მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-06-28
ჯონ მალკოვიჩის მოულოდნელი მეტამორფოზა

- ... მე სათაურიც კი მოვიფიქრე - "იყო ჯონ მალკოვიჩი." ასეთი რამ ჰოლივუდს ჯერ არ უნახავს! მაყურებელს ეძლევა საშუალება, რომ გარდაიქმნას დიდებულ მსახიობად - თქვენი სახე მიიღოს - და 15 წუთით იგრძნოს თავი სამყაროს მბრძანებლად! დამეთანხმეთ, ჯონ, ეს თქვენი საუკეთესო როლი იქნება! - სხაპასხუპითა და ხელების ქნევით ღრიალებდა 26 წლის ახალბედა რეჟისორი, სპაიკ ჯონსი.

მალკოვიჩი ისმენდა მის უცნაურ მონოლოგს და გრძნობდა, რომ თანდათან უჩვეულო განცდები იპყრობდა, რადგან საკუთარი თავი უნდა ეთამაშა.

- ოღონდ ნუ იღელვებთ, - დასძინა სპაიკმა, - მე აგიხსნით, როგორ უნდა შეასრულოთ ეს როლი...

უკანასკნელმა ფრაზამ განარისხა მალკოვიჩი:

- მაპატიეთ, მომესმა, თუ თქვენ გსურთ, ამიხსნათ, როგორ ვითამაშო... საკუთარი თავი?

- თქვენი წყენინება არც მიფიქრია, ჯონ. მე თქვენ უდიდეს პატივს გცემთ. მაგრამ ერთია, როგორ აღიქვამთ თქვენ საკუთარ თავს და მეორეა, როგორ გიცნობენ სხვები.

მალკოვიჩს მოთმინების ძაფი გაუწყდა:

- არ გეკამათებით, თქვენი სცენარი საუკეთესოა მათ შორის, რომლებიც ბოლო დროს წამიკითხავს. მაგრამ, გეთაყვა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი სცენარის პერსონაჟი, - სახელოვანი ამერიკელი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი, ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. თუმცა არც ნამდვილ ჯონ მალკოვიჩთან მაქვს რაიმე საერთო. მე, უბრალოდ, ყოველდღე ჯონ მალკოვიჩს ვთამაშობ. ეს როლი მიხდება, არა? რას იტყვით? ეჭვგარეშეა ისიც, რომ მე არაფერი მაქვს საერთო იმასთან, რაც თქვენს სცენარში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი კაუფმანი, თქვენი სცენარისტი, ამტკიცებს, რომ იხილა ჩემი მონაწილეობით ყველა ფილმი, ყველა სპექტაკლი, შეისწავლა მთელი პერიოდიკა და იცის ყველაფერი, რაც ჩემზე დაიწერა. მინდა ისიც შეგახსენოთ, რომ მე არასდროს ვნახულობ ფილმებს ჩემი მონაწილეობით, არასდროს ვკითხულობ რეცენზიებს ჩემი შემოქმედების შესახებ; ამიტომ არც ვიცი, როგორი იმიჯი მაქვს ხალხში.

- რას დაიქოქეთ, ჯონ? - კეთილმოსურნედ ჰკითხა სპაიკმა, რომელიც აშკარად შემცბარიყო თანამოსაუბრის გაღიზიანებული ტონით, - ეს ხომ მხოლოდ სატირაა და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, არავინ ერევა თქვენს პირად ცხოვრებაში. ეს, უბრალოდ, სკეტჩია, ირონიული ესკიზი - როგორც გნებავთ, ისე მონათლეთ, - ოხუნჯობა, ნევროტიკული იდეა... წვრილი მოხელე თავისი კარადის უკან პოულობს უჩინარ კარს, რომელსაც მივყავართ მალკოვიჩის ტვინამდე! ჩვეულებრივ ადამიანს ეძლევა საშუალება, 15 წუთით იგრძნოს თავი მალკოვიჩად, მსახიობად, რომელიც პუბლიკის აღტაცების ობიექტს წარმოადგენს, რომელსაც ყველა ეთაყვანება. თქვენ ერთადერთი რამ მოგეთხოვებათ - მე უნდა მომენდოთ, მთელი არსებით, მე - როგორც რეჟისორს.

- თქვენ მაინც არ იშლით თქვენსას! თქვენ უნდა მასწავლოთ, როგორ ვიყო ჯონ მალკოვიჩი? - არ ცხრებოდა ჯონი.

- ნუ გამიმართავთ დებატებს, კამათს, ყოველ წუთს ნუ შემახსენებთ: "ჯონ მალკოვიჩი ასე არ იზამდა!" მე რეჟისორი ვარ და თქვენ მსახიობი. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ის შემოქმედებითი ამოცანები, რომლებიც მე დავსახე.

- ღმერთო ჩემო! სად შევტოპე! კარგი, მაგრამ რატომ ამომირჩიეთ მე და არა, მაგალითად, შარონ სთოუნი? - კეკლუცად გაუღიმა მალკოვიჩმა.

- დამეთანხმეთ, ბევრს აინტერესებს, რა ხდება მალკოვიჩის ტვინში. თუნდაც იმიტომ, რომ "ჯონ მალკოვიჩი" დამაინტრიგებლად ჟღერს, იდუმალიცაა, - აკომპანირებდა რეჟისორი.

- კიდევ ერთი, მე არ აღვფრთოვანებულვარ იმით, რომ თქვენს სცენარში მხვდება ზუსტი ინფორმაციები ჩემს შესახებ. მაგალითად, მითითებულია მისამართი, რომელზეც ოდესღაც ვცხოვრობდი, გარდა ამისა, იქ მოთხრობილია, რომ მე ვუკვეთავ ტანსაცმელს კატალოგებიდან, ვკითხულობ "უოლ-სტრიტ-ჯორნალს", ვსაუზმობ შემწვარი პურით... ეშმაკმა დალახვროს, სპაიკ, საიდან შეიტყვეთ ეს ყველაფერი? იქნებ მართლა გაქვთ საიდუმლო ნიშა, რომელმაც ჩემს ტვინთან მიგიყვანათ? კერძო დეტექტივი ხომ არ დაიქირავეთ? - გაოგნებას ვერ მალავდა მალკოვიჩი. - ნუთუ არ შეიძლებოდა, მაშინვე შემხმიანებოდით, როგორც კი ამ იდეამ შეგაწუხათ? მეშჩანი გგონივართ? გეგონათ, არ მივიღებდი თქვენი თამაშის წესებს?

- და თქვენ წამოხვიდოდით კომპრომისზე? ეს ხომ უშუალოდ თქვენი ინტიმის აფორიაქებაა? - აღმოხდა სახტად დარჩენილ სპაიკს.

- მაგრამ ეს ხომ პაროდიაა, ჩვენ გვსურს, გადავიღოთ რაღაც იუმორისტული, უაზრო კინო, ჩვენ ყველას ერთად გვსურს მალკოვიჩად გარდასახვა. განა ასე არ არის?

- დიახაც, რომ გვსურს, - მიუგო სპაიკმა.

- მაშ, ვითამაშოთ! მაგრამ ხალასად! მიამბეთ, რა შეთხზეთ ჩემზე, მე კი კორექტივებს შევიტან. თანახმა ხართ? - ჰკითხა ჯონმა. - მზად ვარ, დაგენაძლევოთ, რომ თქვენ მიერ მოპოვებული თუნდაც უმდიდრესი მასალა ჩემ შესახებ ვერ მოგცემთ სრულ წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ არის ჯონ მალკოვიჩი.

- ჯონ, მე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ იცნობთ საკუთარ თავს, - გაუღიმა სპაიკმა. - თუმცა ამის შემოწმება მარტივად შეიძლება. მაშ ასე, იმისთვის, რომ შედგეს დიალოგი მისტერ მალკოვიჩთან, უნდა გაეცნო მთელს ფოლკნერს, ბეკეტს, ლაკლოს და პინტერს. სასურველია, წარმოდგენა გქონდეს გოთური რომანის ისტორიაზე, ზეპირად იცოდე კიტსის 10-20 ლექსი, რადგან მისტერ მალკოვიჩს უყვარს პოეტური პაექრობა თავის თანამოსაუბრესთან. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრწყინვალედ უნდა ერკვეოდე გერმანული რომანტიზმის ეპოქის ფერწერაში, რადგან მისტერ მალკოვიჩი შეშლილია ფრიდრიხის, კარუსის და რუნგეს ტილოებზე. ყველაფერი მართალია, თუ რაიმე გამომრჩა?

- მართალია. დავაზუსტებდი, რომ ჩემი ინტერესები ხელოვნების სფეროში გაცილებით ფართოა. დავამატებდი აღორძინების ეპოქის იტალიურ პოეზიას, იაპონურ ხაიკას და... - მალკოვიჩს ენა დაება. - დაე, ყველას სჯეროდეს, რომ კინოში ნამდვილ ჯონ მალკოვიჩს ნახავს. ჩემზე უკეთ მაინც არავინ იცის, რა ვირიც ვარ! ეს ისე, ხუმრობით.

- ჯონ მალკოვიჩი დაიბადა 1953 წლის 9 დეკემბერს ილინოისის შტატის პროვინციულ ქალაქ კრისტოფერში. მამამისი ეკოლოგიური ჟურნალის გამომცემელი იყო...

- ... პატარა ჯონი ოჯახში გარიყულად გრძნობდა თავს, - შეაწყვეტინა მალკოვიჩმა, - ხუთ და-ძმას ულაგებდა საწოლს, რეცხავდა ჭურჭელს, აპრიალებდა ფანჯრის მინებს და ხეხავდა იატაკს. და ატერორებდა უფროსი ძმა - ეს ხომ მას არასოდეს დაავიწყდება! იგი უდებდა ბალიშის ქვეშ ჯონს განავალს, ფეხსაცმელში კი მკვდარ ბაყაყებს. იგი ჯონს ბრიტვით დასდევდა, აშინებდა და საშინელ ისტორიებს უყვებოდა. რაც უფრო უსაზღვრო იყო მისი ფანტაზია, მით უფრო უმძაფრდებოდა ჯონს შურისძიების გრძნობა მის მიმართ.

მსგავს გულახდილობას სპაიკი არ მოელოდა - გაოგნებისგან პირდაღებულმა, ამოილუღლუღა:

- ასეთი წვრილმანები მე, მართალი გითხრათ...

მალკოვიჩის ბაგეს ნიშნისმომგები ღიმილი დასთამაშებდა:

- ნუთუ? ეს ხომ მხოლოდ პროლოგია. და თქვენ კვლავინდებურად აპირებთ იმის მტკიცებას, რომ ღრმად ხართ ჩახედული ჩემი ცხოვრების ნიუანსებში? - ჰკითხა მან რეჟისორს. ამის შეტანა ღირს სცენარში? ო, სულ დამავიწყდა, ჩვენ ხომ აბსურდულ კომედიას ვიღებთ.

- არავითარი მძიმე ემოციები, არავითარი ცრემლი...

- სცენარი უნდა დამუშავდეს, - ნირწამხდარი განაგრძობდა სპაიკი. მისი ენთუზიაზმი უკვალოდ გაქრა.

მალკოვიჩმა ანაზდად ხელი აიქნია:

- ერთხელ ჯონმა სუპერმარკეტში იყიდა შავი საღებავი და თავი შეუღება თავის მტანჯველს. რასაკვირველია, ხსენებული პროცედურა საღებავის თანმხლები ინსტრუქციის იგნორირებით ჩატარდა. ძმას კინაღამ გულყრა დაემართა, როდესაც თავისი თავი იხილა სარკეში. კიდევ კარგი, მშობლებმა დროზე გადაპარსეს მას თმა, თორემ ბავშვი ლამის ჭკუიდან შეიშალა.

- ... ჯონის მამამ, - ჩურჩულებდა სპაიკი, - ნატიფმა ინტელიგენტმა კაცმა, უმალ აღმოაჩინა მასში განსაკუთრებული ნიჭი და პიროვნული ღირსება. ათი წლის ბიჭმა წაიკითხა მთელი შექსპირი, დეკლამირებას უკეთებდა ბაირონს; ხოლო სკოლაში იმით გამოირჩეოდა, რომ არდადეგების შემდგომ ტრივიალურ თემას, "როგორ გავატარე ზაფხული", არჩია, დაეწერა არაბავშვური ტრაქტატი იმის შესახებ, თუ როგორ გაეცნო სელინჯერს.

- რა სისულელეა! მამა ვერასდროს უგებდა შვილს, - არ ცხრებოდა მალკოვიჩი. - და არასდროს ედგა გვერდით. იგი არასდროს ახალისებდა შვილს, არასდროს აქებდა. დღემდე არ ვიცი, კარგია ეს, თუ ცუდი. ერთი მხრივ, ამან მიზანდასახული გამხადა, მეორე მხრივ კი, სულში საშინელმა სიცივემ დაისადგურა. ამის გამო იმპულსური პასაჟები მჭირდებოდა იმისათვის, რომ დამეთრგუნა ჩემი მთავარი პრობლემა, ჩემი მარტოსულობა. არ მინდა, ვიყო ჯონ მალკოვიჩი, ეს ნიშნავს, ვიყო ოჯახიდან მოკვეთილი განტევების ვაცი, ცემისთვის განკუთვნილი ტომარა. ყველა ვიქნები, ოღონდ ჯონ მალკოვიჩი - არა!

სპაიკი გრძნობდა დამარცხების გარდუვალობას, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა.

- ჯონი საუკეთესო მოწაფე იყო. მისგან მთელი კლასი იწერდა. ლიტერატურის მასწავლებელსაც კი არ ერიდებოდა, ყველას თანდასწრებით ეკითხა მისთვის რჩევა ნიცშეს ამა თუ იმ შრომასთან დაკავშირებით.

- რას ბრძანებთ? სკოლის წლებში პატარა მალკოვიჩს საშინელი კომპლექსი ჰქონდა სიმსუქნის გამო. თანაკლასელები მისთვის დამამცირებელ ეპითეტებს არ იშურებდნენ. ზედმეტსახელად მსუქან ღორს ეძახდნენ. პანაცეა ტოტალური დაცინვის კაპიტულაციისგან იმაში მდგომარეობდა, რომ მის განათლებაზე მთელი კლასი იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით - საკონტროლო წერის დროს. ღმერთმა დაიფაროს, ვინმემ გადაბრუნებულად რამე უთხრას "სქელს", თორემ გამწარდება, არ გადააწერინებს და - ორიანიც გარანტირებულია. "ნიცშეს მცოდნე მორიდებული და დაკომპლექსებული გახლდათ, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ შეყვარებოდა ულამაზესი ქერა გოგონა პარალელური კლასიდან. მას ნიკოლ სტრეიპი ერქვა. დაუჯერებელი იყო, რომ ადგილობრივი ქალღმერთი "მსუქანას" ყურადღების ღირსად გახდიდა. სწორედ ამიტომაც, ჯონმა თავისი რომანტიკული ენერგეტიკა მიმართა სხვა კალაპოტისკენ - იგი სკოლის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. ბავშვი ისე იყო გატაცებული გარდასახვის ხელოვნებით, რომ ნაკლებად ხიბლავდა ჯონ მალკოვიჩის "ტყავში" ყოფნა. ჯონი მიხვდა, რომ ამ ღვთაებრივი სიცრუის ხელოვნებას მთელ ცხოვრებას დაუთმობდა მომავალში. ერთხელაც მან სძლია საკუთარ თავს, დაჯდა უსასტიკეს დიეტაზე და სპორტსაც მიჰყო ხელი. შედეგმაც არ დააყოვნა. 6 თვეში ჯონი დაკუნთულ ათლეტად გადაიქცა. როდესაც გამოსაშვებ საღამოზე ნიკოლი მივიდა ჯონთან და აგრძნობინა, რომ მზად იყო, მასთან ერთად კინოში წასულიყო, ჯონმა მას ცივი უარი სტკიცა. "შენთან? არა. შენ ერთხელ უარმყავი და ეს საკმარისია. მე შენ აღარ მიტაცებ."

- ჯონ მალკოვიჩმა ორჯერ ჩააბარა უნივერსიტეტში და ორჯერვე თავისი სურვილით მიატოვა იგი. მისთვის მომაბეზრებელი იყო იმის სწავლა, რაც სკოლაშიც მშვენივრად იცოდა. - განაგრძობდა სპაიკი. - იმისთვის, რომ თავი ერჩინა, იგი სკოლის ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და ბავშვებს ართობდა კანტის, შპენგლერის და გენრი მილერის დეკლამირებით.

- ზოგი მათგანი დღესაც მწერს, - შენიშნა ჯონმა.

- 1974 წელს მალკოვიჩმა თავისი კოლეჯის მეგობრებთან ერთად შექმნა ჩიკაგოს ექსპერიმენტული თეატრი "სტეპენვოლფი", გაიზარდა თმა, შეიმოსა ექსტრავაგანტული ტანსაცმლით და წითელი ფეხსაცმლით, რომელსაც უზომოდ დიდი პლატფორმა ჰქონდა. მსახიობები მართავენ წარმოდგენას ეკლესიის სარდაფში და თავადვე ასრულებენ თეატრის მომსახურე თითქმის ყველა პერსონალის ფუნქციას - გამნათებლიდან და ბილეთების გამყიდველიდან დაწყებული, დამთავრებული დრამატურგით - წერენ პიესებს და დგამენ სპექტაკლებს. ჯონი ხელმძღვანელობს მთელ შემოქმედებით პროცესს და ასრულებს მთავარ როლებს. მალე მალკოვიჩს ბროდვეიზე იწვევენ... შემდეგ ჰოლივუდში, სადაც "ოსკარის" ორგზის ნომინანტი ხდება.

სპაიკმა ნიშნისმოგებით შეხედა ჯონს. ამჟამად რეჟისორის ცოდნა აშკარად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მან განაგრძო:

- მსახიობ გლენ ჰედლისთან ქორწინების შვიდი წელი ღრუბელივით გაიფანტა. "სახიფათო კავშირების" გადაღებისას, ჯონი თავდავიწყებით გაუმიჯნურდა მიშელ პფაიფერს. ამ ინფორმაციამ პრესაშიც გაჟონა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საგულდაგულოდ მალავდა ამ კავშირს.

- არავითარ კონსპირაციას არ ჰქონია ადგილი, - მხრები აიჩეჩა მალკოვიჩმა. მაგრამ ერთხელ უსიამოვნო კაზუსი მოხდა. როდესაც მომსახურე პერსონალი იძინებდა, ჯონი მიიპარებოდა ხოლმე მიშელის ნომერში. ერთხელაც მათ ჩაეძინათ. ჯონმა ვერ მოასწრო თავის ოთახში დროულად გადაბარგება. მან ასეთი რამ მოიგონა: ჩაწვა ცხელ აბაზანაში და სველი, ზეწარმოხურული გამოვარდა ფაიფერის ოთახიდან ყვირილით, აქაოდა ჩემს ნომერში წყალი გაფუჭდაო. ვერავინ მოასწრო გონს მოსვლა.

- გლენმა ჩემი ღალატის შესახებ რომ შეიტყო, მაშინვე გაუჩინარდა. თან კი მხოლოდ კბილის ჯაგრისი და სავარცხელი წაიღო. ხელი არ არც ერთი სამკაულისთვის, რომელიც მე ვაჩუქე; არც ერთი უნიკალური წიგნისთვის, რომელიც ერთად შევიძინეთ წლების განმავლობაში. იგი თითქოს კვამლივით გაიფანტა. არც კი ვიცოდი, სად მეძებნა ის. გლენმა ერთ წელიწადში დარეკა მხოლოდ იმისთვის, რომ ეთქვა, როგორ მოვენატრე. მე ავტირდი, რადგან ვიგრძენი, რომ ჩემზე არ ბრაზობდა. ის იშვიათი მეგობარი იყო, იშვიათი...

- თავისი მეორე ცოლი ჯონ მალკოვიჩმა გაიცნო ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის, "ცის თაღის ქვეშ", გადაღების დროს. იტალიელი ნიკოლეტ პეირანი აღმოსავლეთმცოდნე იყო. ის იყო რეჟისორის კონსულტანტი, - აგრძელებდა სპაიკი.

- რით განაცვიფრა ლამაზი იტალიელი მალკოვიჩმა?

- რასაკვირველია, ერუდიციით. მე გამუდმებით ვცდილობდი ნიკოლეტის ყურადღების მიპყრობას. დასაწყისისთვის შევიძინე მილერის წიგნი - "ქალი და ფსიქოანალიზი". ამ წიგნით ხელში ნელა გავიარე მის წინ, რომ მას სათაურის წაკითხვა მოესწრო და ჩემზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნა. ერთხელაც, არც ვაციე და არც ვაცხელე, მივედი და ვუთხარი: მე თქვენ ცოლად შეგირთავთ, მხოლოდ ერთი პირობით, თუ თქვენ მთელს ფოლკნერს წაიკითხავთ; ნიკოლეტმა გამყინავი მზერა მტყორცნა და მომიჭრა: თუ თქვენ ასეთი ერუდიტი ხართ, მე მზად ვარ, გაჩუქოთ ჩემი დისერტაცია მისი შემოქმედების შესახებ! - სახტად დავრჩი. ამას კი ნამდვილად არ ველოდი.

- იტალიელთან ქორწინებამ მალკოვიჩს ორი დიდი ბედნიერება არგუნა - ქალიშვილი ემანდაინი და ვაჟი ლეროი, - გააკეთა რეზიუმე სპაიკმა. ბავშვებისთვის სულიერი კომფორტის უზრუნველსაყოფად, მშობლებმა ევროპაში გამგზავრება გადაწყვიტეს. მალკოვიჩმა იყიდა სახლი საფრანგეთის სამხრეთით, სადაც რეგულარულად ცხოვრობს.

- რა შუაშია სულიერი კომფორტი? - შეიცხადა მალკოვიჩმა, - მე გავემგზავრე საფრანგეთის პროვინციაში მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წყნარად ვარ - ჭორებისგან დაცული. ევროპელები უფრო თავშეკავებულნი არიან. შეიძლება ითქვას, მე ჰოლივუდს გავექეცი - აქ იყო ინტრიგების, შურის და სკანდალების ატმოსფერო. შეიძლება, იცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც ჭორი ყველა ფასეულობაზე მაღლა დგას? ამერიკელები ფოლკნერის შესახებ დაწერილ ყველა ბიოგრაფიაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მწერალი ალკოჰოლიკი იყო, ამით ხსნიან ისინი მის გენიალობას. როგორ ვიპოვო საერთო ასეთ საპყარ ერთან?

- აი, კიდევ: "ჯონ მალკოვიჩი - ამერიკელი სუპერგმირი"! - ციტირებას აკეთებს სპაიკი. - ნუ იცინით, ასე წერდნენ გაზეთები 1999 წელს. ცნობილი მსახიობი - ინტელექტუალი ახალ ამპლუაში წარსდგა პუბლიკის წინაშე, როდესაც ქუჩის გაუგებრობაში ჩაერია და თავგანწირვით ჩაერთო კონფლიქტში, რათა ვიღაც სიკვდილს გადაერჩინა.

- შთამბეჭდავად ჟღერს, - გამოცოცხლდა ჯონი. - თუმცა ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე ცოლთან ერთად მივდიოდი ესპანეთის კულტურის მინისტრთან მიღებაზე და საგზაო საცობში მოვხვდი, რადგან ორი სოლიდური ჯენტლმენი ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევდა სამანქანო გზაზე. მე დელიკატურად ჩავერიე მათ კამათში და ტროტუარისკენ მივუთითე. ამდენად, საცობი გაქრა. მე და ჩემი მეუღლე დაუგვიანებლად მივედით საღამოზე. ამის მეტი არაფერი არ მომხდარა.

- ჯონ მალკოვიჩი სცენიდან და ეკრანიდან აპირებს წასვლას. თავისუფალ დროს იგი სამოდელო ბიზნესს დაუთმობს, რადგან არაჩვეულებრივი კოლექციების ავტორია. - მორიგი ინფორმაცია შეაფრქვია სპაიკმა ჯონს. - მის სახელს მოიხსენიებენ იამამოტოს, ჯანფრანკო ფერეს, კარლ ლაგერფელდის გვერდით.

- თუ ჯონ მალკოვიჩი ეკრანს და სცენას დატოვებს, მას შეუძლია, ტრომბონზე დაკვრითაც არჩინოს ოჯახი.

- ერთხელ მალკოვიჩმა დასტინ ჰოფმანს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან უკანასკნელმა თავს უფლება მისცა, ჯონის ცოლს გაკეკლუცებოდა.

- სრული სიცრუეა. ჩვენ წავკამათდით ერთი როლის გამო, რომელიც მას შემდეგ, რაც მე ის უარვყავი, პროდიუსერებმა ჰოფმანს მისცეს. მე არ გავიზიარე გარდასახვის ჰოფმანისეული არქაული ხერხები და, უბრალოდ, "ხისთავიანი" ვუწოდე მას.

სპაიკი და ჯონი ორი საათი საუბრობდნენ. რეჟისორის ვარაუდი არ გამართლდა. მან დიდი ვერაფერი ეფექტი მოახდინა ჯონზე, თუმცა სჯეროდა, რომ მას მალკოვიჩის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა.

- საწყენია, - ამოღერღა სპაიკმა, - ჩვენს სცენარში სულ სხვაგვარი სახეა წარმოდგენილი - ეს არ არის ჯონ მალკოვიჩი.

- მე ხომ გაფრთხილებდით, - გაეღიმა ჯონს. - თუმცა პუბლიკას სწორედ ასეთი წარმოვუდგენივარ.

- მაგრამ ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ, "ვითამაშოთ მალკოვიჩი". საბრალო და მიუსაფარი მალკოვიჩი ხალხისთვის მიუღებელი იქნება და ის არ წავა კინო-თეატრში, გავალამაზოთ ხასიათი, - არ ცხრებოდა სპაიკი.

- როგორ გავალამაზოთ? - გაიკვირვა მალკოვიჩმა. შეიძლება ის წარმოვადგინოთ მარტოხელა, ფეშენებელურ აპარტამენტში მცხოვრებ ინტელექტუალად, რომელიც თავისუფალ დროს მეძავთა საზოგადოებაში ატარებს, ან ეგზალტირებულ მანიაკად ვაქციოთ, რომელიც ათვალიერებს პორნო ჟურნალებს... - ჯონი შევიდა როლში და შეძლებისდაგვარად იმპროვიზირებდა კიდეც.

- მშვენიერია! ამიტომ როდესაც ფილმის გმირი მიდის მასთან ინტერვიუს ასაღებად, იგი მაშინვე ლოგინში ეპატიჟება მას! - გამოიდარა სპაიკმა.

უცებ ჯონი დადუმდა. იგი ერთბაშად თითქოს მოეშვა.

- იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს არცთუ წარმატებული იდეაა. როდესაც ჩემი მეუღლე შეიტყობს ყველაფერს, ვფიქრობ, იგი ეჭვს შეიტანს ფილმის ფანტასტიკურ-კომედიურ ჟანრში, - სევდიანად ამოილუღლუღა მალკოვიჩმა.

- მაგრამ ის ხომ გონიერი ქალია, - საჩქაროდ მიუგო სპაიკმა, - იგი მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შევთხზეთ და, უბრალოდ, გავითამაშეთ. ვინ, თუ არა მან, იცის, რომ თქვენ სრულიად სხვა ხართ, ვიდრე პუბლიკას აჩვენებთ თავს!

P. S. როდესაც ჰოლივუდის ნათლიმამას, მარლონ ბრანდოს, ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევდა იგი თავის მემკვიდრედ, მან ცალსახად მიუგო: "ეს ჯონ მალკოვიჩია".

მოამზადა მაია რუხაძემ



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი