The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვარლამ ღვალაძე

ვარლამ ღვალაძე
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1944  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვარლამ ღვალაძე დაიბადა 1893 წელს, შორაპნის მაზრის სოფელ მორძგვეთში, მრავაშვილიან გლეხის ოჯახში.

   მან პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, საშუალო კი – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1923 წელს წაჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი.

   1924 წლიდან საქარის საცდელ სადგურში იწყებს მუშაობას, ხოლო იმავე წლის დეკემბრიდან მიიწვიეს ასისტენტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ენოქიმიისა და ღვინის მიკრობიოლოგიის განხრით, სადაც ბეჯითი შრომით გამოიჩინა თავი და 1924 წელს მივლინებულ იქნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში, აკადემიკოს ს.პ. კოსტიჩევთან. ლაბორატორიაში მუშაობის წლებში დუღილის პროცესთა კვლევა ვ. ღვალაძისათვის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად სფეროდ იქცა. შემდგომში, აღნიშნულ შრომებს აქვეყნებს ცნობილ ფრანგულ და გერმანულ სპეციალიზირებულ ჟურნალებში.

   1930 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება და დაევალა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრაზე წაეკითხა ენოქიმიისა და ღვინის მიკრობიოლოგიის კურსი.

   1932 წელს გამოიცა ღვალაძის მიერ შედგენილი ენოქიმიის პირველი ნაწილი ქართულ ენაზე.

   1931–1935 წლებში ვ. ღვალაძე განაგებს ლაბორატორიას მებენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში.

   1936 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება, ხოლო 1937 წელს დაინიშნა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ბიოქიმიისა და ორგანული ქიმიის კათედრის გამგედ. სამეცნიოერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმოებასთან, ეწეოდა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას. 1939 წლიდან არჩეული იყო საქართველოს ქიმიკოსთა მენდელეევის სახალხო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ.

   1941–1943 წლებში იყო სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1943 წელს დაინიშნა იმავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში.

   1943 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1944 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

   ვარლამ ღვალაძე გარდაიცვალა 1944 წელს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 231 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქიმიკოსთა მენდელეევის სახალხო საზოგადოება , თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი