11-18 ივლისს გაეროს მაღალი დონის ფორუმი გაიმართა, რომელსაც გაეროს წევრი ქვეყნების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლობა ესწრებოდა. ფორუმი მიეძღვნა ქვეყნებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვას.
ფორუმს ესწრებოდა საბიბლიოთეკო ფედერაციის წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი, ფედერაციის ევროპის რეგიონის კომიტეტის წარმომადგენელი მაია სიმონიშვილი. წარმომადგენლობის მიზანი იყო გაეროს ფორუმზე მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში ბიბლიოთეკების როლის წარმოჩენა და გააზრება. წელს პირველად ამ თემაზე საქართველოს მიერ წარმოდგენილ მოხალისეობრივ მიმოხილვაში იყო აღნიშნული საქართველოს ბიბლიოთეკების საქმიანობა, რამაც დადებითი შეფასება მიიღო. იმ დროს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ქვეყნების მდგრადი განვითარებისთვის ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების ხელშეწყობაზე, ბიბლიოთეკების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. შეხვედრები ითვალისწინებდა საბიბლიოთეკო საქმიანობის შეზღუდული აღქმის გაფართოებას, ორგანიზაციების პარტნიორობასა და მთავრობების მხრიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრები შედგა ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის, არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ფედერაციის შუა აღმოსავლეთის ქვეყნების კომიტეტის, აფრიკისა და ევროპის რეგიონული კომიტეტების მონაწილეობით. შეხვედრა მიზნად ისახავდა ნიუ-იორკში, გაეროს ცენტრალურ შტაბბინაში, დიპლომატთა მონაწილეობას ბიბლიოთეკების ხელშეწყობის საქმეში.
ფორუმის ფარგლებში შედგა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა გაეროსთან არსებული, მსოფლიო ბიბლიოთეკების მეგობართა ჯგუფის შექმნას. შეხვედრას, რომელიც არგენტინის ოფისში გაიმართა არგენტინისა და ირლანდიის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა მასპინძლობდა. ფორუმის ფარგლებში შედგა განხილვები, თუ რა არის საჭირო, რათა მომდევნო ოთხწლეულში ბიბლიოთეკების საქმიანობა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
გაეროსთან არსებული საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის (IFLA) ბიბლიოთეკების ადვოკატირების პროგრამა მიზნად ისახავს კულტურისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის როგორც მდგრადი განვითარების მიზნის წარმოჩენას გაეროს დღის წესრიგში.
მნიშვნელოვანია დიგიტალური ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა კულტურა და ცოდნა ქვეყნებში მდგრადი განვითარების რეალური პირობა იყოს. ამ მხრივ, ბიბლიოთეკების როლი ყველა ქვეყანაში უნივერსალური აღმოჩნდა.