დუზჯეს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
 28/06/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვივნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა შეხვედრეები გამართეს თუქრეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში გაიხსნება ქართული წიგნის კუთხე. ამით ეროვნული ბიბლიოთეკა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ახალი ძალებითა და სტრატეგიით იწყებს.

დუზჯეს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კავკასიური ენებისა და კულტურის ცენტრი. ცენტრის ბაზაზე არსებობს ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც პროფესორი მაკა სალია ხელმძღვანელობს. ცენტრში მუშაობენ: პროფესორი მარიამ ლომაია, ფილოლოგიის დოქტორი მარიამ სულხანიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი ფევზი ჩელები. ცენტრში გაიმართა შეხვედრები და შემუშავდა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელი გიორგი ირემაძე და ქართულ ანსამბლ „ქაფდაღის" ხელმძღვანელი იბერია მელაშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქალაქ დუზჯეში მცხოვრებ  მრავალრიცხოვან ქართველთა საზოგადოებას. დაიგეგმა დუზჯეში მცხოვრები ახალგაზრდების საქართველოში ჩამოყვანა.