1924 : ასი წელი აჯანყებიდან : [კრებული]
 31/10/2024

1924 წლის აგვისტოს აჯანყებიდან ასი წელი გავიდა. ეს ისტორიული თარიღი წელს საქართველოში ფართოდ აღინიშნება, მაგრამ იყო დრო, როდესაც მისი ხსენება ჩვენში საგანგებოდ იკრძალებოდა. მკაცრად იყო გასაიდუმლოებული აჯანყებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და საარქივო მასალა. აჯანყება დიდხანს უსამართლოდ იყო მიჩნეული „მენშევიკურ კონტრრევოლუციურ ავანტიურად". ეს გახლდათ ამ მოვლენის საბჭოური შეფასება და განაჩენიც, რომლის არათუ შეცვლა, კომუნისტურ პერიოდში გადასინჯვაც კი წარმოუდგენელი იყო. სინამდვილეში, აგვისტოს აჯანყება იყო ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის აზვირთებული საერთო-სახალხო შემართება, რომელმაც საქვეყნოდ ცხადყო, რომ ქართველი ერისთვის თავისუფლება არა უბრალოდ, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომ საქართველო ვერ იგუებს და არ შეურიგდება თავსმოხვეულ საბჭოურ რეჟიმს. წინამდებარე წიგნში, რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ასი წლისთავის აღსანიშნავად გამოდის, იბეჭდება ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით მომზადებული პუბლიკაციები. მათი ერთად გაცნობა მკითხველს საშუალებას მისცემს, პირველწყაროების მეშვეობით გაიფართოოს ცოდნა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შესახებ, უფრო ღრმად ჩაიხედოს ამ მოვლენის ლაბირინთებში და უკეთ გაითავისოს მისი არსი.