გაზეთ „კავკაზის“ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები დასრულდა
 24/06/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ კიდევ ერთი დიდი პროექტი განახორციელა - დასრულდა გაზეთ „კავკაზის" (1846-1918) 224 შეკვრის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. თითოეული შეკვრა მოიცავს რამდენიმე თვის ან ერთი წლის ნომრებს.

შეკვრების ნაწილს შეუნარჩუნდა თავისი ყდა, უმეტესობას კი ახალი, უნიკალური ტყავის ყდა გაუკეთდა, გამოყენებულია რელიეფური ყუის დამზადების მეთოდი და მოოქროვება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი გაზეთ „კავკაზის" სრულ კოლექციას ინახავს, რომელიც ამჟამად მთლიანად აღდგენილია.  

გაზეთ „კავკაზის" ნომრები გაციფრებულია და ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა www.nplg.gov.ge განთავსებული. ბაზაზე წვდომა თავისუფალია და მომხმარებელი მას აქტიურად იყენებს. ამდენად, გაზეთის შეკვრები იშვიათად გაიცემა მკითხველზე.   

სრულყოფილი ელექტრონული ბაზა და ყველა თანამედროვე მეთოდისა და წესის დაცვით შესრულებული კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები არის იმის პირობა, რომ გაზეთ „კავკაზის" უნიკალური კოლექცია შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს.

შეგახსენებთ: გაზეთი „კავკაზი"კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვის ინიციატივით 1846 წლიდან გამოდიოდა. პერიოდული გამოცემა 1918 წლამდე ასახავდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.