სოფელ ეშტიის სომხურ სკოლას ახალი წიგნები გადაეცა
 27/06/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია თანამშრომლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.

ამ პოლიტიკის ნაწილია ეთნიკური უმცირესობებისთვის გამართული სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები და პროექტები. ერთ-ერთი მიმართულებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, ამ სოფლების სკოლების ახალი წიგნებით მომარაგება.

25 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის სომხურ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ქართული წიგნები, როგორც მხატვრული, ისე შემეცნებითი ლიტერატურა გადასცეს.

სკოლაში გაიმართა შეხვედრა, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნირების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ და სკოლის დირექტორმა ნანე ოვსეპიანმა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.