ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკული არქივები და ლიტერატურა საჩუქრად გადმოეცა
 15/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად მიიღო 47 ყუთი უახლესი სასწავლო, სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა დარგში, ასევე ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი, რომელიც მარუსია ჭავჭავაძემ და რიჩარდ ჯორჯიანმა გადმოგვცეს და  რომელსაც ახლო მომავალში გაგაცნობთ.

წიგნები დაბეჭდილია ცნობილი გამომცემლობის, Nova Science Publisher-ის მიერ, რომელიც 1985 წელს ნიუ იორკში გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა. ფრანკ კოლუმბუსი მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ამჟამად Nova Science Publisher-ი წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს. საჩუქარი მისმა მეუღლემ, ნადია კოლუმბუსმა გადმოგვცა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც არის განთავსებული. უახლესი ლიტერატურა მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზში განთავსდება.