![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №3 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა მარტი, 2006 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თვის წამყვან თემად შეიძლება დავასახელოდ კონფლიქტი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობას შორის.
„ახალი თაობა“, 2.03.06.
შორენა გონგალაძე
ეკლესია პატიმრებს ეხმარება
1 მარტს საპატრიარქოში იუსტიციის სამინისტროსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ძალითაც მხარეები პრობაციონერთა ანუ პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის სიტყვებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობაციონერთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას, - სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა.
„24 საათი“, 6.03.06.
ნოდარ ლადარია
ვინ კვებავს ფუნდამენტალისტურ განწყობას საქართველოში?
გაზეთის რესპონდენტი დეკანოზი ბასილ კობახიძეა, რომელიც თებერვალში ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში გამართულ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს (მეს-ი) მეცხრე გენერალურ ასამბლეას კერძო სტუმრის სტატუსით დაესწრო. როგორც ბასილ კობახიძე ამბობს, ასამბლეას 7000-ზე მეტი წარგზავნილი ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან; წარმოდგენილი იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ბულგარეთის და სერბეთის ჩათვლით, - ასამბლეას მხოლოდ საქართველოს ეკლესია აკლდა. დეკანოზის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ „რამდენიმე წლის წინათ ფუნდამენტალისტურად განწყობილი დაჯგუფებების გავლენით საქართველოს სამოციქულო ეკლესია გამოვიდა მეს-ის რიგებიდან“, რაღაც კავშირებს მასთან ის მაინც ინარჩუნებს: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წერილის საფუძველზე მეს-ში რამდენიმე წელიწადია თეოლოგი თამარ გრძელიძე მუშაობს; მეს-ის დაფიანსებით შვეიცარიაში ეკუმენური ღვთისმეტყველების ინსტიტუტში დეკანოზმა დავით შარაშენიძემ სტაჟირება გაიარა; შვეიცარიიდან საქართველოში ოქონის ტიპტიქონის დაბრუნებაც ამ ორგანიზაციის დაფინანსებით მოხდა (რაც საზოგადოებას დაუმალეს).
ბასილ კობახიძის სიტყვებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ხელიდან გაუშვა შანსი „მსოფლო ქრისტიანული საზოგადოებრიობის ყურამდე მიეტანა აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემები და ერთგვარად ემხილებინა რუსული ექსპანსიონიზმი“ ასამბლეაზე, სადაც მსოფლიოს მრავალი რეგიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრობდნენ.
ბასილ კობახიძის აზრით, ქართულ ფუნდამენტალიზმს მუდამ რუსეთის ხელისუფლების სამსახურში მდგარი რუსული საპატრიარქო კვებავს: „მართლმადიდებლობა არ არის რუსული იმპერიული იდეოლოგია... მაგრამ რუსი დერჟავნიკების ავადმყოფური იდეები ფეხს იკიდებს საქართველოში და „ეროვნულ“ შეფერილობასაც იძენს“, - აცხადებს მამა ბასილი. იგი შიშობს, რომ საქართველოს გარდაუვალი განახლება ინტელექტუალთა უმრავლესობას და „ხელმოცარული ფილოლოგებით გარშემორტყმულ საპატრიარქოს“ შორის კონფლიქტს გამოიწვევს. „კონფლიქტის შემდეგ კი დაიწყება დექრისტიანიზაცია“, როგორც ეს საბერძნეთში, ლატვიის მართლმადიდებელ ეკლესაში და სხვაგან ხდება.
„ვერსია“, 13-19.03.06.
ხათუნა გედენიძე, ქუთაისიდან
„თავისუფლების ინსტიტუტს“ მოსწავლეები აუმხედრდნენ
სტატიის თემა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრთა ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის უფროსკლსაელებთან და პედაგოგებთან შეხვედრაა. შეხვადრის ორგანიზატორი, წერს ავტორი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ქუთაისის კოორდინატორი, ამჟამად 23-ე სკოლის დირექტორი, გოჩა ჩხეტია იყო. შეხვედრაზე განიხილეს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული სკონსტიტუციო შეთანხმება და რელიგიის თავისუფლების საკითხი. ავტორის ინფორმაციით, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრების გიორგი მელაძის და თეა თუთბერიძის შეხედულებებს რელიგიის თავისუფლებაზე მოსწავლეთა და პედაგოგთა ნაწილის გაღიზიანება გამოუწვევია. აუდიტორიის ნაწილს დარბაზი პროტესტის ნიშნად დაუტოვრბია. სკოლის პედაგოგი მაცაცო ლოსაბერიძე ამტკიცებს, რომ მოზარდებს რელიგიის თავისუფლბის თემაზე შექმნილი და სტუმრების მიერ საჩუქრად ჩამოტანილი წიგნები დაუხევიათ.
სკოლის დირექტორი ამ ყოველივეს ისევე უარყოფს, როგორც „იეღოვას მოწმებისადმი“ თავის კუთვნილებას და მის შესახებ გავრცელებულ ჭორს, თითქოს შარშან ეროვნული გამოცდების დროს ერთ-ერთ კლასში ხატები ჩამოახსნევინა.
„24 საათი“, 14.03.06.
სოფო ბუკია
„ვის აწყობს არეულობა ახალქალაქში“
11 მარტს ახალქალაქის გამგეობის შენობასთან მიტინგი შედგა. მიტინგის ინიციატორი სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო იყო. საპროტესტო აქციაში რამდენიმე ასეული სომხური წარმოშობის ადგილობრივი მკვიდრი მონაწილეობდა. როგორც მიტინგზე ითქვა, ჯავახეთის სომხური მოსახლეობის პროტესტი სახელმწიფო საქმიანობის ქართულ ენაზე წარმოებას და სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალში საქართველოს სხვა კუთხეებიდან სტუდენტების მიღებას გამოუწვევია.
მომიტინგებმა ჯერ უნივერსიტეტის ფილიალის შენობა დაარბიეს, შემდეგ კი ყუმურდო-ახალქალაქის ეპარქიის შენობაში სცადეს შეჭრა იმ მოტივით, რომ იქ ცეცხლსასროლი იარაღი ინახება. მას მერე, რაც მიტინგის რამოდენიმე მონაწილე ეპარქიის შენობაში შეუშვეს და იქ იარაღის არსებობა არ დადასტურდა, მიტინგი დაიშალა.
მიტინგის კატალიზატორი წალკაში ადგილობრივ ქართველებსა და სომხებს შორის მომხდარი შეტაკება გახდა, რომლის შდეგადაც სომეხი ახალგაზრდა, 24 წლის გევორკ გევორკიანი დაიღუპა.
„ხვალინდელი დღე“, 14.03.06.
საგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაცია
სომეხი მეცნიერი აგარაკ-ტაშირის ეპარქიის აღდგენას ეწინააღმდეგება
გაზეთი გვატყობინებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებას - „აღდგეს ისტორიულად არსებული აგარაკ-თაშირის ეპარქია, და იგი დმანისის ეპისკოპოსს დაექვემდებაროს“ - სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის, პავლე ჩაბანოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მისი კომენტარი საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმმა“ გაავრცელა. ჩაბანოვი თვლის, რომ სომხეთის ტერიტორიაზე, იქ, სადაც არ არის ქართული მოსახლეობა, ქართული ეპარქიის გახსნა, „ქართული ეკლესიის ამ ტერიტორიისადმი უფრო პოლიტიკური მიზიდულობა უდევს საფუძვლად, ვიდრე ეკლესიური, იმის გათვალისწინებითაც, რომ აქ XXII-XIII საუკუნეებში ქართული ეკლესიის მიმდევრები ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი ეროვნებით სომხები იყვნენ“. მეცნიერის განცხადებით, სომხეთის ეკლესიის ეპარქიის არსებობა საქართველოში იმიტომაა გამართლებული, რომ იქ სომხები ცხოვრობენ: „იქ რომ სომხებს არ ეცხოვრათ, სომხურ ეპარქიას საქართველოში რა უნდოდა?! საქართველოს ეკლესია არა ეკლესიურ, არამედ პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილირებასა და საკუთარი მიწებიდან განდევნას ცდილობს. ეს დემოგრაფიული ომია, და საქართველოს სინოდი საქართველოსადმი წაყენებულ „მინიიმპერიის“ ბრალდებას ამართლებს“.
„ახალი თაობა“, 15.03.06.
შორენა კოკორაშვილი
კინწურაშვილს საპატრიარქოც დაუპირისპირგა
ყველა სხვა ცოდვასთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვიულს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ადანაშაულებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსის და საპატრიარქოს განსაკუთრებული უკმაყოფილება მის მიმართ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც საზოგადოებრივმა არხმა სააღდგომო ლიტანიაობის პირდაპირი ტრანსლაცია არ დაგეგმა და ტრანსლირება დაგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის ჩარევის შედეგად, დაიწყო. დაგვანების მიზეზად ტელეარხის ხელმძღვანელობამ ტექნიკური პრობლემები დასახელდა. ამის პასუხად 14 მარტს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ თამარ კინწურაშვილი სამსახურიდან ხალხს რელიგიური ნიშნით ათავისუფლებს. მაგალითისთვის მამა მიქაელმა ჟურნალისტ ლიზის (გვარი ვერ გაიხსენა) გათავისუფლების ამბავი მოიყვანა, რომელიც საზოგადოებრივი არხიდან მხოლოდ იმიტომ გაუძევებიათ, რომ ერთ-ერთ გადაცემაში დეკანოზი მიქაელი მიუწვევია. ბოტკოველის განცხადებით, თამარ კინწურაშვილი შენიშვნას აძლევს ხოლმე იმ არხის თანამშრომლებს, რომელთაც სამუშაო ოთახში ხატები უსვენიათ; საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა კვესელავა კი, მამა მიქაელის თქმით, „ანაფორიანი ადამიანების სიარულის გამო ტელევიზიაში“ უკმაყოფილებას არ მალავს.
„რეზონანსი“, 17.03.06.
ნინო ფრანგიშვილი
საპატრიარქოს რელიგიური სუვერენიტეტის დარღვევაში ადნაშაულებენ
გაზეთის ცნობით, ეჩმიაძინის პრესსამსახურის ოფიციალური განცხადებით, 7 მარტს მოწვეულმა უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, რომელიც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით წარიმართა, სომხური წმინდა, სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მმართველის, ვაზგენ მირზახანიანის ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია ეხებოდა 6 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის წმინდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი - აგარა-ტაშირის - ეპარქია გაიხსნა და მასზე დმანისის ეპიკოპოსის იურისდიქცია გავრცელდა. განცხადებაში უკმაყოფილებაა გამოთქმული, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადედებელი ეკლესიის სინოდს ეჩმიაძინთან არც კი შეუთანხმებია, და გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე ქართულ ეკლესიას მრევლიც არ ჰყავს.
დმანისის ეპისკოპოსმა მეუფე ზენონმა განუცხადა გაზეთს, რომ ისტორიული პროვინცია აგარაკ-ტაშირის ნაწილი ამჟამად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული, მისი დანარჩენი ნაწილი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეკუთვნის. მისი თქმით, ეპარქიამ უბრალოდ დაიბრუნა ძველი სახელი. მისი ქართული ტერიტორია დმანისის ეპარქიაში შედიოდა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეპარქიის იურისდიქცია სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ვრცელდება.
საქართველოს სომხური ეკლესიის ეპარქიაში ამ დადგენილების კომენტარისგან თავი შეიკავეს. მათი თქმით, ეს ორი ეკლესიის საქამეა და გაზეთს ურჩიეს განმარტებებისათვის ეჩმიაძინისთვის მიემართა.
კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაზეთს განუმარტა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიას გასული საუკუნის 20-ან წლებამდე რამდენიმე ეპარქია ჰქონდა - ტაშირის, ვარაშკერტის, არზრუმის, სომხითის, სტეფანწმინდის და ახტალის საეპისკოპოები. „დმანისის ეპისკოპოსს აგარაკისა და ტაშირის ეპარქიები მიემატა. რატომ გამოიწვია ამან სომხეთში გაღიზიანება, გაუგებარია. სინოდის დადგენილებაში რომ ყოფილიყო სიტყვა „დაარსდა“, ეს მართლაც დანაშაული იქნებოდა. რაც დმანისის ეპისკოპოსის ტიტულატურას დაემატა, ტაშირის ეპერქია, ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეა, ნაწილობრივ კი - სომხეთის. თუ საჭირო იქნება, სხვასაც აღვადგენთ და არა დავაფუძნებთ“, - განუცხადა გაზეთს მამა მიქაელმა.
„ახალი თაობა“, 17.03.-6.
შორენა კიწოწაშვილი
კინწურაშვილმა სამსახურიდან პირჯვარის გადაწერის გამო გამომაგდო
ავტორი გვაცნობებს, რომ 16 მარტს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივში“ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ითქვა, რომ ჟურნალისტთა ეს კავშირი უპირისპირდება საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რომელსაც არა საზოგადოების, არამედ პარლამენტარ გიგა ბოკერიასა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლევან რამიშვილის დაკვეთით მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია აქვს გამიზნული. ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა შეკრებილთ, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებს ე.წ. „შავი თათბირი“ ჩაუტარეს და დაავალეს: გამოეკვლიათ, რა დაჯგუფებები იბრძვიან საპატრიარქოში გავლენის მოსაპოვებლად; ჩაეტარებინათ ჟურნალისტური გამოძიება და სამღვდელოების დიდი ნაწილი ფანატიკოსობაში ემხილათ; შეეღწიათ მონასტრებში და იქ არსებულ უზნეობაზე გადაცემები გაკეთებინათ. ინაშვილის თქმით, იგი თათბირიდან რამდენჯერმე მხოლოდ იმიტომ გამოადგეს, რომ პირჯვარს იწერდა. მისივე განმარტებით, მართლმადიდებლობის დისკრედიტაციისთვის გამიზნული პროექტი იმიტომ ჩავარდა, რომ ჟურნალისტებმა მის განხორცილელებაზე უარი განაცხადეს.
„კვირის პალიტრა“, 20-26.03.06.
ხათუნა პაიჭაძე
ვის ვუთხრით ძირს?...
რა „მესიჯი“ გაუგზავნა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ტელევიზიის
თანამშრომლებს
საგაზეთო მასალა ისევ საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელებსა და მათ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის კონფლიქტს ეხება.
ავტორი, რომელიც მტკიცე მართლმადიდებლურ პოზიციებზე დგას, მაინც აღნიშნავს, რომ ამ კონფლიქტმა განსაკუთრებით მის შემდეგ იჩინა თავი, რაც საზოგადოებრივმა არხმა, ერთი ვერსიისთ, ბოროტი განზრახვით, მეორეთი კი, ტექნიკური მიზეზების გამო, დაგვიანებით დაიწყო საშობაო ლიტანიის პირდაპირი ტრანსლაცია. ტელევიზიის ყოფილი მუშაკები ტელეარხის დირექტორ თამარ კინწურაშვილს და მის გუნდს რელიგიური პოზიციებიდან უტევენ. გაზეთი სამსახურიდან დათხოვილი ჟურნალისტის ირმა ნიორაძის მონათხრობს გვთავაზობს, თუ როგორ მივიდნენ 2004 წელს პირველ არხში ლევან რამიშვილი, ამჟამინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი, გიგი თევზაძე, ვასილ კომახიძე (ალბათ იგულისხმებოდა დეკანოზი ბასილ კობახიძე - რედ.), ნოდარ ლადარია, ლაშა ბუღაძე, თამარ კინწურაშვილი და როგორ შესთავაზეს ტელეარხის ჟურნალისტებს მათ მიერ შედგენილი გეგმის განხორციელება - მართლმადიდებელი ეკლესიისათვის „ძირგამომთხრელი“ დოკუმეტური ფილმების გადაღება. ნიორაძემ გაზეთს ამ გეგმის თეზისებიც კი გადასცა, რომლებიც ასე გამოიყურება: “სიწმინდეების განადგურების ფაქტები კათოლიკური ეკლესიის მაგალითზე მესხეთში; კულტურული მემკვიდრეობა და ფანატიკოსები; ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, ტენდენციები, დაჯგუფებები საპატრიარქოში (ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად); სულიერი ტრეფიკინგი - ფანატიკოსი მსახურების ზეწოლა მრევლზე; რელიგია და სკოლა, რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლებში - 111-ე საშ. სკოლაში ოთხშაბათს და პარასკევს სიცილი იკრძალება; ეკლესია და დანაშაულებრივი სამყარო; ე.წ. წინასწარმეტყველებები და გამოცხადებები; რეპორტაჟი „ჯოჯოხეთიდან“ (მოუნათლავი ბავშვების უგულველყოფა); რა პრობლემები აქვთ განსხვავებული რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს საქართველოში; დასასრულ, ყველაფერი ქართული ეკლესიის ქების ფონზე უნდა გაკეთდეს. მოვერიდოთ სიტყვას „დაპირისპირება“ .“
საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, განუცხადა გაზეთს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია: „თავისუფლების ინსტიტუტის“ გათვლებით, ეკლესიის დისკრედიტაცია უნდა მომხდარიყო, თანაც ეკლესიის ქების ფონზე“.
სოზარ სუბარი და თამარ კინწურაშვილი, რომელთაც გაზეთმა მიმართა განმარტებისათვის, უარყოფენ ნიორაძის მონათხრობს, ლევან რამიშვილმა კი გაზეთისთვის ასეთი განცხადება გააკეთა: „როგორც ჩანს, სამუშაოს დაკარგვამ ძალიან ბევრი ადამიანი ფსიქიკური აშლილობით დააავადა... როგორ წარმოგიდგენიათ, ჯოჯოხეთიდან პირდაპირი რეპორტაჟის დავალება?“
„24 საათი“, 27.03.06.
ნოდარ ლადარია
მალხაზ სონღულაშვილი: თვით ქართული ენაც თავისუფლების სიმბოლოა
გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუს ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილთან, რომელიც მართლმადიდებელ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან და რელიგიურ საკითხთა შემსწავლელი ცენტრის დირექტორ ვლადიმირ გოგიაშვილთან ერთად გამოაძევეს მინსკიდან, სადაც მათ პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს დაუჭირეს მხარი. ბ-ნი ნოდარ ლადარია ვარაუდობს, რომ ბევრს გაუჩნდა კითხვა: „რა ესაქმებოდათ რელიგიურ მოღვაწეებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ მიტინგებზე?“ და ამ კითხვას უსვამს მთავარეპისკოპოსს, რომელიც პასუხობს: „როგორც ქრისტიანებმა, ადამიანებმა და მოქალაქეებმა, გამოვხატეთ თანადგომა იმ ხალხის მიმართ, რომელიც ეს-ესაა იღვიძებს, რათა მოიპოვოს თავისუფლება, კარი გაუხსნას დემოკრატიას და შეძლოს საკუთარი ღირსების დაცვა. მახსოვს, იგივე აინტერესებდათ დაკითხვაზე ბელორუსის სუკის თანამშრომლებს. მაგრამ, რამდენად გამართლებულია ეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვით სასულიერო პირის ინტერესები ტაძრის კედლებით უნდა იყოს შემოსაზღვრული? გავიხსენოთ, რომ მხოლოდ წარმართები ზღუდავდნენ ქურუმის კომპეტენციას ტაძრის კედლებით... მაგრამ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია, მაშინ ღვთისმსახური იქ უნდა იყოს, სადაც არის ადამიანი, თანაც ყველაზე დამცირებული, შეურაცხოფილი, დაჩაგრული და საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანი. სწორედ იქაა ყველაზე საჭირო ქრისტიანის სიტყვა და სულიერი სიმხნევე.“
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
მართლმადიდებლური გამოცემების ისევ ეთნონაციონალური სულისკვეთებით არის გამსჭვალული. მისი მთავარი თემა ისევ წარსულისა და ტრადიციული ფასეულობების ქება-დიდებაა, მონარქიზმის ქადაგების ჩათვლით.
სხვა რელიგიების კრიტიკა თოთქმის არ გვხვდება, ერთი რეციდივის გარდა - საპატრიარქოს გაზეთი „კანდელი“ თავს ესხმის კათოლიციზმსა და ვატიკანის მე-II კრებას.
![]() |
2.1 პატრიოტიზმი და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული ქადაგეებების ნაწყვეტებში, რომლებსაც ჟურნალი „კრიალოსანი“ აქვეყნებს (ნომრის მთავარი თემა პატრიოტიზმია), ნათქვამია: „ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილმხვდომილობა და სხვა. ალბათ, ამით უნდა ავხსნათ იოანე ზოსიმეს სიყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობიობა ქართული ენით განისჯება“ („კრიალოსანი“, №3, მარტი, 2006).
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის გაზეთი - „აღმსარებელი“ აქვეყნებს ამავე ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს ინტერვიუს სახელწოდებით - „სტუდენტობიდან მაინტერესებდა წმინდა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის საკითხი“. „დღეისათვის არსებული მონაცემებით, აწყურისა და ე.წ. ზადენგორას ადგილას, სოფ. ბენარის ახლოს, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები, ეთნოლოგიური და ტოპონიმიკური მონაცემები გვაძლევენ იმის თქმის საფუძველს, რომ წმინდა ანდრია მოციქული ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და არა ერთხელ. არის აზრი, რომ სამჯერ მაინც“.… მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილი არ ცნობდა ამ ფაქტს მეცნიერულად დასაბუთებულად, ამბობს მეუფე, მრავალ სხვა მეცნიერს „ეჭვიც არ შეპარვია ამ საკითხთან დაკავშირებით.“ ასეთებად იგი მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, პროფესორ დევი ბერძენიშვილს და არქეოლოგ ვახტანგ ლიჩელს ასახელებს.
მეუფის თქმით, რუსეთში გამომავალ „მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში“ ეს საკითხი „სწორადაა ასახული, თუმცა ბოლომდე დამტკიცებულად ამ ფაქტს მაინც არ მიიჩნევენ“. ეს მაშინ, ამბობს მეუფე სტეფანე, რომ იმავე ენციკლოპედიაში „ღიად“ არაა დატოვებული ისეთი საკითხები, როგორც წმ. ანდრიას გამოჩენა კიევის მიდამოებში, უფრო მეტიც, კინაღამ მოსკოვამდე მისი ჩასვლა და იქ ქადაგება“ („აღმსარებელი“, №1, მარტი, 2006).
„კრიალოსანში“ გამოქვეყნებული წერილის „ქართველი ერის წინაპრებისა და თავდაპირველი სამშობლოს შესახებ“ ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ რატიანი გამომდინარე სიმონ ჯანაშიას თეორიიდან ქართველთა შუმერული წარმოშობის შესახებ და ტოპონიმური ელემენტების გამოკვლევით ასკვნის, რომ „ჩვენი თავდაპირველი სამშობლო გაშლილი იყო მესოპოტამიის, მცირე აზიის, კავკასიის მთებსა და უკიგეგანო ველებზე“. ქართველთა წინაპრების საცხოვრისად ავტორი დღევანდელ კრასნოდარის მხარესა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ტერიტორიებსაც ასახელებს („კრიალოსანი“, №3, მარტი, 2006).
იგივე ჟურნალი აქვეყნებს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორეს (ამბროლაძის) მოსაზრებებს საქართველოს წარსულზე, დღევანდლობაზე და მომავალზე. დეკანოზი საქართველოს დაკარგულ ისტორიულ ტერიტორიების საკითხს ეხება და უყოყმანოდ აცხადებს: „ჩვენმა ხალხმა უნდა შეძლოს დააკრგული მიწების დაბრუნება. გვიხმობს სამშობლომონატრებული ეროვნული საუნჯეები: ბედია, ილორი, ახალი ათონი, კომანი, ოშკი, ბანა, ხახული, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ქურმუხი, ახტალა და ა.შ.“ („კრიალოსანი“, №3, მარტი, 2006).
![]() |
2.2 მესიანიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველომ არა მხოოლოდ თავისი თავი, თავისი ერი, არამედ სხვებიც უნადა მოაქციოს და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს. ეს არის ქართული მისია, ეს არის ჩვენი ერის მოვალეობა“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის ქადაგებში ღირსი მამა შიო მღვიმელის ხსენების დღეს შიომღვიმის მონასტერში 2006 წ-ის 2 მარტს. („საპატროიარქოს უწყებანი“, №11, 23-29 მარტი, 2006).
![]() |
2.3 სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატროიარქოს უწყებანის“ რუბრიკა „ქრონიკა, ინფორმაცია“ - იტყობინება, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოში გარემოსა და ბუნების დაცვის რესურსების მინისტრი გიორგი პაპაუაშვილი მიიღო. საუბარი, გაზეთის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს შეეხო. შეხვედრას ეკლესიის რამდენიმე იერარქიც დაესწრო („საპატროიარქოს უწყებანი“, №9, 9-15 მარტი, 2006).
2006 წ. 1 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია და იუსტიციის სამინისტროს შორის დადიდო შეთანხმება, რომელიც პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. „საპატროიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს შეთანხმების სრულ ტექსტს, რომლის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საპატრიარქო, იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ორგანიზებას გაუწევს არამართლმადიდებელ პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავდებულთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“ („საპატროიარქოს უწყებანი“, №8, 2-8 მარტი, 2006).
![]() |
2.4 საპატრიარქო და მედია |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ წერს, რომ 14 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საპატრიარქოში გააკეთა განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაუწყებლობის თანამშრომელთა ცნობით, მათი ხელმძღვანელები დევნიან იმ მუშაკებს, რომლებიც „ამა თუ იმ ფორმით ეხებიან რელიგიურ თემატიკას, ტელევიზიაში რელიგიური სიმბოლიკის აკრძალვა ხდება.“ ტელეარხის თანამშრომლები, მისი თქმით, აღნიშნავენ, რომ მაუწყებლობის ხელმძღვანელი მუშაკები თამარ კინწურაშვილი და ხათუნა კვესელავა სასულიერო პირების ტელეეკრანზე გამოჩენის წინააღმდეგნი არიან. დეკანოზმა განაცხადა, რომ ტელეარხის ხელმძღვანელების მოთხოვნით მასაც აღარ იწვევენ გადაცემაში „სარჩევი“, რომელშიც ადრე მონაწილეობას იღებდა.
ყოველივე ამის გამო ბოტკოველმა გაკვირვება გამოთქვა საპატრიარქოს სახელით, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობა „მისივე წესდების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, რომლის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელია.“
ამ პრესკონფერეციის შემდეგ კათოლიკოს-პარტიარქ ილია II-ს ეწვივნენ თამარ კინწურაშვილი და ხათუნა კვესელავა, რომლებმაც „სცადეს ყველა ზემოთ ხსენებული ბრალდება განაწყენებული თანამშრომლების დაუსაბუთებელ საჩივრებად წარმოედგიონათ, ხოლო ტრანსლაციის შეფერხების მიზეზად ტექნიკური მიზეზები დაესახელებინათ, თუმცა საზოგადოებრივი ტელეარხის წინასწარ გაცხადებულ პროგრამაში საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება არ იყო გათვალისწინებული“ („საპატროიარქოს უწყებანი“, №10, 16-22 მარტი, 2006).
![]() |
2.5 მართლმადიდებელი ეკლესია და მონარქიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ ბეჭდავს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის წერილს „ენა, მამული, სარწმუნოება და მონარქია“. ავტორის მიხედვით, „მართლმადიდებელი სახელმწიფოსათვის“ მონარქია ერთადერთი ჰარმონიული სახელმწიფო მოწყობაა, სადაც „ცხებული მეფე ეკლესიის მამათა მიერ იწოდება გარე ეპისკოპოსად, ხოლო მღვდელმთავარი, ჩვენს შემთხვევაში, კათოლიკოს-პატრიარქი ივერიის ეკლესიისა, არის შინაგანი ეპისკოპოსი... აღდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, ... გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა.“ თავის პოზიციის განსამტკიცებლად მამა არჩილი რუსი წმინდა მამების გამონათქვამებს იშველიებს.
![]() |
2.6 საპატრიარქოს სტუმრები |
▲ზევით დაბრუნება |
19 მარტს საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მისი თანმხლები პირები. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე ისუბრეს („საპატროიარქოს უწყებანი“, №11, 23-29 მარტი, 2006).
![]() |
2.7 მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანის“ რუბრიკაში - „ქრონიკა“ განთავსებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რომის პაპმა ბენედიქტე VIII-მ თავისი ცხრა ტიტულიდან ერთ-ერთზე უარი თქვა - ამიერიდან იგი აღარ იწოდება „დასავლეთის პატრიარქად“. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, წერს „უწყებანი“, პაპმა ეს ნაბიჯი მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად გადადგა („საპატრიარქოს უწყებანი“, №9, 9-15 მარტი, 2006).
გაზეთ „კანდელის“ პუბლიკაციში, „განსხვავებული თავისებურებანი მართლმადიდებელ და რომაულ-კათოლიკურ სარწმუნოებათა შორის“ (ავტორის ვინაობა მითითებული არ არის), კათოლიციზმი შემდეგნაირადაა შეფასებული: „ლათინთა მიერ ახალი წესების შემოღების მთავარი მიზეზია სულიერი ამპარტავნება და რომი-ვატიკანის მისწრაფება მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიიღოს უპირველესი და ხელმძღვანელი როლი და დაიმორჩილოს ყველა ქრისტიანი, პირველ რიგში - მართლმადიდებელი. ... ვატიკანის II კრებაზე (1962-65 წწ.) მიღებულ იქნა პრინციპულად ახალი სწავლება ეკლესიის, ღმერთის ღვთიური გამოცხადების და ადამიანთა ხსნის შესახებ. ამ სწავლებამ რომაული კათოლიციზმი ერეტიკული სწავლებიდან ახალ, ანტიქრისტიანულ წარმართულ რელიგიად გადააქცია.“ რას წარმოადგენს ეს „ახალი“ სწავლება, პუბლიკაციაში მითითებული არ არის. („კანდელი“ №10, 31.03-6.04. 2006).
![]() |
2.8 ინციდენტი ახალქალაქში |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს ინფორმაციას ახალქალაქში მომხდარი იციდენტის შესახებ, როდესაც რამდენიმე ასეულმა სომხური წარმომავლობის მოქალაქემ მონასტერში იარაღის საწყობის არსებობის საბაბით ყუმურდო-ახალქალაქის ეპარქიაში შეჭრა სცადა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეთა დელელეგაციას დაათვალიერებინეს ეპარქიის შენობა, სადაც იარაღი არ აღმოჩნდა, მიტინგი დაიშალა. „სამწუხაროდ, - წერია ინფორმაციაში, - სომეხი ეროვნების წარმომადგენლებმა, რომლებიც შენობაში პოლიციასთან ერთად იმყოფებოდნენ, ხელი არ მოაწერეს დათვალიერების ოქმს... თუმცა მათი მხრიდან ბრალდებები და შეურაცხყოფა შეწყდა.“ დაბოლოს, საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, „რომ ეს ფაქტი ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობას ქართულ მიწაზე ხელს არ შეუშლის“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №10, 16-22 მარტი, 2006).
![]() |
2.9 ასტროლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პუბლიკაცია „სვეტიცხოვლოს ფრესკის ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალის“ ავტორი, თბილისში მდებარე ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ბიძინა გუნია, უარყოფს ზოგიერთი მეცნიერის, კერძოდ ზ. ქორქაშვილის („ბიბლიურ პატიოსანთა ქვათა და ეტლთა შსახებ“, თბილისი, 2005 წ.) და სხვების აზრს, რომ ქრისტიანობა არ უარყოფდა ასტროლოგიას და ამის საბუთად სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები მოჰყავს. მამა ბიძინა საღვთო წერილის მოშველიებით ასაბუთებს, რომ ეკლესია არ უარყოფს ზოდიაქოს ნიშნების გამოსახულებას, არამედ „ამხელს ღვთის მიერ ბიბლიურ მეოთხე დღეს შექმნილი ციური მნათობების მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობას, ვარსკვლავთმისნობას“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №№10-11, 16-22 - 23-29, მარტი, 2006).