დიანა ანფიმიადისა და სალომე ბენიძის თარგმანების პრეზენტაცია
 01/05/2024

10 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისა და ლონდონის პოეზიის ცენტრის ორგანიზებით, პოეზიის საღამო „ქალი პოეტები თარგმანში" ჩატარდება.

 დიანა ანფიმიადი და სალომე ბენიძე პოეტურ კრებულებს ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოგვიდგენენ. ხოლო მთარგმნელები, ნატალია ბუკია-პიტერსი, ჰელენ მორტი და ჯინ სპრაკლენდი შემოქმედებითი თარგმანის შესახებ ისაუბრებენ.  მათი თარგმანები უორვიკის ყოველწლიური დაჯილდოების სიაში, აღინიშნა. 

დიანა ანფიმიადის რატომ აღარ ვწერ ლექსებს ქართულად და ინგლისურად 2022 წელს გამოიცა. ინგლისურად ლექსები ნატალია ბუკია-პეტერსმა და პოეტმა ჯინ სპრაკლენდმა თარგმნეს. აღსანიშნავია, რომ რატომ აღარ ვწერ ლექსებს ავსტრიულმა გამომცემლობამაც დაბეჭდა და კრებულმა გერმანულენოვანი მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა. დიანა ანფიმიადი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. 2009 წელს პოეტური კრებულისთვის შოკოლადი წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში დიანამ პრემია "საბა" მიიღო. 2008 წელს ანფიმიადი გალას კონკურსის ნომინანტი და პრემია წეროს გამარჯვებული გახდა.

სალომე ბენიძე ავტორია პოეტური კრებულებისა: „ჩემი გაზაფხული" (1993), „საქართველოს ლაჟვარდი" (1994), „ნუ მომთხოვ დუმილს" (2002), „მოხსენებითი ბარათი" (2011) და „ამბავი უძინართა" (2013). გამოცემული აქვს პოეტური თარგმანების კრებული (ბერნსი, უაილდი, რილკე, პუშკინი, ლერმონტოვი); თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი მხრიდან", ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი „ოქროს გალია". 

პოეზიის თარგმანის ცენტრი, რომლის ინიციატივითაც საღამო იმართება,  (PTC) 2004 წელს პოეტმა სარა მაგუაიერმა დააარსა. ცენტრის შექმნის მიზანი იყო თარგმანების საშუალებით ინგლისური პოეზიის გამდიდრება. 2004 წლიდან ცენტრმა 20 ორენოვანი კრებული გამოაქვეყნა. 

პოეტებთან შეხვედრა ვირტუალურად გადაიცემა ნიუკასლის თეატრის "Northern Stage" აუდიტორიისთვის და იგი ნიუკასლის პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია ინგლისის ხელოვნების საბჭო.