ინტერკულტურული სივრცე: რუსთაველი და ნიზამი : [მონოგრაფია]
 04/06/2024

საქართველოში რუსთველოლოგიური კვლევების დიდი ტრადიცია არსებობს, მაგრამ ყოველი ეპოქა ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. რუსთველოლოგიაც, წინ მიიწევს, ითხოვს ახალი ხედვების დანერგვას, კვლევის ჰორიზონტების გაფართოებას, კონცეპტუალურ და სტრუქტურულ ინოვაციებს. ნაციონალური ლიტერატურების მიმართების დადგენა მსოფლიო ლიტერატურულ სივრცესთან თანამედროვე საერთაშორისო ფილოლოგიური კვლევების უმთავრესი მიმართულებაა, განსაკუთრებით პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, რომელთაც სურთ გაიაზრონ საკუთარი, ნაციონალური ლიტერატურები იდეოლოგიური კლიშეებისა და ჩარჩოების გარეშე, საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე მონოგრაფია - ინტერკულტურული სივრცე - რუსთაველი და ნიზამი, რომელიც ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის უმთავრესი ძეგლის - ვეფხისტყაოსნის - კვლევას შუასაუკუნეების აღმოსავლური მწერლობის კონტექსტში, კონკრეტულად, რუსთაველის თანადროული დიდი აღმოსავლელი პოეტის ნიზამი განჯელის შემოქმედებასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით წიგნში განხილულია მათი შემოქმედების ძირეული პრობლემები, მათი თანხვედრის ტიპოლოგიური არსი, მეორე მხრივ, ის ისტორიულ-კულტურული თუ ლიტერატურულ-ესთეტიკური ფაქტორები, რომლებიც, განაპირობებს მათ შორის განსხვავებას. ეს კი გულისხმობს პროცესის თეორიულად გადააზრებას და საკვლევი პრობლემატიკის სოციალურ აქტუალიზებას, რაც, როგორც ცნობილია, თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.