაჩეჩილაძემ, ასევე ისაუბრა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოებებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების შესახებ. მისი თქმით, შპს-ები და სააქციო საზოგადოებები მომგებიანი არ არიან. მან, ძირითადად, ყურადღება გაამახვილა "თბილწყალკანალზე", მეტროპოლიტენზე და სხვა. მათ შორის, "ჰერმესზე", რომელიც თბილისის სასაფლაოებს ზედამხედველობს. ლევან გაჩეჩილაძემ "ჰერმესი" ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ორგანიზაციად დაასახელა.