„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემის რესტავრაცია დასრულდა
 01/07/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსნის" მოოქროვილი ყდა აღადგინა. ჩვენმა რესტავრატორებმა მოოქროვილი ყდის აღდგენის ეს მეთოდი პირველად გამოიყენეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.  

„საუბარია 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანზე". ეს არის ვახტანგ VI სტამბაში 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის პირველი რედაქტირებული გამოცემა. ეს სამუშაო ჩაატარა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რამდენიმე ადამიანი. კომისიის წევრებს შორის იყვნენ გრიგოლ ორბელიანი, იონა მეუნარგია, ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები. გამოცემის ყდა გრიგოლ ტატიშვილის მიერ შექმნილი ორნამენტებით მოიხატა, რომელიც შეიქმნა ქართული ეკლესია-მონასტრების ორნამენტების მიხედვით. ორნამენტები ოქროსფრად იყო დატანილი სპეციალურ საგამომცემლო ნაჭერზე - კოლენკორზე. ოქრო ჩაწნეხილი იყო ყდაში, მაგრამ დროთა განმავლობაში პირვანდელი სახე დაკარგა. ჩვენ გავაცოცხლეთ და ამოვიყვანეთ ოქრო ისე, როგორც თავდაპირველად, 1888 წელს იყო. არ მეგონა, თუ ჩვენი ლაბორატორია ამას შეძლებდა. ეს გააკეთა ჩვენმა რესტავრატორების ჯგუფმა. განსაკუთრებით დასაფასებელია ნინო ჩიმაკაძის ღვაწლი. ჩვენმა თანამშრომლებმა უცხოელი კოლეგების გამოცდილება და შედეგები შეისწავლეს, გაიზიარეს და პირველად და თან წარმატებით შეძლეს ამ რთული სამუშაოს ჩატარება. საქართველოში მე აქამდე არ მინახავს ამ დონეზე რესტავრირებული ყდა. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ჩვენი ლაბორატორიის უფროსი ნატალია ელიზბარაშვილი. ჩვენმა რესტავრატორებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიარეს სტაჟირება თურქეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. მომავალში ვაპირებთ ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის გამოცდილების გაზიარებას. ეს წიგნი არის მთელი ჩვენი გამოცდილების საუკეთესოდ გამოყენების ნიმუში", - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.

„კოლენკორი ნიშნავს პოლიგრაფიულ მასალას (ქსოვილს), რომლისგანაც მზადდება წიგნის ყდა. 1888 წლის გამოცემაზე ცხელი მოოქროვების მეთოდით იყო დატანილი ორნამენტები, რომელიც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა, ზოგ ადგილას კი საერთოდ გაქრა. 1888 წლის „ვეფხისტყაოსნის" ყდა მთლიანად აღდგა და რაც მთავარია, მოოქროვებამაც დაიბრუნა პირვანდელი სახე. ამ ტიპის ყდის ამ მეთოდით აღდგენა პირველად გავაკეთეთ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა", - განაცხადა ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსმა ნატალია ელიზბარაშვილმა.