შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
დიმიტრი სესიაშვილი
ბიოგრაფიადიმიტრი სესიაშვილი დაიბადა 1864 წელს სიღნაღის მაზრაში. იგი თავის ძმასთან, მიხეილ სესიაშვილთან ერთად, იყო კომპანია "ძმები სესიაშვილების" დამაარსებელი. მათ ჰქონდათ საწარმოები საქართველოსა და აზერბაიჯანში: სათაო კანტორა თბილისში, ვაგზლის ქ. N6–ში, სადაც აწარმოებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს; გეოქჩაში – კონიაკის სპირტის სახდელი ქარხანა, კარდანახში – კახური ღვინოების მარანი, სადგურ უჯარაში – ხორბლის სპირტსახდელი ქარხანა და ფილიალები – სტამბულსა და ბათუმში. ძმები სესიაშვილები აწარმოებდნენ ფართო ასორტიმენტის პროდუქციას. ჰქონდათ კახური წითელი და თეთრი ღვინოები, ხორბლის, ყურძნის, ყავის სპირტები, სხვადასხვა სახის ხორბლისა და ჭაჭის არაყი, მათ შორის "Железно-Дорожное", "Столовое №50", "Флотское", "Столовое вино №101". აწარმოებდნენ, ასევე, სპეცდანიშნულების მაგარ სასმელებს – კონიაკს, რომს, ბალზამს, აბსენტს; ტკბილი სასმელებიდან ლიქიორებს – ვარდის, მოცხარის, გარგრის, პიტნის, ლიმონის, ალუბლის; მწარე არომატის სასმელებიდან – "ინგლისურ მწარეს", "ქინაქინას", "ზუბროვკას"; კიევური სასმელიდან – "ნალივკას" და "სპოტიკაჩს". აღნიშნული სასმელების დასამზადებლად ჩამოჰყავდათ ფრანგი სპეციალისტები, რომელიც ფრანგულ, შვეიცარულ და გერმანულ დანადგარებში ხდიდნენ სპირტებს და ამზადებდნენ ევროპაში ცნობილ სასმელებს. მათ ეხმარებოდნენ ქართველი თანამშრომლებიც. ისინი ფლობდნენ, ასევე, თბილისის სპირტის სარექტიფიკაციო ქარხანას. კომპანიას ჰქონდა საკუთარი ბოთლები და ეტიკეტები, რომლებიც იმ დროისათვის მაღალხარისხოვან პროდუქციად ითვლებოდა. ეტიკეტებზე წარწერები ფრანგულ და რუსულ ენებზე იყო. მათ ნაწარმს სხვადასხვა გამოფენასა და ბაზრობებზე მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა ღირსების ჯილდო. ძმები ქველმოქმედებიც იყვნენ. აფინანსებდნენ უცხოეთში ქართველ სტუდენტებს, ეხმარებოდნენ ქართულ თეატრს, თავიანთი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის მშენებლობაში, რისთვისაც სოლიდური თანხა გაიღეს. დიმიტრი და მიხეილი თბილისის მეწარმეთა და ვაჭართა გილდიის წარმომადგენლები იყვნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძმები გააკულაკეს, მთელი ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 303 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |