მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-06-28
მსოფლიო იხილავს არაჩვეულებრივ გამოფენას

სხვადასხვა ქვეყნების მოქანდაკეთა მიერ აგებულ მონუმენტში იქნება საქართველოს ხუთი ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი

რამდენიმე თვეში დუბაიში უზარმაზარი მონუმენტი დაიდგმება. მის ასაშენებლად 192 ქვეყნის თითო წარმომადგენელი თითო აგურს დადებს. ამ გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას ქართველი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაც მიიღებს. იგი თავად მოგვითხრობს კონკურსისა და საკუთარი თავის შესახებ.

- ერთობლივ მონუმენტს ექნება პირამიდის ფორმა და მას კუბის ფორმის 192 ქვის ბლოკისგან ააგებენ. თითო ბლოკს თითო ქვეყნის წარმომადგენელი შექმნის. ყოველი ბლოკი მხატვრულად იქნება დამუშავებული. მისი ხუთი გვერდი ავტორის სამშობლოს რელიგიის, მითოლოგიის, აღორძინების ხანის, ფოლკლორისა და სხვადასხვა ისტორიული მოვლენების რელიეფური გამოსახულებით გაფორმდება. წინასწარი კონკურსი ამერიკაში, ტეხასის შტატში, გაიმართა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მასში ოცმა ქართველმა მოქანდაკემაც მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, მათ შორის უპირატესობა ჩემს ნამუშევარს მიენიჭა.

ჩემს ნამუშევარში საქართველოს ხუთი ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი გავაცოცხლე: მითოლოგიიდან იაზონის მიერ ოქროს საწმისისა და მედეას გატაცების ამბავი დავხატე, აღორძინების ხანიდან - მეფე თამარი, ქართული ფოლკლორი მსოფლიოს ცეკვა "ხორუმით" წარვუდგინე. მე-4 გვერდზე საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმიდა ნინოს, ჯვარი გამოვსახე, ყოველივე კი სიმბოლურად დედაბოძებში გადახლართული "შენ ხარ ვენახის" ნოტებით დავაგვირგვინე. ნამუშევრის ფოტოებთან ერთად ამერიკაში მასზე ასახული მოვლენების შესახებ დოკუმენტური მასალაც გავგზავნე, რითაც მათი მართებულობა დავადასტურე.

- როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მოქანდაკის ნატურა?

- ბავშვობა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში, მარტვილში, გავატარე. სწორედ, იქ შევქმენი ჩემი პირველი "ქანდაკება". ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი სააღდგომო კვერცხებს სულ მიმტვრევდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ამიტომ გადავწყვიტე, მემოქმედა: რბილი ქვისგან კვერცხის ფორმის ფიგურა გამოვთალე, წითლად შევღებე და ჩემს მეგობართან "საბრძოლველად" გავემართე. კვერცხები "ვაჩხუბეთ", მაგრამ მისი კვერცხი მაინც არ ტყდებოდა. მერე გავიგე, კვერცხის ნაჭუჭში ხის ფისი ჰქონია ჩასხმული...

მეცხრე კლასში რომ ვიყავი, მარტვილის მუზეუმის დირექტორმა, გივი ელიავამ, ჯემალ ბჟალავას ნამუშევრები დამათვალიერებინა. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ ქანდაკებით სერიოზულად დავინტერესდი.

...ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დგება მხატვრის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გაკეთდეს მხატვრობასა და ქანდაკებას შორის. უბრალოდ, მხატვარი კარგად უნდა იცნობდეს ქანდაკებასაც, არქიტექტურასაც და გრაფიკასაც, რათა ყოველთვის შეეძლოს მათ შორის არჩევანის გაკეთება.

- გვესაუბრეთ ქართული ქანდაკების სკოლის შესახებ. როდიდან იღებს სათავეს? ვინ ჩაუყარა საფუძველი?

- წარმართობის პერიოდის ქართულ ხელოვნებაში ხშირად გვხვდება სკულპტორული გამოსახულებები. გათხრებისას აღმოჩენილია სარიტუალო ქანდაკებები, კერპები და ა. შ. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ საქართველოში ქანდაკებები, ფაქტობრივად, აღარ იქმნებოდა, თუმცა ხელოვნების ამ დარგის რამდენიმე ნიმუშს მართლმადიდებლურ სალოცავებშიც ვხვდებით. მაგალითად, ბაგრატის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია რელიეფური პორტრეტები.

თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლებად იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი მიიჩნევიან. იაკობ ნიკოლაძე დაახლოებით ერთი წელი ოგიუსტ როდენის მოსწავლე იყო, რაც ჩინებულად აისახა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ნიკოლაძის შემდეგ ქართულ ქანდაკებაში გამოჩნდა მონუმენტურად მოაზროვნე ნიკოლოზ კანდელაკი, რომელსაც მოსკოვში მატვეევის სკოლა ჰქონდა გავლილი.

- შექმნილს აუცილებლად სჭირდება განვითარება...

- ცხადია, ასეა. საბჭოთა პერიოდის მოქანდაკეებმა: შოთა მიქატაძემ, ირაკლი ოქროპირიძემ, თენგიზ კიკალიშვილმა, გოგი ოჩიაურმა, ჯუმბერ ჯიქიამ, ნოდარ თოფურიამ და სხვებმა შეძლეს ამის გაკეთება. მათ შემდგომი თაობის მოქანდაკეებს შემოქმედებითი პროცესისათვის ჩინებული პირობები ჰქონდათ შექმნილი: მუდმივად ჰქონდათ სახელმწიფო დაკვეთები, რაც მათ მატერიალურად უზრუნველყოფდა. კრიტიკოსები მათ ყველა ნამუშევარს მკაცრად და მიუკერძოებლად აფასებდნენ. ყველაზე მცირე დეტალსაც კი არ ტოვებდნენ უყურადღებოდ. ეს კი ხელს უწყობდა ავტორის შემოქმედებითად ზრდას. დღეს ბევრი კომპონენტები არა მარტო ქანდაკებაში, ხელოვნების ყველა დარგში დაკარგულია. არადა, ქანდაკებისთვის გარკვეული კონტროლი აუცილებელია. იგი ქალაქის სახეს, მის არქიტექტურას ერწყმის - ეს შერწყმა კი ჰარმონიული უნდა იყოს. თბილისში ბოლო ათი წლის განმავლობაში დადგმული ძეგლები კრიტიკას ვერ უძლებენ. ჩემი აზრით, რამდენიმე მათგანი საერთოდ ასაღებია.

- თქვენ ხშირად მოგზაურობთ საზღვარგარეთ. როგორ შეაფასებდით თანამედროვე უცხოელი მოქანდაკეების შემოქმედებას?

- თანამედროვე ევროპულმა ქანდაკებამ დიზაინერული, კონცეპტუალური და ესთეტიკური ფორმა მიიღო, რამაც ქანდაკებას სრულიად დაუკარგა შინაარსი, მხატვრული მხარე. ევროპაში მონუმენტურ ძეგლებს უბრალო ინჟინრებიც კი ქმნიან. მიიჩნევა, რომ კლასიკური ქანდაკება როდენთან ერთად მოკვდა; რომ მან ამოწურა საკუთარი თავი. მაგრამ პიროვნება ხომ ამოუწურავია - ნამდვილ ხელოვანს აუცილებლად უნდა შეეძლოს ერთხელ გავლილი გზის ხელმეორედ და, რა თქმა უნდა, ახლებურად გავლა. როგორც ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, ახალგაზრდა ქართველი მოქანდაკეებიც ცდილობენ, მიბაძონ თავიანთ უცხოელ კოლეგებს. თუმცა, ვფიქრობ, ეს პროცესი დროებითია. ნამდვილი ხელოვნება ვერასდროს ამოიწურება - ის მარადიულია.

- ქანდაკება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მოქანდაკეს სჭირდება მასალა და დამკვეთი. სახელმწიფო დაკვეთები, ალბათ, ნაკლებად გექნებათ...

- ძირითადად, ნამუშევრებს კერძო პირები მიკვეთენ. მდიდრებს მაღალმხატვრულ ღირებულებებზე პრეტენზია ნაკლებად აქვთ - მთავარია, ეს ქანდაკებები მათ ოფისებს, აუზებსა და ბუხრებს მოუხდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე დღის წინ გალერეა "ორიენტში" ერთ-ერთი მოქანდაკის 40-მდე ნამუშევარი გაიყიდა, შეიძლება ითქვას, ბოლო ხანს ქანდაკებისადმი ინტერესმა მეტ-ნაკლებად იმატა.

რაც შეეხება სახელმწიფო დაკვეთებს, ასეთი რამ, მართლაც, იშვიათად ხდება. ისე კი, შეკვეთის მიღება კერძო პირებისგან ჯობს, რადგან ისინი ფულს მაშინვე იხდიან, სახელმწიფო დაკვეთიდან ჰონორარის მიღებას კი თვეობით უნდა ელოდო. ცოტა ხნის წინ პარლამენტის დაკვეთით ნოე ჟორდანიას ბრინჯაოს ბიუსტი გავაკეთე. ვერც კი წარმოიდგენთ, რად დამიჯდა ჰონორარის აღება...

ერთი ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, ხშირად საფლავზე დასადგამ ბიუსტებსა და საფლავის ქვებსაც ვაკეთებ. ხანდახან მხატვრობაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანი ისეთ საინტერესო შეკვეთას მაძლევს, რომ მისი შესრულება დიდ შემოქმედებით სიამოვნებას მანიჭებს. შეკვეთით მუშაობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მიქელანჯელოც ხომ რომის პაპის შეკვეთებზე მუშაობდა, ისევე, როგორც ძველი ეგვიპტელი ხუროთმოძღვრები ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს ფარაონთა დაკვეთით.

- თქვენი ნამუშევრები თითქოს არ ჯდება ერთ კონკრეტულ სტილში. თავად რა სახელით გააერთიანებდით მათ?

- საკუთარი სტილის შექმნაზე არასდროს მიფიქრია. მას ჩემი აზროვნების, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ნაზავი აყალიბებს. შემოქმედმა არ უნდა იფიქროს სტილის შექმნაზე, რადგან, როდესაც მხოლოდ ფორმაზე ფიქრობ, მხატვრული დონე ქვეითდება. მხატვარი განწყობით უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება მისი შემოქმედება ცოცხალი და მარადიული.

მუშაობისას ნებისმიერ მასალას ვიყენებ: ხეს, ქვას, მეტალს, ბრინჯაოს. ყველას თავისებური ხიბლი აქვს. მასალის მსგავსად ჩემი თემებიც მრავალფეროვანია. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორი იქნება დასრულებული ნამუშევარი. უბრალოდ, ვცდილობ, ფორმა ჩემი სულიერი განწყობის მიხედვით შევქმნა. ალბათ, ამიტომაცაა ჩემი ნამუშევრები ასეთები, რაღაცნაირები...

ესაუბრა ია ვეკუა



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი