ეროვნულ ბიბლიოთეკას სომხეთის ელჩი ესტუმრა
 30/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს, საელჩოს დიპლომატსა და მესამე მდივანს ავეტიქ ჰარუთუნიანსა და საელჩოს მრჩეველს ვაჰაგნ ტონოიანს შეხვდა.

კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე, ისტორიულ კავშირებზე.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის 15 000 სომხური გამოცემა ინახება. ეს არც ისე ცოტაა. უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოში სომხურად გამოცემული ლიტერატურის კატალოგზე მუშაობა. ჩვენ ასევე გვაქვს სურვილი, მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს ერევანში ჩვენს კოლეგებთან. მზად ვართ გავაფორმოთ თანამშრომლობის მემორანდუმი სომხეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.   

საქართველოში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ერევანში მიიწვია. დაიგეგმება ვიზიტი სომხეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში და მხარეებს შორის მემრანდუმი გაფორმდება.

ასევე დაიგეგმა სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენის მოწყობა.